სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენ - მისი უდიდებულესობა 41%!

„დრონი. ჯი“-ში დაიბეჭდა წერილი, სადაც გამოთქმულია სინანული იმის გამო, რომ მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როგორც ყოველთვის, ადგილი არ დარჩა ეროვნული ძალებისათვის - გარეშე პარტიებთან მიკედლებულნი, დამარცხებულნი უკვე მერამდენედ, ზვიადისტები აღმოჩნდნენ! „დარჩნენ ზვიადისტები ყურებჩამოყრილნი“, - სინანულით აღნიშნავს ავტორი.

ცდებით, პატივცემულო ავტორო! ჭეშმარიტი და არა ფსევდოზვიადისტები არცერთ პოლიტიკურ მოძრაობას არ ეკედლებიან - ისინი სამეუფო გეზს მიჰყვებიან, რაც გულისხმობს მართლმადიდებლობის უზენაესობას, ეროვნული მრწამსის პატივდებას და ქრისტიანული ზნეობის დაცვას და მათი კრებითი სახელია „ქართველი ხალხი“! ამდენად, ჩატარებულ არჩევნებში ზვიადისტები დამარცხებულნი კი არა - გამარჯვებულები არიან და თუ რანაირად - ახლავე დაგიმტკიცებთ!

აბა დაითვალეთ, რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა! – 59%-მა. ხოლო რამდენს არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა? -41%-ს.

ასე რომ, ტყუილად იჩემებს ივანიშვილი №41-ით არჩევნებში გამარჯვებას, სინამდვილეში 41%-ით გამარჯვებულები ვართ ჩვენ - მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, ვისაც პრინციპულად არ მიგვიღია მონაწილეობა არჩევნებში - არ მივსულვართ საარჩევნო ურნებთან და არ მიგვიცია ხმა ქართველი ხალხის მორიგი გაბიაბრუებისათვის!

ჩვენთან ერთად პროტესტანტთა რიგებში შეიძლება იყვნენ უკიდურესი მემარცხენეებიდან დაწყებული, უკიდურეს მემარჯვენეებამდე, თვით სამეფო იდეის ადეპტთა ჩათვლით, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ - ჩვენი ძირითადი მასა სწორედ იმ ზვიადისტებისაგან შედგება, ვინც 1991 წლის 26 მაისის შემდეგ პრინციპულად აცხადებს უარს არჩევნებზე, რადგან თავისი სულიერების თანამოაზრე არცერთი საკანდიდატო პარტია არ უხილავს!

მოდით და დაითვალეთ 2012 წლის შედეგები: უქმი დაპირებებით, ამომრჩევლის მოსყიდვით თუ რუსული ბაზრების სასოებით, თავისი რევანშისტებისა და უბირი ლუმპენების ჩათვლით - ივანიშვილმა დააგროვა ჰა-ჰა-ჰა, სულ ყველაზე მეტი რომ ვთქვათ, 1 200 000 ხმა! ასევე: პარტიული მობილიზებით, ნათელი მომავლის დაპირებებით და „ძია სემის“ დღემდე აუხდენელი იმედებით - ნაციონალებმა მოაგროვეს დაახლოებით 900 000 ხმა. ერთად რა გამოდის? - 2 100 000 ხმა, ხოლო რამდენია ჩვენი? 3 600 000-2 100 000 ხმა = 1 500 000ხმა! ესე იგი ყველაზე მეტი ჩვენი ხმაა!

თქვენ გახსოვთ, რომ თავის დროზე ზვიად გამსახურდიას ხმა მისცა 86%-მა; ახლაც ყველაზე მეტი ჩვენა ვართ: თუ ივანიშვილს ხმა მისცა 1 200 000 კაცმა, ნაციონალებს - 900 000-მა, ჩვენ, ვისაც არცერთისთვის არ მიგვიცია ხმა - ვართ 1 500 000!

ესე იგი - ჩვენ, ზვიადისტები ვართ 41%, მეოცნებეები არიან 34% ,ხოლო ნაციონალები - 27%!

ასე რომ, გვიფრთხილდით, პარლამენტარებო! ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ ჩვენ - მისი იდეების გამგრძელებლები 10 წელი ვიბრძოდით შევარდნაძის უზურპატორული ხელისუფლების წინააღმდეგ, ვიდრე არ ჩაქრა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მუხტი გასული საუკუნის უკანასკნელ წელს. მას შემდეგ ახალ ათასწლეულში არც მიტინგებზე გამოვსულვართ, არც თქვენს დავაში ჩავრეულვართ - მოგეცით ასპარეზი თქვენი ტყუილ-მართლის განსასჯელად, მაგრამ როგორც ჩვენი რიცხოვნებით ატყობთ - ჩვენ ყველაზე მეტნი ვართ, ჩვენ - ზვიადისტები, ანუ - მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი (რაც ერთი და იგივეა) და გახსოვდეთ - პარლამენტში ერის საწინააღმდეგო არცერთ ნაბიჯს არ გაპატიებთ!

არ დაგავიწყდეთ - მრუდედ გადადგმული თქვენი თითოეული ნაბიჯი გვახსოვს:

გვახსოვს, როგორი დიდი დაპირებებით მოვიდნენ ხელისუფლებაში ნაციონალები და მათი ლიდერი - ნახევარზომები კი ისევე შეუთავსებელია პოლიტიკასთან, როგორც ნახევარორსულობა ბავშვის დაბადებისთვის: სააკაშვილმა ჯერ თითქოს გადააგდო შევარდნაძე ისტორიის სანაგვეზე, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მორჭმით განუმწესებია კრწანისის სასახლეში; გვახსოვს დავით აღმაშენებლის საქმეთა გამგრძელებლობის დაქადნება და იმ ძირეულ გარდაქმნაზე უარის თქმას, რაც დასაბამით ჩაიდინა დავითმა - რუის-ურბნისის კრების არჩატარებას ეკლესიაში და იქ „ავგიას თავლების“ დაწმენდის ნაცვლად ჯიპიანი „კაგებეშნიკი“ მღვდლების აღზევება რუსული ეკლესიის სამსახურში; გვახსოვს თორთლაძის დეკლარირების დონეზე დარჩენილი ლუსტრაციის კანონი და სამშობლოს მტრობაში გაუმხელელი ინტელიგენციის და ყველა სხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა სამარცხვინო სახელები!

მეოცნებებს ვერ ვაპატიებთ თვით მათ სახელწოდებას - რადგან კოალიციაში შემავალ არცერთ პარტიას არ ეყო ძალა, რომელიმე მათგანის სახელი ექცია საერთო სახელწოდებად და არ დავიწყნოდა, რომ ქართული ანდაზით, თუ „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“, არც აუშენებია არასოდეს და „გლახაკისა და ქილა ერბოს“ მაგალითზე მეოცნებე ერშიც მოწყვეტილია რეალობისაგან და ქრისტიანულადაც მეოცნებეობა მკრეხელობაა. შემდეგ - ვერ ვაპატიებთ მის მეთაურს ერის სამტროდ წამოსროლილ ფრაზებს მსოფლიოს გასაგონად, როდესაც საკუთარ მიწაზე განდგომილ ხიზანს აშოშმინებენ და ის ამას ქვეყნის აგრესიას უწოდებს სხვა ქვეყნის მიმართ! როდესაც უარს ამბობს დიდ გეოპოლიტიკურ როლზე და ყაბულდება რეგიონულ მოთამაშეობას, რაც სხვა სიტყვებით ნიშნავს საუკუნოვანი მონობის გაგრძელებას დიდი „დერჟავის“ მანდატის ქვეშ; მით უფრო, თუ ორსაუკუნოვანი ყოფილი სიუზერენისთვის „ოკუპანტის“ წოდება არ ემეტება და საკუთარი ქვეყნის დამაქცევარ და მთელი კავკასიის ჯალათ მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის სახელის აუგად ხსენებას შიშით ვერცერთხელ ვერ ბედავს!

ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. გვიფრთხილდით პარლამენტარებო - შალვა ნათელაშვილი კი ნუ გეგონებით, ორივეს რომ გლანძღავდათ და არჩევნებში გამარჯვებას იქადნებოდა - უნდა დავეთანხმო ზემოთ ნახსენები წერილის ავტორს - შალვა დამპყრობელი ქვეყნის მემარცხენე ძალაა და იმ პოზიციიდან აგინებდა ნაციონალებსაც და მეოცნებეებსაც, ამიტომაც მიიღო თავისნაირი მე-5 კოლონისგან 1%. სამაგიეროდ ჩვენ ვართ ეროვნულ ძალთაგან შეკრებილი გუნდი და 1% კი არა, 41% ვართ! გახსოვდეთ, თუ ახლა დუმილი ვარჩიეთ და არ მივიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის ჯერ ჟამია დაგროვებისა ქვათა და იმ დროს ველოდებით, როცა ქუდზე კაცს ვუხმობთ და აღვადგენთ 1991-92 წლებში ძალადობით დამხობილ ჩვენს ეროვნულ ხელისუფლებას!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100