"2024 და 2025 წლების საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევისთვის პასუხისგებაში არ მიცემულა არც ერთი სამართალდამცავი"

"2024 და 2025 წლების საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევისთვის პასუხისგებაში არ მიცემულა არც ერთი სამართალდამცავი"

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტს აჯამებს.

"კომისარმა 2025 წლის იანვრის ვიზიტის შემდეგ გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინა, რომლებიც საჯარო დემონსტრაციების დროს სამართალდამცავი ორგანოებისა და უცნობი ნიღბიანი პირების მიერ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უკანონო დაპატიმრებებისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების ბრალდებებზე პასუხისმგებლობის არარსებობას ეხებოდა.

ის მიესალმება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცხადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც სამართალდამცავი უწყების ყველა თანამშრომელს მოსთხოვს თვალსაჩინო ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის ტარებას, თუმცა, შეშფოთებულია იმით, რომ 2024 და 2025 წლების საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევისთვის პასუხისგებაში არ მიცემულა არც ერთი სამართალდამცავი. შეხვედრებზე მან ქართულ მხარეს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ასევე, ხელისუფლებასთან საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა 2020 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოზე სამართალდამცავ ორგანოებში ნაკლებად ლეტალური იარაღის შესახებ. კომისარი მათ მოუწოდებს, რომ ეს სახელმძღვანელოები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის გაითვალისწინონ.

გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანების უფლებებზე მოქმედი სულ უფრო შემზღუდავი კანონმდებლობის შესახებ კომისარი აღნიშნავს ამ კანონების კუმულატიურ გავლენას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მას შემდეგ კიდევ უფრო შემზღუდავი ზომები მიიღო.

ხელისუფლებასთან შეხვედრებზე კომისარმა შეშფოთება გამოთქვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ჟურნალისტებზე „უცხოური გავლენის“ შესახებ რამდენიმე კანონის შემაშფოთებელ ეფექტთან დაკავშირებით, ასევე ათობით სამოქალაქო ორგანიზაციის წინააღმდეგ უცხოური დაფინანსების მიღებისა და/ან დამამძიმებელ გარემოებებში საბოტაჟში სავარაუდო მონაწილეობის გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეების შესახებ. კომისრის მიერ ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური შენიშვნები მომავალშიც იქნება წარმოდგენილი" - ნათქვამია ანგარიშში.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს 14 აპრილს ეწვია.