ბრალდებული დეკანოზი ალაპარაკდა: ვიცი, ციანიდი ვინც ჩადო. ეს ...
მეუფე იაკობი მართლაც თავიდან ბოლომდეა ჩახედული ამ საქმეში და მან კარგად იცის, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა. ეს ცილისწამებაა და მისი როლი ამ საქმეში მის სინდისზე იყოს. მიღმულ სამყაროში ხარისხი და წოდება არ არსებობს, არც ის იქნება ეპისკოპოსი და არც მე - დეკანოზი. უფალი განგვსჯის", - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის გაგზავნილ წერილში დეკანოზი გიორგი (მამალაძე) პატრიარქის ქორეპისკოპოს, მეუფე იაკობს, რომელმაც ქადაგებაში თქვა, რომ დეკანოზის საქმეს კარგად იცნობს და ნამდვილად პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა.
კითხვაზე, რატომ შეიცვალა პროკურატურის ვერსია, როდესაც მან მკვლელობის მომზადება ჯერ პატრიარქს, შემდეგ კი შორენა თეთრუაშვილს დაუკავშირა, დეკანოზი პასუხობს: "ცოტა დაიბნენ, აღარ იცოდნენ, რომელი ვერსია იყო მათთვის ხელსაყრელი. თან მტკიცებულებებიც ძალიან მყიფე ჰქონდათ და გადაწყვიტეს, ბუნდოვნად დაეტოვებინათ, თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა".
კითხვაზე, რეალურად, რაზე ელაპარაკებოდა ის ირაკლი მამალაძეს, დეკანოზი პასუხობს: "პროკურატურამ, სამწუხაროდ, არ გამოაქვეყნა საუბრის ის ნაწილი, სადაც ჩანს, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა და ეს უხამსი სიტყვები მხოლოდ ფიგურალური გამოთქმები იყო. როგორც კი გაუთქმელობის შეზღუდვა მოიხსნება, ეს ვიდეოჩანაწერი სრულად გამოქვეყნდება და ნათელი მოეფინება ყოველივეს".
კითხვაზე, რისთვის სჭირდებოდა დეკანოზს ციანიდი, გიორგი მამალაძე პასუხობს: "პროკურატურამ კარგად იცის, ვინ მთხოვა ამ ნივთიერების შეძენა და რისთვის. სწორედ გამიგეთ, ამ საკითხის დეტალებზე სასამართლოზე უნდა ვისაუბრო და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო ბევრი მხარის მიერ დაგებული მახე.
დეკანოზი, ასევე, ამბობს, რომ მას ციანიდი არც შეუძენია და არც ბარგში ჰქონია. ის ამტკიცებს, რომ მას შხამიანი ნივთიერება ჩაუდეს. "ისიც ვიცი, ვინც ჩადო. საათები მოანდომეს ამ სიყალბეს. ეს პროკურატურას არ გაუკეთებია".
- სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებში დევს ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებდა, რომ 2016 წლის აგვისტოში თქვენ ციანიდის მოძიებას მასაც სთხოვდით. ამ მოწმის მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების ექსპერტიზით კი დადგინდა, რომ თქვენ ამ პიროვნებას არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შეძენაში დახმარებას სთხოვდით. რისთვის გჭირდებოდათ გველის შხამი?
კითხვაზე, რისთვის სჭირდებოდა გველის შხამი, რომლის შეძენასაც პროკურატურის მიერ დადგენილ ერთ-ერთ პირს სთხოვდა, დეკანოზი პასუხობს: "აქაც აიბნა პროკურატურა. სცადეს მოწმის გამოყენება იმისთვის, რომ გაემყარებინათ ჩემ წინააღმდეგ მტკიცებულებები ციანიდთან დაკავშირებით, მაგრამ ტელეფონის ექსპერტიზამ არ დაადასტურა. ამ ფაქტის დეტალებზეც სასამართლოზე უნდა ვისაუბრო".
დეკანოზის თქმით, მას პატრიარქობის ამბიცია არასდროს ჰქონია. "დეკანოზის ჯვარიც კი მძიმე სატარებელი აღმოჩნდა ჩემთვის", - ამბობს ბრალდებული დეკანოზი.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
კომენტარი