სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში მიკრო-მეწარმეების კონკურსი „მიკრო-მეწარმე 2015“ დაიწყო

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია და MFC (მიკროსაფინანსო ცენტრი, პოლონეთი) პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ატარებს მიკრო-მეწარმეების კონკურსს - „მიკრო-მეწარმე 2015“

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მიკრო-მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს ისეთი წარმატებული მიკრო-მეწარმეები, რომლებიც უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესსა და წარმოებას.

კონკურსზე განაცხადების მიიღება დაიწყო და იგი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც კომპეტენტური ჟიური დეტალურად გაეცნობა თითეულ განაცხადს და ნოემბრის ბოლოს 2015 წლის საუკეთესო მიკრო-მეწარმეს გამოავლენს. გამარჯვებულები ხუთ სხვადსხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან: წლის საუკეთესო მიკრო-მეწარმე; წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრო-მეწარმე; წლის საუკეთესო ქალი მიკრო-მეწარმე; წლის ყველაზე ინოვაციური მიკრო-მეწარმე და წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრო-მეწარმე. გალა ღონისძიება ნოემბრის ბოლოს გაიმართება, სადაც გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვება მოხდება. პროექტის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენს, რომელიც ხუთ გამარჯვებულს შორის გადანაწილდება. წლის საუკეთესო მიკრო-მეწარმე 5 000 ლარით იქნება დაჯილდოვებული.

კონკურსის ფარგლებში მიკრო-მეწარმე გულისხმობს ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მის მიერ ორგანიზებული საქმე (ბიზნესი) ან კომპანიის მფლობელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 10-მდე ადამიანი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიკრო-მეწარმეებს, რომლებიც არიან ან წარსულში ყოფილან საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ფინანსური ორგანიზაციების მსესხებელები.

„მიკრო-მეწარმეების კონკურსში“ მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ პროექტის ოფიციალურ გვერდზე award.microfinance.ge-ზე განთავსებული განაცხადის ფორმის მეშვეობით. კონკურსანტები აქვე მიიღებენ სრულ ინფორმაციას კონკურსის პირობებისა და აპლიკაციის შეტანის წესის შესახებ.

„მიკრო-მეწარმეების კონკურსი 2015“ - წელს პირველად ტარდება საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) მიერ. პროექტი ხორციელდება პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100