"ამას მივიჩნევ, როგორც ერთგვარ ზეწოლას და სუბიექტური აზრების თავს მოხვევას სინოდის წევრებზე"
"მინდა გამოვეხმაურო ჩემს ქრისტესმიერ უფროს ძმას, ღრმად პატივცემულ მღვდელმთავარს, რომლის მიმართაც ნამდვილად გამაჩნია დიდი პატივისცემა მისი მრავალი ღირსების გამო.
რადგანაც სიტყვა საჯაროდ ითქვა, მეც შევბედავ და თუკი კადნიერებაში არ ჩამომართმევს მივმართავ მას.
ძველი ქართული-ხალხური სიბრძნე ამბობს - "კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა." მხედველობაში მაქვს ასევე პატივცემული მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ იობის სიტყვა ღვთივგანსვენებული პატრიარქის ღვაწლის შესახებ, სადაც ციტატა გააგრძელა სიტყვებით, რომ "დასრულდა ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა", ამით მან ხაზი გაუსვა პატრიარქის ეპოქალურ პიროვნებას და მისი მოღვაწეობის პერიოდს თავისი განსაკუთრებული სახით.
(აქვე შეგახსენებთ სიტყვა "ეპოქის" მნიშვნელობას: ეს ნიშნავს დროის შედარებით დიდ მონაკვეთს, რომელიც გამორჩევა თავისი მნიშვნელოვანი ნიშნით - ისტორიული მოვლენებით, კულტურით, მეცნიერებით და საზოგადოებრივი ცვლილებებით.)
სამწუხაროდ, როგორც ხშირად სჩვევია მასმედიას, მეუფის სიტყვა კონტექსტიდან იქნა ამოჭრილი. ამიტომ, კეთილგონივრული იქნებოდა, სანამ ძმას განვსჯიდეთ, გულისყურით მოგვესმინა.
ასევე, მიუღებელია დაემუქრო "მომავალში სინანულით და სასჯელით" შენს ძმებს, თუ ისინი ხმას არ მისცემენ ჩემთვის ასევე ღრმად პატივცემულ და ქრისტესმიერ ძმას - მოსაყდრეს.
ამას მივიჩნევ, როგორც ერთგვარ ზეწოლას და სუბიექტური აზრების თავს მოხვევას სინოდის წევრებზე. გაჟღერდა, რომ თითქოს პატრიარქი საუბრობდა პირდაპირი მემკვიდრის შესახებ, რის თაობაზეც არაფერი იცოდა მინიმუმ 35-მა მღვდელმთავარმა.
მის უწმინდესობას, ღვთივგანსვენებულ პატრიარქს ყველა მღვდელმთავრის მიმართ ჰქონდა სულიერი მამა-შვილური ურთიერთობა და იმხელა დამსახურება და ამაგი, რომ არაოფიციალურ გარემოში შეეძლო ჩვენი შეკრება და მისი პირადი სურვილის განდობა, მაგრამ ღვთივგანსვენებული ჩვენი პატრიარქი ასე არ მოიქცა, რადგან ჩვენგან განსხვავებით ღმერთზე მეტად მინდობა ჰქონდა და ღვთივსულიერ კანონებში ღრმად განსწავლულმა მის სულიერ შვილებს - მღვდელმთავართა კრებას თავისუფალი არჩევანი დაუტოვა.
დაე, უფალმა მოგვცეს გული გონიერი, რათა ჩვენს შორის მუდამ სუფევდეს სიყვარული, თანხმობა და ქრისტესმიერი ერთსულოვნება ამინ!" - წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი.