სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ეძებდა ილია ცოცხალ ლელთ ღუნიას და ვინ იყო "ტარაკუჭა-მოუსვენარა"...

გაწბილებული ილია

ლელთ ღუნიას დაუვიწყარი სახის შემქმნელ ქართველ კლასიკოსს განზოგადებულმა გმირმა რეალობაში ერთხელ მწარე სინანული მოჰგვარა. იაკობ მანსვეტაშვილი იგონებს, ილიამ თურმე მთიბავ ხევსურებს უხმო და, თავისი გმირის სიცოცხლეში დარწმუნებულმა, ჰკითხა ძველ დროზე:

– მაშინდელი დრო სჯობდა თუ ეხლანდელი?

ხევსურებს, არც უციებიათ, არც უცხელებიათ, უპასუხნიათ:

– რა სათქმელია: გარეთ ვერ გამოვდიოდით. სოფელს რომ გავცილებულიყავით, ან ლეკი დაგვიხვდებოდა ან შინაური ავი კაცი, სისხლი იღვრებოდა. მოსვენება არა გვქონდა, შველა არსაიდამ იყო. აი დაილოცოს ღმერთმა რუსის ხელმწიფე: ეხლა რა გვიშავს, აი, თქვენთანაც ჩამოვდივართ სამუშაოდ და ქალაქშიაც დავიარებით. თუ რამ გასაყიდი ან სასყიდელი გვაქვს, ხელს ვიმართავთ. გზაში ხელს არავინ გვახლებს.

დაახლოებით იგივე სურათი აქვს აღწერილი გოდერძი ჩოხელს თავის ნოველაში „ნიკოლოზი“.

ყაზბეგში, ერთ-ერთი ფილმის გადაღებისას, გადამღები ჯგუფის შემოქმედებით კოლექტივს ერთიმეორეში ჩხუბი მოსვლია – რეჟისორი ამტკიცებდა, რომ გადასაღები სცენის დროს ხევისბერს უნდა გამოებრძანებინა თამარ მეფის ან რომელიმე ქართველი ერისკაცის სურათი, მხატვარი – წმინდანის ხატს ვარაუდობდა და სცენარის ავტორი საბრძოლო დროშას მოითხოვდა. გაუკითხავთ ხალხში და, რაკი უმრავლესობამ უკვე აღარაფერი იცოდა ძველი დროის შესახებ, ბოლოს ერთ ას წელს გადაცილებულ კაცს მიდგომიან.

- ძველი დრო თუ გახსოვსო – უკითხავთ – მოკვეთის დროს ხევისბერი რო დაარისხებდა, დარისხების დროს ეკლესიიდან რომ ხატს გამოაბრძანებდა ხოლმე, ვინ იყოო იმ ხატზე გამოსახული?

- როგორ თუ ვინაო? – გაუკვირვებია ბერიკაცს.

- თამარ მეფე იყოო თუ დავით აღმაშენებელი? ხატზე ვინ ეხატაო?

- ვინ ეხატა და ნიკოლოზიო- გაუხსენებია მოხუცს.

ჰოდა, თუკი ცხოთა ბატონობას უჩვევი მთა ორი საუკუნის მანძილზე შეაგუეს რუსის კანონს და რუსთხელმწიფეს, რა გასაკვირია, რომ მათ ბარიც შეთვისებოდა და მერე იმდენად, რომ მთელ რიგს ქართველებისას დღემდე ვერ ამოუგდია გულიდან ერთგულქვეშევრდომული ყმადნაფიცობა!

ეროვნული ინტერესების „დამცველი“

საისტორიო მატიანეები იტყობინებიან, რომ 1918 წლის 14 მარტს გაიმართა ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენცია ოსმალეთის იმპერიასა და ტრანსკავკასიის (ამიერკავკასიის სეიმის) დელეგაციას შორის. ტრანსკავკასიის დელეგაციის მეთაური აკაკი ჩხენკელი დათანხმდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების შედეგებს და მოუწოდა მთავრობის წევრებს და სახელმწიფო ორგანოებს მიეღოთ და დათანხმებოდნენ ამ პოზიციას.

საქმეში ჩაუხედავი მკითხველისთვის, საანგარიშო მონაცემებით, რესპექტაბელური მოღვაწის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური განსჯის სურათი იხატება, რომ არა რევაზ გაბაშვილის მცირედი მოგონება, რომელიც ეხება ბატონი ჩხენკელის წინასამგზავრო სამზადისს:

„...სრულებით შემთხვევით რომ შევედი „ეროვნულ საბჭოში“, ასეთი სურათი დამხვდა: კედელზე ჩამოკიდებულ რუკასთან იდგა ბ–ნი აკაკი ჩხენკელი (მეორე დღეს ტრაპიზონში მიდიოდა) და კიდევ რამდენიმე ქართველი. არ ვიცი, „დელეგატი“, თუ არა; სტუდენტის ქუდიანი პავლე ინგოროყვა, ჯოხით ხელში უჩვენებდა და უხსნიდა საქართველოს ნაწილების საზღვრებს. მე სწორედ მაშინ შევესწარი, როცა შემოხაზა ჯოხის წვერით ერთი ფართობი და მიუბრუნდა მსმენელთ: „ეს გახლავთ კახეთი!“

–ქე დიდი ქვეყანა ყოფილა! – შესძახა გაკვირვებით ბატონმა აკაკიმ.

და, აი, ასეთი დელეგაციის ასეთი მეთაური მიდიოდა ტრაპიზონში, საქართველოს ინტერესების დასაცავად...და კავკასიისაც“ – დასძენს ავტორი დანანებით.

თუ რას მოიმოქმედება საქართველოს „დესპანი“ ტრაპიზონში, წინასწარ იყო ცნობილი და ზემოთ უკვე ვიხილეთ, ხოლო სურათის სისრულისათვის მოგახსენებთ, რომ ეს ჩხენკელი შემდგომში გახლდათ ამიერკავკასიის კომისარიატის შინაგან საქმეთა მინისტრი – 1917-1918 წლებში; 1918 წლის აპრილში იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, ხოლო 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი!

„ტარაკუჭა – მოუსვენარა”

რომ გაეგზავნოს კითხვა ცნობილი გადაცემის: „რა, სად, როდის“ მონაწილეებს, თუ წარსულის რომელ ქართველ პოლიტიკოსსა და სახელმწიფო მოღვაწეს ეძახდნენ მისი თანამედროვე ქართველები ზურგსუკან „ტარაკუჭა–მოუსვენარას“, ძალზე საეჭვოა, ვინმემ სწორად გამოიცნოს. ეს ალბათ მკითხველსაც გაუჭირდება და მისი ცნობისმოყვარეობა რომ არ დავძაბოთ, მოგახსენებთ: აკაკი წერეთლის გადმოცემით, ამ სიტყვებით ამკობდნენ ერეკლე მეფის მსაჯულს – იმ სოლომონ ლიონიძეს, რომელსაც ბარათაშვილი „ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმულის“ სახელით ხმობდა.

კაცი, რომელიც ჯერ ერეკლეს შეაგონებდა ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის სადავეების ხელიდან არგაშვებას, შემდეგ გიორგი მეფეს და სულ ბოლოს დავით ბატონიშვილს, ხედავდა რა სამეფო გვირგვინის დაკარგვის რეალურ საფრთხეს, მაშინ, როცა უკვე ყველა შეგუებული იყო ახალი მებატონიც უღელს; პლატონ იოსელიანის სიტყვით თუ ვიტყვით:

„სოლომონ ლიონიძე, ვითარცა ლომი გარემოცული მტერთაგან, იბრძოდა ქვეყნისათვის, მეფობისა დაუკარგველობისათვის...“ მაგრამ არავინ უსმენდა „კაცსა მას მხოლოსა, რომელსაცა ესმოდა ყოველივე და რომელიცა ხედავდა შორსა. ხმა მისი იყო ნამდვილი ხმა ღაღადებისა უდაბნოსა“.

ხოლო ამ დროს, დანარჩენი საქართველო, დიდიან–პატარიანად, იმ უზრუნველ გაცხრომაში გახლდათ, რომლის სახეც შესანიშნავად აქვს პლატონ იოსელიანს გადმოცემული:

„დიდი იყო აღრეულება დროთა ამათ ამბოხისა და შფოთთა, და ამასთანავე დიდი სიცილი და შექცევა დიდთა და მცირეთა. არ ეკვირვებოდენ ამას მრავალნი და არცა ჰგონებდნენ ამას უშვერად. ჭირსა და ლხინსა აერთებდენ. ესრეთ იყო მაშინ და ესრეთვე არს დღეს“.

და, რა გასაკვირია, რომ კაცი, რომელიც დრტვინავდა და ვერ ისვენებდა, სამშობლოს დამხობის აჩრდილით გულშეძრული, ჟამიანობის დროს მოლხინეთათვის სწორედ „ტარაკუჭა–მოუსვენარა“ იქნებოდა!

მტრისთვის ლოცვის მადლი

ზოგჯერ, ერთი შეხედვით, სულ უმნიშვნელო მოვლენას – საგანგებოდ წარმოთქმულ სიტყვას ან ფრაზას, შეუძლია ძირფესვიანად შეცვალოს ადამიანის მსოფლმხედველობა, მისი მიზანდასახულება თუ განაზრახი. დღემდე დიდი დავაა ისტიორიკოსებს შორის გიორგი სააკაძის პიროვნების ირგვლივ, საკუთარ სამშობლოსთან დამოკიდებულების მიხედვით – იყო იგი ერის თვითმყოფადობის გადამრჩენი, თუ ქვეყნის დამამხობელი. ორივე ამ მოსაზრების მომხრეთა შემარიგებლად და გიორგის სამოღვაწეო კრედოს განმსაზღვრელად ალბათ გამოდგება ფრაგმენტი მომაზონი მარინე–მაკრინეს თხზულებიდან, სადაც წმიდა მეფე ლუარსაბთან გიორგი სააკაძის დიალოგია აღწერილი::

„გიორგი სააკაძე შეუძრწუნებლად ვერ უყურებდა მეფე ლუარსაბს, რომელიც მის მიმართ არავითარ გულისწყრომას არ გამოთქვამდა. თბილისის ციხე–სიმაგრიდან, რასაც შაჰ–აბასი ათვალიერებდა, ლუარსაბ მეფემ მიაპყრო თვალი სიონის ტაძარს, პირჯვარი გადაიწერა და დიდებული ლოცვა წარმოთქვა: –უფალო, აპატიე ჩემს მტრებს!

შეძრწუნებულმა გიორგი სააკაძემ ძლივს მოახერხა ეთქვა: „ მე ვარ შენი მტერი?“ და თვალები ცრემლით აევსო.

–შენ შეგეძლო შური ჩემზე გეძია, – უპასუხა მეფემ – ხალხს რას ერჩოდი, რომელიც სამუდამოდ დაიღუპა, ან ეკლესიას, რომელმაც შენ სარწმუნოება და ცხოვრება მოგანიჭა?“

მონაზონი მაკრინე წერს, ამ, წუთიდან გიორგი სააკაძე გულით სპარსეთის მტერი გახდა და გადაწყვიტა, ადრე თუ გვიან ბოლო მოეღო საქართველოში სპარსეთის ბატონობისთვის, რაც მის სულს მძიმე ტვირთად აწვაო!

გიორგი სააკაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვა მრავალ შეფასებასთან ერთად, ცხადია, მაკრინე მონაზონის თვალსაზრისიც შეიძლება ჩაითვალოს ანგარიშგასაწევად…

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100