სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცი

სატვირთო მანქანაში გამართული ზურგით მჯდარი ჯორჯი, პატარა ხელით სატარებელ ტელევიზორს უყურებდა. ნასადილევი და ნასაუზმევი თეფშების გროვა გასარეცხად იქვე ეწყო. პირი გაუპარსავი ჰქონდა. პერანგზე დაყრილ ჯერ ისევ ჩაუმქრალ ფერფლს, გინებით იფერთხავდა. მანქანის კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ფეხზე ზანტად წამოდგა და კარი გამოაღო. კარებთან, ჩანთაში კონიაკის გაუხსნელი ბოთლით კონსტანცია იდგა.

" ჯორჯ, ის ნაბიჭვარი მივატოვე, მისი ატანა მეტი აღარ შემეძლო."

"ამოდი."

ჯორჯმა ბოთლი გახსნა, ორი ჭიქა აიღო, თითოეული სამი მეოთხედი ვისკით და ამავე რაოდენობის წყლით გაავსო. ლოგინზე კონსტანციას გვერდით ჩამოჯდა. კონსტანციამ ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ნასვამს ხელები უკანკალებდა.

" მისი წყეული ფული წამოვიღე და გამოვიქეცი სანამ სამსახურშია. იმ ნაბიჭვართან როგორ დავიტანჯე ვერ წარმოიდგენ, ჯორჯ ."

„მოსაწევი მომეცი“,თქვა ჯორჯმა. კონსტანციამ მიაწოდა და როცა ჯორჯი ახლოს დაიხარა სიგარეტის ასანთებად, ქალს მკლავები მოხვია და აკოცა.

" შე ნაბიჭვარო," თქვა მან, " მომენატრე."

" კონი, შენი ლამაზი ფეხები მომენატრა. მართლა ძალიან მომენატრა."

"ისევ მოგწონს ჩემი ფეხები?"

" მის ყურებაც კი აღმაგრძნებს."

"კოლეჯის ყმაწვილთან ამას ვერ ვახერხებდი," თქვა კონიმ. ‘’ ძალიან ნაზი და ბავშურია. თითქოს შინა მოსამსახურე მყავდა, რომელიც სახლს ალაგებდა. სულ სახლს ალაგებდა თანაც ისე უნაკლოდ, რომ შემწვარ ხბოს ხორცს ტუალეტშიც კი შეჭამდი."

"დალიე, უკეთ გახდები."

"თანაც, ლოგინშიც არ ვარგოდა."

" იმის თქმა გინდა, რომ არ უდგებოდა?"

"როგორ არა, უდგებოდა, ყოველთვის უდგებოდა. მაგრამ ქალის გაბედნიერება არ შეეძლო. არ იცოდა ამისთვის რა უნდა გაეკეთებინა. ჰქონდა ფული, განათლება, როგორც კაცი კი გამოუსადეგარი იყო."

" ნეტავ კოლეჯის განათლება მქონოდა."

" არაფერიც არ გჭირდება, ჯორჯ, შენ ყველაფერი გაქვს."

" კარგი რა, ერთი უბრალო ლაქია ვარ, რომელიც ნებისმიერ შავ სამუშაოს ასრულებს."

" რაც გჭირდება ყველაფერი საკმარისად გაქვს, ჯორჯ. იცი, ქალი როგორ გააბედნიერო."

"ვითომ?"

"კი. და კიდე იცი რა? დედამისი მოდიოდა! დედამისი! კვირაში ორჯერ ან სამჯერ. იჯდა და მიყურებდა, თავს მაჩვენებდა თითქოს მოვწონდი, მაგრამ ყოველთვის კახპასავით მექცეოდა. თითქოს დიდი ცუდი მეძავი ვყოფილიყავი რომელიც შვილს ართმევდა! მის ძვირფას ვალესს! ღმერთო! რა საშინელებაა!'' მისი შვილი მიმტკიცებდა მიყვარხარო. ერთხელაც ვუთხარი თუ ასეა მაშინ ჩემს ფუჩუს შეხედე მეთქი, ვალტერ! არ მინდა მაგას შევხედოო მითხრა. მაგასო! წარმოგიდგენია რა უწოდა! შენ ხომ არ გეშინია ჩემი ფუჩუს ჯორჯ?"

" რა ვიცი, ჩემთვის ჯერ არ უკბენია."

„ მაგრამ, ხომ კბენდი, ჩქმეტდი, არა ჯორჯ?"

''მგონი კი."

" ლოკავდი, კოცნიდი, არა?"

" მგონი ასეა."

" მშვენივრად გახსოვს, ჯორჯ რასაც აკეთებდი."

" ფული რამდენი იშოვე ?"

" ექვსასი დოლარი."

" ხალხის მძარცველები არ მიყვარს, კონი.''

" მაგიტომაც ხარ ჭურჭლის მრეცხავი, რომ პატიოსანი ხარ. ის კი ისეთი მუდოა ჯორჯ. მას მხოლოდ ფულის მოცემა შეუძლია და მე ის დავიმსახურე... მისი, დედამისის, მისი საყვარელი დედის, მისი პატარა დაბანილი ყვერების, ნელსურნელების, ჩალაგებული ჩანთების, პირში სუნქთვის შესაშხურებლის, პარსვის შემდეგ ლოსიონის, მისი სექსუალური და სასიყვარულო მცდელობის ატანისთვის. ყველაფერს საკუთარი თავისთვის აკეთებდა, გესმის, ყველაფერს მხოლოდ მისთვის! შენ გესმის ქალების, ჯორჯ."

" მადლობა ვისკისთვის, კონი. მომე, მეორე სიგარეტი."

ჯორჯმა ჭიქები ისევ შეავსო. "შენი ფეხები მენატრებოდა. მართლა მენატრებოდა. მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებს, რომ ატარებ მომწონს. მაგათ ჭკუიდან გადავყავარ. თანამედროვე ქალებმა რა იციან ამის ფასი. მაღალი ქუსლები კანჭებს, ბარძაყს და საჯდომს გამოკვეთენ: სიარულს რიტმს აძლევს, რაც ძალიან აღმაგრძნებს.

„ ხანდახან რა პოეტივით ლაპარაკობ ჯორჯ, არადა უბრალო ჭურჭლის მრეცხავი ხარ.“

„ მშვენივრად იცი სინამდვილეში რისი გაკეთებაც მიყვარს.“

„რისი?“

„მინდა ქამარი გადაგიჭირო ფეხებზე, საჯდომზე და ბარძაყზე. მინდა აგაცახცახო და გატირო და როცა გნახავ აკანკალებულს და მტირალს შენს უმანკო სიყვარულს შეურაცხვყოფ .“

‘’არ გინდა, ჯორჯ. ადრე ასე არ მელაპარაკებოდი. ყოველთვის კარგად მექცეოდი.“

„ კაბა აიწიე.“

„რა?“

„კაბა აიწიე, შენი ფეხები მინდა უფრო კარგად ვნახო.“

„ ჩემი ფეხები, ხომ მოგწონს, ჯორჯ?“

„ დაე დღის სინათლე იხილონ!“

კონსტანციამ კაბა აიწია.

„ უფალო იესო,“ აღმოხდა ჯორჯს.

„ მოგწონს ჩემი ფეხები?“

‘’მომწონს? მე მიყვარს ისინი!“ შემდეგ ჯორჯი ლოგინთან მივიდა და კონსტანციას სახეში ისე მაგრად გაარტყა, რომ პირიდან სიგარეტი გამოუვარდა.

„ ასე რატომ მექცევი?“

„ იმიტომ, რომ ვოლტერთან იწექი! ვოლტერთან იწექი!“

„ მერე რა მოხდა?“

„ რა და კაბა აიწიე!“

„არა!“

„გააკეთე რასაც გეუბნები!“ ჯორჯმა ამჯერად უფრო ძლიერი სილა გააწნა. კონსტანციამ კაბა აიწია.

„კაბა მარტო ტრუსებამდე აიწიე, ტრუსების დანახვა სულაც არ მინდა!“ დაიყვირა ჯორჯმა.

„ ღმერთო, ჯორჯ, რა გჭირს?“

„ ის რომ, ვოლტერთან იწექი!“

„ ჯორჯ, ვფიცავ მგონი გაგიჟდი. წასვლა მინდა, გამიშვი ჯორჯ!“

„არ გაინძრე, თორემ მოგკლავ!“

„მომკლავ?“

„ ვფიცავ მოგკლავ!“ ჯორჯი ლოგინიდან წამოდგა, ვისკი დაისხა, დალია და კონსტანციას გვერდით ჩამოჯდა. შემდეგ მოკიდებული სიგარეტი აიღო და მაჯაზე მიადო. კონსტანციამ იყვირა. ჯორჯს ისევ მტკიცედ ედო სიგარეტი ქალის მაჯაზე, შემდეგ მოისროლა.

„მამაკაცი ვარ, პატარავ, გესმის ეს რას ნიშნავს?“

„ვიცი მამაკაცი ხარ, ჯორჯ.“

„ შეხედე ჩემს მუსკულებს!“ ჯორჯი წამოდგა და მკლავები მოხარა.

„ ხომ ლამაზია პატარავ? შეხედე ჩემს მუსკულებს! შეეხე! შეეხე!“

კონსტანციამ ჯერ ერთი მერე მეორე მკლავი მოსინჯა.

„ ხო, ჯორჯ, ლამაზი სხეული გაქვს.“

„მამაკაცი ვარ. ჭურჭლის მრეცხავი ვარ, მაგრამ კაცი ვარ, ნამდვილი კაცი.“

„ვიცი ჯორჯ.“

„იმ ღლაპივით კი არ ვარ შენ, რომ მიატოვე.“

„ვიცი ჯორჯ.“

„ სიმღერაც შემიძლია. უნდა მომისმინო.“

კონსტანცია იქვე იჯდა ლოგინზე. ჯორჯმა სიმღერა დაიწყო. ჯერ იმღერა სიმღერა „მოხუც მეთევზეზე“, შემდეგ „ არავინ იცის რა გაჭირვება გამოვიარე,“ „წმინდა ლუის ბლუზი“, „ღმერთმა დალოცოს ამერიკა.“ დრო და დრო რამდენჯერმე შეჩერდა და გაიცინა. შემდეგ კონის გვერდით ჩამოჯდა და ყურში წასჩურჩულა, ლამაზი ფეხები გაქვსო.

სიგარეტი გამოართვა, მოწია, კიდევ ორი ჭიქა სასმელი დალია, შემდეგ თავი კონის კალთაში ჩარგო და თქვა,“ კონი ვიცი არ ვარ კარგი, გიჟი ვარ, მაპატიე რომ გაგარტყი და სიგარეტით დაგწვი.“

კონსტანცია ისევ იქ იჯდა. თითებით ჯორჯს თმებზე ეფერებოდა. ჯორჯს მალე ჩაეძინა. კონსტანციამ ცოტა ხანს დაიცადა, შემდეგ თავი ბალიშზე დადო და ფეხები ლოგინზე გაშალა. მოგვიანებით წამოდგა, ვისკი დაისხა, ცოტა წყალი დაამატა და ხარბად დალია. შემდეგ, მანქანის კარები გამოაღო და გავიდა. ღამის პირველ საათზე მთვარის შუქზე ეზოს უკან მიაბიჯებდა. ცა იყო უღრუბლო თუმცა ღრუბლების გროვა იქვე იცდიდა. ბულვარში გავიდა და ბარ „ლურჯი სარკისკენ“ მიმავალ გზას დაუყვა. ბარში შესულს ვოლტერიც იქ დახვდა. ბარის ბოლოში მარტოდ მჯდარი და მთვრალი. მივიდა და მის გვერდით ჩამოჯდა.“ „მოგენატრე, პატარავ?“ ჰკითხა კონიმ. ვოლტერმა ახედა. იცნო, მაგრამ არაფერი უპასუხა. მხოლოდ, ბარმენს შეხედა და ისიც მათკენ წამოვიდა. მათ ყველას ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ.



მთარგმნელი: ნანა გაგუა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100