სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არიან აჭარის ნაცრისფერი ფეოდალები?

Droni.ge-ს რედაქციაში წერილი მოვიდა. მისი ავტორი იბერია ხმალაძე, ქართული ოცნების 3 წევრზე, ძმებ დუმბაძეებზე ექსკლუზიურ მასალას გვაწვდის. ხმალაძის წერილს droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

ვინ არიან სინამდვილეში ძმები დუმბაძეები, აჭარის ეს ნაცრისფერი ფეოდალები? (რამდენიმე ეპიზოდი მათი ცხოვრებიდან)

აჭარაში კოალიცია “ქართულ ოცნების” პარტიულ და სახელისუფლებო სტრუქტურებს უკვე ერთი წელია თავკაცობენ ძმები: გურამ, ნუგზარ და მურმან დუმბაძეები - რესპუბლიკური პარტიიდან 2011 წლის გაზაფხულზე სკანდალით ერთად გასულნი და 2012 წლის მარტიდან უკვე “ოცნების” პარტიის დამფუძნებელი წევრები. მათგან მურმან დუმბაძე მისდევს 2004 წლიდან მეტ-ნაკლებად რეგულარულ (პროფესიულ) პოლიტიკურ საქმიანობას. დანარჩენი ძმები მეტწილად პოლიტიკის კულისებში ამჯობინებენ ყოფნას და ფაქტობრივად იქიდან მართავენ სიტუაციას. 2012 წლის ოქტომბრიდან, პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგად ძმების ხელში აღმოჩნდა აჭარაში ხელისუფლების ხილული და უხილავი ბერკეტები, მისი რეორგანიზაცია-დაკომპლექტების, მოსამსახურეთა გათავისუფლება-დანიშვნისა და ბიუჯეტის მართვის სადავეები. თავად მურმან დუმბაძე კი ბათუმიდან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აჭარის ავტონომიის ქვოტით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

მურმან დუმბაძემ თავიდანვე ბიძინა ივანიშვილის უჩვეულოდ დიდი ნდობა მოიპოვა. მან ამ ნდობის ბოროტად გამოყენებით, მიზანმიმართულად, უკიდურესად უღირსი მეთოდებით დაბლოკა “ოცნების” ეგიდით აჭარიდან პარლამენტში და საკუთრივ აჭარის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად დასახელებული კონკურენტუნარიანი მაჟორიტარი კანდიდატები და მათ ნაცვლად ბიძინა ივანიშვილს დაასახელებინა უპირატესად აშკარად წაგებადი - უავტორიტეტო, კომპრომეტირებული და ოდიოზური კანდიდატურები, მეტწილად ასლან აბაშიძის ყოფილი რეტროგრადი მოხელენი. თვითონ ბათუმის საარჩევნო ოლქში დასახელდა. მან აჭარაში აღნიშნული კადრების რესტავრაცია კი შეამაგრა თავისი საავტორო კათარსიზული დევიზით: ასლან აბაშიძეს ბოდიში უნდა მოვუხადოთო. ეს ერთიმეორეზე უარესი კანდიდატები ორიენტირებულნი უფრო იყვნენ ერთმანეთის დაძირვისა და საბოლოო მარცხისათვის. უფრო მეტიც, აჭარაში დასახელებულ პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატთაგან ვერავინ მოხვდა “ოცნების” სადეპუტატო (პარტიული) სიის რამდენადმე მისაწვდომ (გამსვლელ) ნაწილში. მასში თვით მურმან დუმბაძე, ბათუმისთვის (და საერთოდ, პარლამენტისათვის) ეს იმთავითვე შეუფერებელი მაჟორიტარი კანდიდატი, შორეულ, 91-ე ადგილზე იყო. ამ უცნაურმა „რასკლადმა“ დაბნეულობა, დეზორგანიზაცია და აპათია გამოიწვია რეგიონის ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში.

დამტკიცებულმა მაჟორიტარმა კანდიდატებმა, სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენეს აჭარაში ”ქართული ოცნების” ღირსეული წარმატების იმედები. აქ კოალიციის მხოლოდ პროპორციული წესით წარმატების შესაძლებლობები საკმარისი არ იყო. ამ მაჟორიტარებს პიროვნულად არ ჰქონდათ ოპოზიციური ამომრჩევლის საკმარისი მხარდაჭერა. მათ არსებითად ვერც მხოლოდ ივანიშვილის სერიოზული პიროვნული ფაქტორი შველოდა. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ციხეებში პატიმრების წამების ამსახველმა შემზარავმა სატელევიზიო კადრებმა აჭარის ამომრჩეველი ნაწილობრივ შემოაბრუნა ”ოცნების” ამ მაჟორიტარებისაკენ, - ხალხმა ხმა ივანიშვილს მისცა და ასე უზრუნველყო მაჟორიტარების ნაწილობრივი გამარჯვება აჭარის მხოლოდ სამ საარჩევნო ოლქში, დანარჩენ სამში კი - „ოცნების“ აღნიშნულ კანდიდატებს ვერაფერმა უშველა და მაინც დამარცხდნენ.

მიუხედავად ამისა, დაფნის გვირგვინი მურმან დუმბაძემ დაიდგა და საერთო გამარჯვების ყველა სიკეთით ისარგებლა.

იმის გასაგებად თუ როგორ მოხდა ეს, რა მანქანებით აღმოჩნდნენ ძმები დუმბაძეები ამ პოლიტიკურ სიმაღლეზე, საჭიროა გაირკვეს, საიდან მოდიან და ვინ არიან ისინი სინამდვილეში. საამისოდ საკმარისია მოყვანილ იქნეს მხოლოდ რამდენიმე ნიშანდობლივი ეპიზოდი მათი ახლო წარსულის პოლიტიკური და სამეწარმეო საქმიანობიდან.

ბიზნესში:

ძმებმა დუმბაძეებმა აჭარაში 90-იან წლების მეორე ნახევრიდან წარმატებით მოახერხეს რადიკალურ ოპოზიციურ პოლიტიკურ და სოლიდურ სამეწარმეო საქმიანობათა ერთმანეთთან ისე შეთავსება, რომ არსებულ ხელისუფლებებთან პრობლემა არ გასჩენიათ. მათ საქმიანობაში განმსაზღვრელი მაინც ბიზნესი იყო, პოლიტიკური საქმიანობას კი ბიზნესის კეთების, ფულების შოვნის საშუალებად იყენებდნენ. იყო ერთი შემთხვევაც, 1997 წელს, როცა ისინი, იმავე ბიზნესინტერესების გამო, ტაქტიკური მოსაზრებით ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის რიგებიდანაც კი გავიდნენ და მას მხოლოდ 2003 წელს დაუბრუნდნენ. მაგრამ მათ ყველა სერიოზული ბიზნესი მაინც აქტიურ პოლიტიკური საქმიანობისას - ხელისუფლებასთან რადიკალურ ოპოზიციაში ყოფნისას ააწყვეს. ძმებს როლები განაწილებული ჰქონდათ. ისინი თავიანთ ბიზნესებს ერთობლივად ავითარებდნენ და ფლობდნენ, მაგრამ, გარეგნულად, ტაქტიკური მოსაზრებით, მათ ცალკ-ცალკე იფორმებდნენ და უძღვებოდნენ.

გურამი (უფროსი ძმა) თავისი პროფესიით 90-იანი წლებიდან უძღვება სტომატოლოგიურ ბიზნესს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენსა და ბათუმში და ტრადიციულად ემსახურება პაციენტებს გავლენიანი, ელიტარული და მაღალი სახელისუფლებო წრეებიდან.

მურმანი (უმცროსი) აჭარის უმაღლეს საბჭოში გადეპუტატებამდე (2004 წ.) უძღვებოდა ბათუმში კომპიუტერების შემსწავლელ მსხვილ ცენტრს, შპს “კანდელს” (დაფუძნებული და ამოქმედებულია მურმან დუმბაძის მიერ 1998 წელს).

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ნუგზარ დუმბაძე, რომლის უშუალო მართვის ქვეშაა სამი მსხვილი საძმო ბიზნესი:

ა) კრუინგული კომპანია - შპს “იბერიის ნავიგაცია+”, რომელიც მოქმედებს 1997-2000 წლიდან, თავიდანვე უცხოეთის სანაოსნო გემებზე წელიწადში ასულობით მეზღვაურს ასაქმებს მაღალი ფულადი საფასურის სანაცვლოდ და ამ სფეროში დაფუძნებიდან დღემდე ქვეყანაში ფაქტობრივად უკონკურენტო ლიდერია. ეს ის კომპანიაა, რომელიც მაშინვე უმტკივნეულოდ ჩაენაცვლა მეზღვაურთა დამსაქმებელ კორუმპირებულ სახელმწიფო უწყებას - ბათუმში ფუნქციონირებად საქართველოს საზღვაო სანაოსნოს და ეს კორუფციული და შემოსავლიანი საქმე მთლიანად თავის ხელში - სახელმწიფოდან კერძო სექტორში გადაიტანა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი თავად ნუგზარ დუმბაძეა;

ბ) სათევზე მეურნეობა - შპს “აკავრეთა”, რომელიც დაფუძნებული და ამოქმედებულია 2007 წელს, ასევე, ამ სფეროში ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ფირმაა. მის მესაკუთრეთაგან ყველაზე მეტი (22 %-იანი) წილის მფლობელი ნუგზარ დუმბაძეა. საწარმო არის თანამედროვე ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობა, შემავალი და გამავალი არხებით, თევზის სანაშენე აუზებით, დამცავი ჯებირებით და საფილტრი მოწყობილობებით. იგი მდებარეობს ქედის რაიონში, სოფელ ოქტომბერში და ეწევა უპირატესად კალმახის მოშენებასა და რეალიზაციას. საწარმოს ტერიტორიაზე აქვს საკუთარი ავტონომიური ჰესი და სასტუმრო, ხოლო ქ. ბათუმში - საფირმო მაღაზია.

გ) სათევზე მეურნეობა შპს “იხტიოსი” (კომპანია დაფუძნებულია 2010 წელს, საწარმოს მშენებლობა დაიწყო 2011 წელს და ამოქმედდა 2012 წლის დასაწყისში) ტექნოლოგიური აღჭურვილობით და ფორმით ამიერკავკასიაში პირველი თანამედროვე დახურული სისტემის თევზსაშენია. საწარმოს ორგანიზება-ამოქმედება დაჯდა დაახლოებით 1 000 000 აშშ დოლარი. მას დასაწყისიდანვე ჰყავს ოთხი მესაკუთრე, რომლებსაც თავდაპირველად თანაბარი - 25-25 %-იანი წილებით ჰქონდათ. მათგან ერთ-ერთია ნუგზარ დუმბაძის ცოლი მარინა ბერიძე, რომელიც საწარმოს დაარსებიდან ვიდრე 2013 წლის იანვრამდე ამ საწარმოს დირექტორი იყო. ამჟამად მარინა ბერიძე ამ საწარმოში უკვე ყველაზე მეტის - 30 %-იან წილის მფლობელია და პარალელურად, 2012 წლის ნოემბრიდან აჭარის ა. რ. უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარეცაა. თევზის საწარმო მდებარეობს ქ. ბათუმის ახალ უბან ადლიაში. მის საკუთრებაშია 2700 კვადრატული მეტრის მიწა, რომელზეც განლაგებულია 1000 კუბური მეტრის ტევადობის 24 თევზსაშენი აუზი. საწარმო აღჭურვილია მექანიკური და ბიოლოგიური ფილტრებით, ჟანგბადის ოქსიგენერატორებით და ეწევა ძირითადად ზუთხის მოშენებას. აქ აგრეთვე, წარმოებს ზუთხისა და კალმახის სამრეწველო გადამუშავება, ხიზილალის, შებოლილი თევზისა და კონსერვების გამოშვება.

ამ ფირმების შეუცვლელი ბუღალტერი თავიდანვე იყო ავთანდილ ბერიძე, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხელმძღვანელობდა “ქართული ოცნებისა” და მურმან დუმბაძის ბათუმის საარჩევნო შტაბს და ამავე დროს იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს “ოცნების” სადეპუტატო სიის პირველი ნომერი, არჩევნების შემდეგ კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

ზემოაღნიშნული ბიზნესები ეყრდნობოდა სოლიდურ საბანკო კრედიტებს.

რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობით გამორჩეულმა ძმებმა დუმბაძეებმა და მათმა პარტნიორებმა 2007-2012 წლებში თავიანთი ბიზნესების წამოწყება-განვითარებისათვის კომერციულ ბანკებში სულ აიღეს 1 750 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი, კერძოდ: 2007 წელს “ტაო პრივატბანკისაგან” - 200 000 დოლარი; 2007 წელს “თიბისი ბანკისაგან” - 200 000 დოლარი; 2008 წელს “ვითიბი ბანკისაგან” - 500 000 დოლარის ექვივალენტი ევრო; 2011 წლის მარტში (მურმან დუმბაძის რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან გასვლისა და მის მიერ აჭარაში ამ პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურების ლიკვიდაციისთანავე) “ლიბერთი ბანკისაგან” - 800 000 დოლარი და 2012 წლის ზაფხულში “ქართუ ბანკისაგან” - უპროცენტო, 50 000 დოლარი.

დუმბაძეების მსხვილი სესხები უზრუნველყოფილი იყო ზემოაღნიშნული ბიზნესებით და მათი მფლობელების პირადი ქონებით. მსესხებლებს 2012 წლის სექტემბრისათვის ბანკებზე მარტო ძირის თანხის სახით გადასახდელი ჰქონდათ 700 000-მდე დოლარი. მოკლედ, ძმები დუმბაძეები “ნაციონალების” ხელისუფლების ტოტალურად კონტროლირებადი ბანკების (განსაკუთრებით, მთავრობის „ჯიბის ბანკის“ - “ლიბერთი ბანკის”) მხარდაჭერით ყვაოდნენ და თან მათივე ფინანსური თუ სხვა ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. 2012 წლის გაზაფხულზე ამ ზეგავლენის ბერკეტების საჩვენებლი ჩართვის შედეგად ძმებმა ვეღარ შეძლეს საბანკო და საგადასახადო ვალდებულებების გასტუმრება და მათი დროებით დაფარვა მოახერხეს სწორედ ახალი დონორისა და პატრონის, ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკისაგან” 2012 წლის ივნისში აღებული ზემოაღნიშნული სესხით. მათ ეს თანხა პირადად ბიძინა ივანიშვილს სთხოვეს, მისი აჭარაში ყოფნისას, თითქოსდა თევზის იაფი საკვების იმპორტირებისათვის. ძმებს სურდათ “ქართუ ბანკისაგან” აეღოთ ზემოააღნიშნული საბანკო კრედიტების გადამფარავი დიდი სესხიც, მაგრამ არ დასცალდათ, - „ნაციონალების“ მთავრობამ მალე ეს ბანკი დიდი პოლიტიკური მოსაზრებით თავის მმართველობას დაუქვემდებარა და მის გაკოტრებას შეუდგა.

„თიბისი ბანკისაგან“ და “ვითიბი ბანკისაგან” აღებული სესხების სანაცვლოდ მადლიერმა ძმებმა დუმბაძეებმა არჩევნების შემდეგ, ამ ბანკების ბათუმის ფილიალების ხელმძღვანელი გიორგი თავართქილაძე აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს. იგი ამ თანამდებობიდან ახლახან გადადგა. ეს ის მინისტრია, რომელმაც საზოგადოებას საკვირველი რამ ამცნო, რომ აჭარაში 2013 წელს ასტრონომიული, 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა მოსალოდნელიო და სწორედ ამას გადაჰყვა. დუმბაძეების ბიზნესჯგუფის წარმომადგენელია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც, რომლის სიმამარი, ირაკლი სირაბიძე ზემოხსენებული, შპს “იხტიოსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი 25 %-იანი წილის მესაკუთრეა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ როსტომ შერვაშიძემ (მურმან დუმბაძის დეიდაშვილმა) ახლახან საჯაროდ იმიტომაც გაახმოვანეს აჭარაში თევზის (შპს „აკავრეთა“-„იხტიოსის“) მეურნეობის განვითარების სამთავრობო ბიზნეს-პროექტი, რომელიც უნდა დაფინანსდეს ახალი საინვესტიციო ფონდიდან, რათა ძმებმა დუმბაძეებმა კომერციულ ბანკებში სააკაშვილ-ვარშალომიძის ხელისუფლების ხელშეწყობით აღებული მილიონიანი სესხი გადაფარონ ივანიშვილის მონაწილეობით ფორმირებული ფონდის დაბალპროცენტიანი და კიდევ უფრო დიდი კრედიტით და ასე გააფართოონ თავიანთი ბიზნესები. ისინი აჭარას უკვე საკუთარ, ერთ დიდ „ცეხად“ მიიჩნევენ და აქ რეგიონალურ ოლიგარქებად გვევლინებიან..

პოლიტიკაში:

აქ განსაკუთრებით საყურადღებოა “სახალხო კრების” მიერ 2011 წლის 21-26 მაისს, ბათუმსა და თბილისში მოწყობილ საპროტესტო აქციებში მურმან დუმბაძის მონაწილეობის ორი ეპიზოდი. პირველია, მურმან დუმბაძის აჭარის ტელევიზიაში უცნაური შეჭრის მცდელობა და მისგან გამომდინარე ტრაგიკული შედეგები. 2011 წლის 21 მაისს „ნაციონალების“ მთავრობამ ბათუმში აჭარის ტელევიზიის ბლოკირებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მოგონილი ბრალდებით დააპატიმრა, მოგვიანებით კი გაასამართლა და ხანგრძლივი ვადით დაატუსაღა 7 მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი (გოჩა მუხაშავრია) „დანაშაულის ჩადენის“ დროს შემთხვევის ადგილზე არც კი იმყოფებოდა. პოლიციამ ზოგიერთი აქტივისტი დააკავა პირდაპირ „სახალხო კრების“ ბათუმის ოფისში, მაგრამ ხელი არ ახლო იმ დროს იქ მყოფ მურმან დუმბაძეს, რომელიც შემდგომი ორი დღის განმავლობაში საჯაროდ არსად გამოჩენილა, მიმალული იყო. ტელევიზიასთან გამართული იმ საპროტესტო აქციის ორგანიზატორი აშკარად მურმან დუმბაძე იყო. ეს მაშინ საჯაროდ გავრცელებულ ტელეკადრებშიც ჩანს, როცა მან ტელევიზიის ხელმძღვანელობას შენობაში შესაშვებად და პირდაპირი ეთერის მისაღებად 15 წუთიანი ულტიმატუმი წაუყენა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეჭრით დაიმუქრა. დაკავებულები (ბრალდებულები) როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე სასამართლო პროცესისას მიცემულ ჩვენებებში კიდეც აღნიშნავდნენ, რომ აქციის უშუალო ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე იყო და მისი მითითებით მოქმედებდნენ.

ხელისუფლებას ზემოაღნიშნულ ფაქტზე, მურმან დუმბაძე, როგორც ტელევიზიასთან აქციის ლიდერი, ჯერ კიდევ 2011 წლის 21-23 მაისს მისი ბათუმში ყოფნისას და 23-25 მაისს, როცა იგი თბილისში ახალ აქციაზე იმყოფებოდა, არ უძებნია, მისი არც დაპატიმრება უცდია, მის მიმართ არც სისხლის სამართლის საქმე აღუძრავს და არც ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაუწყია. ასევე, იგი არც მოწმის სახით გამოუძახებიათ და დაუკითხავთ საგამოძიებო ორგანოში. უფრო მეტიც, მურმანი თუნდაც მოწმის სახით ჩვენების მისაცემად არ დაუბარებიათ არც შემდგომ - საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულებს (ბრალდებულებს), ელემენტარული ზნებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, არ მოუთხოვიათ მათი თანამებრძოლის, მურმან დუმბაძის მათსავით დაკავება-ციხეში გამომწყვდევა, მოწმედ დაკითხვა ან გასამართლება. მაგრამ რახან ხელისუფლება რატომღაც არ ინტერესდებოდა ამ საქმეში მურმან დუმბაძის ბრალეულობით და საზოგადოდ, არც მისი აზრით, თავად მურმანს, ერთთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მაინც, საქმის განხილვის სასამართლო ეტაპზე შეეძლო განსასჯელთა ადვოკატების მეშვეობით მიმდინარე სასამართლო სხდომებზე შუამდგომლობა დაეყენებინა მის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემის შესახებ, რათა ნათელი მოფენოდა შეთითხნულ საქმეს, რაც შესაძლოა, წადგომოდა განსასჯელთა ინტერესებს, მათ შორის, თუნდაც - გოჩა მუხაშავრიას აშკარა უდანაშაულობასა და აგრეთვე, შემთხვევითი მონაწილის, მძიმედ ავადმყოფის, ოზურგეთელი ვახტანგ სიორიძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას.

მურმან დუმბაძეს ზემოაღნიშნული საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოუყენებია ეს პროცესუალური შესაძლებლობა, რათა პირნათელი ყოფილიყო ჯერ თავისი თანამებრძოლების, შემდეგ კი - მთელი საზოგადოების წინაშე. ის არ გაკარებია სასამართლო სხდომებს, არ უცდია ამ გზით ებრძოლა თანამებრძოლების ინტერესებისათვის და ამ მხრივ მხოლოდ პრესით საქმისთვის რამდენიმე ფუჭ, მაგრამ სათავისოდ პროპაგანდისტულ განცხადებას დასჯერდა.

ეკონომიკურად შეძლებული მურმან დუმბაძე თავისი ინიციატივით, ფარულად ან აშკარად, ფინანსურად ან სამართლებრივად არ დახმარებია არც დაპატიმრებული თანამებრძოლების ხელმოკლე ოჯახებს, თვით პატიმრებს ციხეებში, გარდა ერთი შემთხვევისა. პატიმრების ეკომომიკურად უკიდურესად შეჭირვებული ოჯახების წარმომადგენლებმა, პატიმრობიდან ერთი წლის თავზე, 2012 წლის ივლისში, მურმანს სათანადო მორალური ვალდებულება შეახსენეს და შედეგად, მისგან მხოლოდ ერთჯერადი და თან დამამცირებლად მცირედი თანხა მიიღეს. ფუჭი აღმოჩნდა მურმან დუმბაძის დაპირებაც, რომ მალე მათ უფრო მეტ დახმარებას აღმოუჩენდა.

მეორე საყურადღებო ეპიზოდია მურმან დუმბაძის მიერ ბათუმიდან მოულოდნელი გაუჩინარება და თბილისში ოპოზიციის მიტინგზე საჯაროდ გაკეთებული სკანდალური განცხადება, მისგან გამომდინარე შედეგები. “სახალხო კრების” წინასწარი გადაწყვეტილებით მურმან დუმბაძეს 23 მაისისათვის ბათუმიდან თბილისში ორგანიზებულად უნდა ჩაეყვანა ოპოზიციის აქტივისტები. მის ხელში იყო წამსვლელი აქტივისტებისა და სატრანსპორტო საშუალებების სია სათანადო მონაცემებით. დანიშნულ დღეს მურმან დუმბაძემ გაუფრთხილებლად მიატოვა წასაყვანი ოპოზიციონერი აქტივისტები, მათ გარეშე, სისხამ დილით მალულად გაემგზავრა და დაუბრკოლებლად ჩავიდა თბილისში. გზად მან თან გაიყოლია ზემოაღნიშნული სიებიც, რამაც დაბნეულობა და დეზორგანიზაცია გამოიწვია ბათუმელ აქტივისტთა რიგებში. ამასობაში, პოლიციამ, რომლის ხელშიც აღმოჩნდა ეს მონაცემები, მოახდინა ბათუმიდან თბილისში გზად მიმავალი ცალკეული აქტივისტისა და აქტივისტებით დატვირთული თითქმის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ბლოკირება, შეაფერხა მათი გადაადგილება და რეპრესიული მეთოდებით ხელი შეუშალა მათ ჩასვლას დედაქალაქში.

თბილისში, ტელევიზიის წინ “სახალხო კრების” პერმანენტულ მიტინგზე მურმან დუმბაძე არაერთხელ გამოვიდა მის მიერ მიტოვებული აჭარელი აქტივისტების სახელით. მიტინგების მსვლელობა “მეორე არხის“ ტელევიზიით პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. მურმან დუმბაძემ, მიტინგზე ერთ-ერთი გამოსვლისას „კონტროლიდან გამოვარდა“ და პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის დედა გიული ალასანიამ რამდენი თურქი და არაბი მეგობარიც გაიჩინა, ბათუმში იმდენივე ქუჩის ახალი სახელი გაჩნდაო; სააკაშვილს კი ბათუმში ასაშენებლად განზრახული მეჩეთის საძირკველში ჩავაყოლებთო. ბუნებრივია, ხსენებული სიტყვების ადრესატი არ აპატიებდა მურმან დუმბაძეს ამ საქციელს. თუმცა მურმანი ამ საქმიდან, ერთის მხრივ, ერთობ იოლად გამოძვრა, - მას, პოლიციისათვის წინაღმდეგობის გაწევის ყალბი ბრალდებით, 26 მაისს მხოლოდ ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს (ხელისუფლებამ მურმანს არც ამჯერად გაუხსენა 5 დღით ადრე მისი ხელმძღვანელობით ბათუმში, აჭარის ტელევიზიასთან მომხდარი, “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად” კვალიფიცირებული სისხლის სამართლებრივი ქმედება, რაშიც უკვე მისი თანამბრძოლები იყვნენ დადანაშაულებული და დაკავებულნი და ეს ქმედება პირადად მის მიმართ ბევრად მკაცრ სასჯელს ითვალისწინებდა), მაგრამ მეორეს მხრივ, მისი დაკავებისას, მისივე ნაამბობით და როგორც მოსალოდნელი იყო, იგი სასტიკადაც სცემეს, რაც იმავე ხალხმა (ანგარიშსწორების დამკვეთმა) მას ეს კარგად გაუპიარა „წამებული გმირის“ სახელის მოსახვეჭად.

კითხვები:

საზოგადოება ბრმა არ არის და დიდი ხანია ლოგიკურად სვამს ქვემოთმოყვანილ კითხვებს, რომლებზეც დროა გაიცეს ამომწურავი პასუხები, გაიშალოს საჯარო მსჯელობა და დაე, ეს მკითხველთა ფართო სამსჯავროზე მოხდეს. უნდა დამთავრდეს ტრადიციული ქართული პოლიტიკური დაუდევრობა, რომელსაც არაერთხელ საბედისწერო შედეგებამდე მივუყვანივართ. აქ მოცემული კითხვა-პასუხები და დასკვნები არასრულია. იგი მხოლოდ ერთი საძრახისი, კლასკური შიდაპოლიტიკური მეძავეობის, გაპონობისა და „ნასედკობის“, მედროვეობისა და ყვარყვარიზმის ილუსტრაციის მცდელობაა. დროა, მისი მოთმინებითი და სრულყოფილი ანალიზი ფართო და კომპეტენტურმა საზოგადოებამ გააკეთოს.

აი, ეს კითხვებიც:

ა) როგორ მოახერხეს ძმებმა დუმბაძეებმა რეპრესიული ხელისუფლებების პირობებში რადიკალი ოპოზიციონერობისა და წარმატებული მეწარმეობის ერთმანეთთან შეთავსება, ოპოზიციციონერების ამპლუაში თავიანთი ბიზნესების ესოდენ განვითარება, საკუთარი ფეშენებელური სასახლეების აგება-კეთილმოწყობა და საკუთრებაში ექსტრამარკიანი ჯიპები შეძენა, “ნაციონალების” ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ მყოფი ბანკებიდან ამოდენა სესხების აღება და მოხმარება, როცა ის ხელისუფლება მუდამ უმკაცრესად აკონტროლებდა ქვეყანაში ფულად ნაკადებს, ფულის შოვნით დაინტერესებულ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დრაკონულად უხშობდა შემოსავლისა და დაფინანსების ყოველგვარ წყაროს, არ აძლევდა წელში გამართვის, ეკონომიკურად გაძლიერებისა და გამდიდრების საშუალებას, დევნიდა, აჩანაგებდა და დაუნდობლად ერეკებოდა ციხეებსა თუ ემიგრაციაში?

ბ) როგორ მოაჯადოეს რადიკალმა ოპოზიციონერმა ძმებმა დუმბაძეებმა “ნაციონალები” ისე, რომ ამ უკანასკნელებს დამკვიდრებული წესისამებრ ისინი არ შეუვიწროებიათ, არ დაუხარკავთ ან დაუბეგრავთ, არ დაუხურავთ ან დაუსაკუთრებიათ მათი მზარდი ბიზნესები, წილები, შემოსავლები, ქონება და საკუთრება?

გ) აჭარის ტელევიზიასთან ზემოაღნიშნული „სამართალდარღვევის“ გამო მურმან დუმბაძემ როგორ აიცილა თავიდან ის პასუხისმგებლობა, რაც თავის თანამებრძოლებს მთელი სიმკაცრით დაეკისრათ? “ნაციონალების” მართლმსაჯულებამ რატომ დაინდო მურმან დუმბაძე და იგი, თავისი თანამებრძოლების მსგავსად, რატომ არ დასაჯა? იმავე მართლმსაჯულებამ რატომ არ გამოიძახა ის საქმეზე და მოწმის სახით ფორმალურად მაინც რატომ არ დაკითხა, რატომ ჩათვალა ეს მიზანშეუწონლად? დაპატიმრებული თანამებრძლების წინაშე მორალურად ვალდებულმა მურმან დუმბაძემ რატომ არ გამოიყენა პროცესუალური შესაძლებლობა, რათა თავად ეცადა და მიეღწია სასამართლოზე მაინც ჩვენების მიცემისათვის? რატომ გაუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა და მხოლოდ პროპაგანდისტულ განცხადებებს დასჯერდა? რატომ არ დაეხმარა იგი ციხეში გამოკეტილ თავის თანამებრძოლებსა და მათ ოჯახებს?

დ) რატომ აირიდა მან „სახალხო კრების“ აქტივისტების ბათუმიდან თბილისის აქციაზე ორგანიზებულად ჩაყვანის ვალდებულება? რატომ მიატოვა ისინი ბათუმში, თვითონ შეუფერხებლად და უვნებლად როგორ ჩააღწია თბილისში და როგორ მოხდა მოწინააღმდეგის (პოლიციის) ხელში თბილისში წასასვლელი აქტივისტებისა და სატრანსპორტო ავტომანქანების მონაცემები?

ე) რატომ ჩაიდინა მურმან დუმბაძემ როგორც “ქართული ოცნების”, ასევე თავისსავე საწინააღმდეგო, უგნური საქციელი, როცა ბიძინა ივანიშვილს აჭარაში დეპუტატობის კანდიდატებად შეგნებულად დაასახელებინა უავტორიტეტო, უსახური და ოდიოზური პირები - ერთმანეთის დამძირავი კანდიდატები, რამაც „ოცნებას“ საბოლოოდ სულ ცოტა სამი საპარლამენტო მანდატი დააკარგვინა? - რომ “ოცნების” მაჟორიტარებად მათი დასახელების ან აჭარის უმაღლესი საბჭოს სადეპუტატო სიის გამსვლელ ნაწილში მათი ჩასმის სანაცვლოდ მათგან ფულადი ძღვენი მიეღო, ხელი იოლად ეფათურებინა “ოცნების” მიერ მაჟორიტარებისათვის საარჩევნოდ გამოსაყოფ სოლიდურ თანხებში? - რომ აჭარიდან პარლამენტში “ოცნების” სიით სავარაუდოდ ასარჩევ უსახურ დეპუტატს შორის იგი უკონკურენტო ვიცე-სპიკერობის კანდიდატი ანდა ყველაზე წარმოჩენილი პიროვნება ყოფილიყო, დანარჩენნი ცხვრის ფარასავით ემწყემსა?

ვ) რატომ დათმო მურმან დუმბაძემ “ქართული ოცნების” ინტერესები “ნაციონალების” სასარგებლოდ? - რომ მას როგორც „ნაციონალების“ გადაბირებულს და დავალდებულებულს მათი დირექტივის შესაბამისად „ოცნების“ მაჟორიტარებად აშკარად წაგებადი კანდიდატების დასახელება უზრუნველეყო და ამით „ნაციონალების“ კანდიდატებისათვის გამარჯვება გაეადვილებინა, სამაგიეროდ კი “ნაციონალებისა” და მათი დეპუტატობის კანდიდატებისაგან სოლიდური ფულადი საზღაური, ახალი ფინანსური მხარდაჭერა და პრეფერენციები მიეღო?

დასკვნა:

ძმები დუმბაძეები 2012 წლის ოქტომრამდე სინამდვილეში “ნაციონალების” ხელისუფლებასთან შეკრული, ოპოზიციაში ჩანერგილი ხალხი იყო. ეს ვითომოპოზიციონერები სააკაშვილ-ვარშალომიძის ხელისუფლებასთან ფარულად თანამშრომლობდნენ, „ნაციონალების“ სასარგებლო და ოპოზიციის ინტერესების საზიანო საქმიანობას ეწეოდნენ და სანაცვლოდ, “ნაციონალების“ ხელისუფლებისაგან დიდი ფინანსურ დახმარებას იღებდნენ, წარმატებულ ბიზნესებს ავითარებდნენ, ყოველგვარი მფარველობით და მძლავრი პროპაგანდისტული მხარდაჭერით სარგებლობდნენ და პოლიტიკურ კარიერასაც იკეთებდნენ.

აშკარაა, რომ “ნაციონალებმა” და მათმა კონტროლირებადმა ტელევიზიებმა 2008-2011 წლებში “აზიზიეს მეჩეთის” თემისა და 2011 წლის მაისის ოპოზიციის აქციების მიზანმიმართული საინფორმაციო მანიპულირებით მურმან დუმბაძისაგან თანმიმდევრულათ შექმნეს „თავგანწირული“ პატრიოტისა და „უდრეკი“ ოპოზიციონერის ფიგურა, მას დაანგრევინეს რესპუბლიკური პარტიის აჭარის რეგიონული სტრუქტურები (სანაცვლოდ, მაშინვე დიდი საბანკო სესხით დააჯილდოეს), მას მიაწერეს აჭარაში კრიტიკული საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებისა და პიროვნებების მიერ ერთობლივი ბრძოლით მიღწეული ცალკეული წარმატებები, მისი პიროვნება კარგად შეფუთეს და 2012 წლის გაზაფხულზე რეგიონულ პარტიულ ლიდერად შეუცურეს “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას, მთავარ შტაბს, სადაც ძლიერი მფარველებიც დაახვედრეს. მურმან დუმბაძე აჭარაში „ოცნების“ უკონკურენტო ფავორიტი, მთავარი ვეზირი გახდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მურმან დუმბაძემ ძველი ვალდებულებებისა და ახალი ფულადი ულუფის სანაცვლოდ, “ნაციონალების” მორიგი შეკვეთა შეასრულა - მან “ოცნებას” აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დაამტკიცებინა “ნაციონალების” შერჩეული და მიწოდებული, სადეპუტატოდ გამოუსადეგარი, იოლად დასამარცხებელ-სამართავი პირები. ამომრჩეველზე მოულოდნელი ციხის კადრების ზემოქმედების გათვალისწინებით, აღნიშნული გეგმის ბოლომდე განხორციელება მოხერხდა ექვსიდან მხოლოდ სამ საარჩევნო ოლქში - ფართო საზოგადოებისაგან მიფარებულ აჭარის მთიან რაიონებში. აქ “ოცნების” განცდილი ლოკალური მარცხი კი, ჯერ მათივე საერთო-ეროვნული გამარჯვების ეიფორიით მიიჩქმალა (გადაიფარა), შემდეგ - სააკაშვილის ხელისუფლების მასობრივ საარჩევნო ფალსიფიკაციებს დაბრალდა. მურმან დუმბაძის თავდაპირველი გათვლაც ეს იყო - სწორედ ასე უნდა გამართლებულიყო აჭარის ექვსივე საარჩევნო ოლქში (ქალაქსა და რაიონებში) მისი ლობირებული მაჟორიტარი კანდიდატების დიდი ალბათობით მოსალოდნელი (ჩაფიქრებული) მარცხიც.

მურმან დუმბაძემ 2012 წლის პარლამენტის წინასაარჩევნო კამპანიისას “წაუგებელი” თამაში ითამაშა, ორივე მხარე მოიმადლიერა და ორმაგადაც იხეირა: ფულები იშოვა როგორც თავისი ნაცადი პატრონების - “ნაციონალებისა” და მათი მაჟორიტარებისაგან, ასევე ახალი მფარველი ძალის, “ქართული ოცნებისა” და თავისი შერჩეული (გამარჯვებული თუ დამარცხებული) მაჟორიტარებისაგან. ეს სოლიდური ფულად სახსრებია თუნდაც ბანკის საძმო ვალების ნაწილობრივ მაინც გასასტუმრებლად.

გარდა ზემოაღნიშნულისა და რაც მთავარია, „ნაციონალების“ მიერ რეალიზებული გრძელვადიანი სპეცოპერაციის შედეგად მურმან დუმბაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე აღმოჩნდა, რომ იგი აქედან, ტროას ცხენივით, დაეხმაროს ძველ პატრონებს შემდგომი გეგმების განხორციელებაში. იგი ამჯერად, უკვე გაოპოზიციონერებული „ნაციონალების“ მიერ „ოცნების“ ხელისუფლებაში ჩანერგილი ქმედითი ფიგურაა. მურმან დუმბაძე თავისი სამარცხვინო ქცევით საერთო-ეროვნულ სივრცეში სახელს უტეხს აჭარის რეგიონს, ლახავს საზოგადოდ პარლამენტის წევრის რეპუტაციას და ჩირქს სცხებს თვით პოლიტიკოსის სახეს. ამგვარი პოლიტიკური რეპუტაციის მქონე კაცის აჭარაში წითელი კომისრისეული თავაშვებული საქმიანობა, მისი ე. წ. „გუნდის“ დაუსჯელი თვითნებობა-თარეში, ხალხის თვალში „ოცნების“ ხელისუფლების სრულ კომპრომეტირებას ახდენს, რაც, თავის მხრივ, „ნაციონალების“ წისქვილზე ასხამს წყალს. მურმან დუმბაძე ახლახან გახდა მხურვალე ლობისტი და აგიტატორი „ნაციონალების“ ძველი პროექტისა - თურქული მხარის მითითებით ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე, რომლის წინააღმდეგაც თავის დროზე „შეუპოვარი“ ბრძოლით მან ტკბილი პოლიტიკური კარიერა გაიკეთა. საჭიროა ცოტაოდენი მოთმინებით აღჭურვა და საზოგადოება მის შესახებ ბევრ საკვირველ ამბავს გაიგებს, ხოლო თავად მურმან დუმბაძე კი კიდევ რიგ სიურპრიზსა და უცნაურ პოლიტიკურ ვირაჟს გვიჩვენებს. თუმცა იგი ისედაც ზედგამოჭრილი პროტოტიპია ქართული ანიმაციური ფილმის, „ცისფერი მელას“ მთავარი გმირისა, კომიკური აღზევებით და დასასრულით.

თუ რა და ვის თამაშს თამაშობენ ამჟამად ახალი ძლევამოსილი პატრონის, ბიძინა ივანიშვილის სახელსა და ზურგს ამოფარებული და ამ გზით რეგიონის ხელისუფლებასა და მმართველ პარტიულ სტრუქტურებში მოკალათებული ძმები დუმბაძეები - ეს „ოპოზიციონერი ნუვორიშები“, თავიანთი კუთხური იდეოლოგიით და ნეპოტისტურ (ნათესაურ)-საძმაკაცო გუნდით, თუ რა მიზნით და საფასურად აკომპლექტებენ ისინი აჭარაში სახელისუფლებო და თვითმმართველობის სტრუქტურებს და მართავენ რეგიონს, - ალბათ, დღესავით ნათელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100