ასე აპირებს ღარიბაშვილი კრიმინალთან ბრძოლას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს იარაღის ტარების შესახებ კანონის გამკაცრების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისკენ მოუწოდა, - შესაბამისი დავალება ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძეს და თეა წულუკიანს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.
მთავრობის
მეთაურის
დავალებით,
მინისტრებმა
შესაბამისი
საკანონმდებლო
ცვლილებები
მაქსიმალურად
მოკლე ვადებში უნდა წარადგინონ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისი ინიციატივით, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობისას გამკაცრდა კანონი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.
პრემიერი ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებაზე საუბარს მიზანმიმართულ, ხელოვნურ კამპანიად აფასებს და განმარტავს, რომ კრიმინოგენური ვითარება აბსოლუტურად სტაბილურია, ხოლო სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყების ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად მოტივირებულია და პოლიცია 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რაც ფასდაუდებელი შრომაა.
„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა, მაგრამ ყველა ცივილიზებულ და ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყანაში ხდება დანაშაული. ეს არის ჩვენი ოპონენტების მიერ აწეული უსუსური მცდელობა, წარმოაჩინონ ისე, თითქოს სახელმწიფო ვერ ან არ ებრძვის კრიმინალს ეფექტურად. ისინი ცდილობენ, საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ გაუარესებულია კრიმინოგენური ვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლებამ დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როდესაც ამნისტიით გაათავისუფლა 17 ათასი პატიმარი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათი ბედი აბსოლუტურად გაურკვეველი იყო, ისინი იყვნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
„ჩვენ მათ მივეცით რესოციალიზაციის და რეინტეგრაციის შანსი. ბევრმა მათგანმა ეს დააფასა, ხოლო, ვინც ვერ დააფასა, გიორგი მღებრიშვილის უწყებაში არიან მოკალათებული“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ალექსანდრე ჭიკაიძის უწყებამ შეიმუშავა პრევენციულ ღონისძიებათა კომპლექსური გეგმა და მისი დავალებით მაქსიმალურად გამკაცრდება ბრძოლა იარაღის უკანონოდ ტარებასთან დაკავშირებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, ერთის მხრივ არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები და მეორეს მხრივ, ეფექტურად იბრძოლოს კრიმინალის წინააღმდეგ.
„ყველაზე ადვილია კანონდარღვევა და ძალადობა, მაგრამ ის საქმიანობა, რასაც ბატონი ჭიკაიძე აწარმოებს, დასაფასებელია. ისინი 24 საათის განმავლობაში ებრძვიან კრიმინალს და ამავდროულად ცდილობენ, არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად გაამკაცროთ ბრძოლა აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ. ვიცი, რომ გაქვთ კონკრეტული გეგმა და ამას ეფექტურად გაართმევთ თავს“, - მიმართა პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს.
კომენტარი