მერეთელებმა ივანიშვილს რუსეთის აგენტი უწოდეს - ინტერვიუ თვითმხილველთან
„ქართული ოცნების“ ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ერთად დღეს შიდა ქართლს სტუმრობდა. თუმცა, მათი ვიზიტი მშვიდობიანი არ ყოფილა... ადგილობრივებთან ბიძინა ივანიშვილის მისვლას სოფელ მერეთში, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ივანიშვილის დანახვაზე გაღიზიანებულმა სოფლის მაცხოვრებლებმა ოლიგარქს რუსეთის აგენტი ეძახეს. დაპირისპირების დროს დაცვამ შეშინებული ბიძინა ივანიშვილი გაიყვანა და მანქანაში ჩატენა. „პრესა.ჯი“ ესაუბრა ტელეკომპანია „დიას“ ჟურნალისტს, თამარ ხიდაშელს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.
- რა მოხდა სოფელ მერეთში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ასალანიას სტუმრობის დროს?
- ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობასთან სავარაუდოდ საარჩევნო პროგრამის გასაცნობად იყვნენ ჩამოსულები. როცა დაინახეს ადგილობრივებმა ბიძინა ივანიშვილი, მოსახლეობამ მას რუსეთის აგენტი უწოდა. ისინი უხსნიდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომ მათ რუსეთი არ სურთ. რომ რუსეთის აგენტები ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში. ამ დროს ატყდა ხელჩართული ჩხუბი.
- რა იყო ივანიშვილის პასუხი მოსახლეობის განყობაზე?
- მას შემდეგ, რაც ხელჩართული ჩხუბი ატყდა, ივანიშვილი რამდენიმე წუთით აღარ ჩანდა. ის დაცვამ სასწრაფოდ გაიყვანა. შემდეგ კი, როცა დააწყნარეს, ისევ გამოჩნდა ხალხთან. ეს სოფელი არის 200 მეტრის დაშორებით იმ ტერიტორიიდან, რომელსაც რუსული მხარე აკონტროლებს.
ამ სოფლის მცხოვრებლებმა კარგად იციან რა არის ომი... მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს 2008 წლის რუსული აგრესია. ამიტომ, სოფლის მოსახლეობა უხსნიდა ივანიშვილს, რომ რუსეთუმეების ადგილი აღარაა ქართულ პოლიტიკაში, რადგან ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა 2008 წლის აგვისტოს რუსულმა აგრესიამ. უყვიროდნენ, რომ იქ აღარ მისულიყო და გარიდებოდა სოფელს...
- რა მოხდა ინცინდენტის შემდეგ?
- ივანიშვილმა დატოვა სოფელი მერეთი, იქიდან ის წავიდა სოფელ ტყვიავში და რამდენიმე წამით შეჩერდა დაცვის წევრებთან ერთად... რამდენიმე ადამიანს გაესაუბრა და გზა განაგრძო ქარელისკენ.
- ირაკლი ალასანიას გარდა, ივანიშვილს თუ ახლდა კოალიციის სხვა რომელიმე ლიდერი?
- ლიდერებიდან მხოლოდ ირაკლი ალასანია იყო მასთან ერთად, ასევე იყვნენ რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე და წევრები.
კომენტარი