სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთავრობის მტკიცებითი ფორმით საუბარი ხუდონჰესზე, როგორც უკვე დაგეგმილ პროექტზე, ძალიან სწორია

რუსთავის ,,აზოტის“ გენერალური დირექტორის მარკ კაცნელსონის აზრით გასაკვირი იმაში, რომ მთავრობა ხუდონჰესის მშენებლობას ლობირებს, არაფერია. კაცნელსონის თქმით, ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ჰიდრორესურსები და აქვს მდიდარი პოტენციალი, ვალდებულია გამოიყენოს თავისი რესურსები ეკონომიკის განვითარებისთვის.

“ის, რომ მთავრობა მტკიცებითი ფორმით საუბრობს ხუდონჰესზე და საუბრობს როგორც უკვე დაგეგმილ პროექტზე, ძალიან სწორია და ეს უნდა იყოს მესიჯი მოსახლეობისადმი მომავალი კეთილდღეობისთვის. სახელმწიფო საუბრობს მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე და ამით ესაუბრება ხალხს ქვეყნის განვითარების გზებსა და აუცილებლობაზე.

რაც შეეხება ომბუდსმენის განცხადებას, თითქოს მთავრობა არ ითვალისწინებს იმ შემთხვევას, რომ პროექტმა ვერ მიიღოს გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვა, ეს აბსურდია. პროექტი ითვალისწინებს ტექნიკურ დეტალებს, ტექნიკური და სეისმოლოგიური საკითხები კი ყოველთვის შეიძლება დაზუსტდეს. ამაში განუხორციელებელი არაფერია. როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს ის გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში უნდა განვითარდეს. არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ჩაითვალოს ზეწოლად ადმინისტრაციულ ორგანოებზე, რომლებმაც ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიაზე შესაბამისი ნებართვები უნდა გასცენ. მოსახლეობა ყოველთვის ელის მყისიერ შედეგებს, მათთვის რთული გასაგებია მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომელიც ქვეყანას სარგებელს გრძელვადიან პერსპექტივაში მოუტანს. დიახ, მთავრობამ უნდა ისაუბროს და რაც შეიძლება მეტი ამ პროექტზე, რომ თითოეული ადამიანის აზრი დადებითად ჩამოყალიბდეს. აქ დგას საკითხი არა მარტო ქვეყნის სარგებელზე, არამედ იმ კონკრეტული რეგიონის განვითარების, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ამაღლებაზე, სწორედ ამ დროს სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ამ პროექტის განხორციელებაზე. მე ვფიქრობ, რომ ომბუდსმენი ვერ ერკვევა ასეთი პროექტების ტექნიკურ მხარეში და მას არ ესმის, რომ არა მხოლოდ ასეთი მსხვილი, არამედ გაცილებით მცირემასშტაბიანი პროექტებიც კი არ ხორციელდება რისკების ხარჯზე. ბიზნესი ითვალისწინებს ყველანაირ რისკებს და არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს ფულს პროექტში, რომელიც იქნება სარისკო და არამომგებიანი. ამ შემთხვევაში სახალხო დამცველი უნდა იცავდეს ხალხის ინტერესებს, ხოლო ხალხის ინტერესი არის ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოში ცხოვრება. მან უნდა გაამახვილოს ყურადღება პროექტის განხორციელებისას მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე, მათთვის კომპენსაციების გაცემასა და სანაცვლოდ ნორმალური პირობების შეთავაზებაზე და არა პროექტის ლობირება-არლობირებაზე. ხუდონჰესის პროექტი ფაქტობრივად სოციალური პროექტია, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას აიმაღლოს ცხოვრების დონე. ასეთ პროექტებს სწორედაც რომ სჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერა. ერთი რაიონი არ უნდა წყვეტდეს მთელი ქვეყნის ბედს. გამოდის, რომ ომბუდსმენი ფიქრობს ხალხის გარკვეულ ჯგუფზე, რომელსაც არ მოსწონს ეს პროექტი და არ ფიქრობს საქართველოს მოსახლეობაზე, ქვეყნის განვითარებაზე და სახელმწიფოს შანსზე გამოიყენოს თავისი ჰიდრორესურსი და მსხვილი ინვესტიცია ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვემთვის გაუგებარია რა არგუმენტები უნდა ჰქონდეს საწინააღმდეგო ომბუდსმენს, რა არგუმენტი უნდა იყოს უფრო მეტი ვიდრე სახელმწიფოს განვითარება?“- განაცხადა მარკ კაცნელსონმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100