"არ შეგვიძლია ვიყოთ დამოკიდებული რუსულ გაზზე, უნდა დავიცვათ თავი რუსული საფრთხისგან. ეს ეგზისტენციალურია ჩვენი უსაფრთხოებისთვის"
"სიმართლე ისაა, რომ ევროპა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებას. მათ შორის ისეთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, დათანხმდა და განსაზღვრა თავისი ეკონომიკური სტრატეგია რუსეთთან ურთიერთდამოკიდებულებაზე, შესთავაზა რუსეთს სრული დამოკიდებულება რუსულ გაზზე საკუთარი ეკონომიკის გასავითარებლად. გერმანელებმა მილიარდების ინვესტიცია ჩადეს ე.წ. ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ასაშენებლად, რათა მათი ეკონომიკური ზრდა რუსულ გაზზე ყოფილიყო დაფუძნებული.
წლების განმავლობაში საფრანგეთი და გერმანია ხელმძღვანელობდნენ ე.წ. მინსკის პროცესს. 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგაც კი, 2014 წელს ყირიმში შემოჭრის შემდეგაც კი, ევროპა ცდილობდა გაეგრძელებინა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. საბოლოოდ, 2022 წელს ჩვენ მივხვდით: რუსეთს არ სურს ევროპასთან თანამშრომლობა. რუსეთს არ სურს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა... ჩვენ აღარ შეგვიძლია ვიყოთ გულუბრყვილოები. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ დამოკიდებული რუსულ გაზზე და უნდა დავიცვათ თავი რუსული საფრთხისგან. ეს ეგზისტენციალურია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მეტ დროს ვეღარ დავკარგავთ.
ახლა ვიცით, რომ მსოფლიოს სხვა ძალებს, მათ შორის ჩვენს ტრადიციულ მოკავშირეებს, ზოგიერთ მათგანს ვეღარ ვენდობით, ამიტომ თავად უნდა ჩავდოთ ინვესტიცია საკუთარ უსაფრთხოებაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, მომავალში რუსეთთან ერთად უნდა განვიხილოთ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რადგან გეოგრაფიას ვერ შეცვლი და რუსეთი ჩვენს მეზობლად დარჩება. თუმცა, ჩვენი სურვილია, რომ ის იყოს მშვიდობიანი მეზობელი და არა საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის“ - თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.