სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კონსენსუსის შედეგად გახარებულები და გაწბილებულები

როგორც მოსალოდნელი იყო, არც „შეჩვენება“ შედგა და არც ვიღაც–ვიღაცეების იმედი გამართლდა, რომ ქუჩაში გამოსული ხალხის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის შეძლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სასულიერო პირი ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებასთან შეთანხმებას და კანონის გაუქმებას და პრეზიდენტის ხელმოწერის უკან წაღებასთან ერთად, კანონისთვის ხმის მიმცემი დეპუტატების ანათემაზე გადაცემასაც აპირებდა, სინოდმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მეუფე იობმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხელისუფლებასთან შეთანხმება მიღწეულია და იგი ორმხრივ კომპრომისს დაეფუძნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანონი აღარ შეიცვლება და, მით უმეტეს, არც გაუქმდება, მაგრამ შესაძლოა, მასში დამატებები შევიდეს. სასულიერო პირები ახლა ისევ აღნიშნავენ იმას, რასაც გუშინდელ მსვლელობებზე ვერ მოისმენდით: რომ თვითონ კანონში არაფერი წერია ისეთი, რის მიმართაც, შესაძლოა, პრეტენზია ჰქონდეთ, მაგრამ თვითონ კანონის მიღების ფორმა არ მოსწონთ. არადა, თითქმის იგივენი გუშინ კანონის სატანურობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და პარლამენტართა „მოქცევისა“ და „გონების განათლებისთვის“ ლოცულობდნენ.

არადა, როგორც ირკვევა, კანონის მიღება არათუ საპატრიარქოს ზურგსუკან მოხდა, არამედ საპატრიარქო მის განხილვაშიც კი აქტიურად მონაწილეობდა:

საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი, მიხეილ მაჭავარიანი განმარტავს, რომ საპატრიარქოში კონსულტაციები 2 და 5 ივლისს გაიმართა და I მოსმენით მიღებული კანონპროექტის ფორმულირებები II მოსმენისთვის სწორედ სასულიერო პირების პოზიციის გათვალისწინებით შეიცვალა.

"კონსულტაციების დროს კითხვები ძირითადად იმის შესახებ დაისვა, იძლეოდა თუ არა ქონების გადაცემის საფუძველს კანონის ახალი ჩანაწერი. საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრას ჯონი ხეცურიანიც ესწრებოდა და მანაც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინიციატივა ამ მხრივ რაიმე პრობლემას არ ქმნიდა. "სამოქალაქო კოდექსის" შესაბამისი პუნქტით კი მკაფიოდ განისაზღვრა, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ იურიდიულ პირს საქართველოს ავტოკეფალური მართლადიდებელი ეკლესია წარმოადგენს" - აცხადებს მაჭავარიანი.

გუშინ სხვადასხვა ადგილებში აღვლენილმა საჯარო ლოცვამ გაჭრა თუ რომელიმე მხარის კეთილგონიერებამ გაიმარჯვა, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს – მთავარი ისაა, რომ დღეს ორივე მხარე კონსენსუსამდე მივიდა და კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რუსუდან კერვალიშვილი არ მალავს, რომ კანონის მიღება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ აღებული ვალდებულება იყო და იგი უნდა მიეღოთ, თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ პატრიარქის მოწოდება, შეეჩერებინათ კანონის განხილვა, ბრძნული და შორსმჭვრეტელური იყო. „სასიამოვნოა, რომ უწმინდესი სწორედ ისე მოიქცა, როგორც მისგან ველოდით: იგი შექმნილ სიტუაციას დიდი გაგებით მოეკიდა“, – აღნიშნავს კერვალიშვილი.

შესაძლოა, საპატრიარქოს ასეთი ლოიალური გადაწყვეტილების მიღებისკენ იმანაც უბიძგა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სომხურმა მხარემ უკვე დაიწყო მზადება სომხეტში საქარტველოს ეკლესიისთვის იგივე სტატუსის მისანიჭებლად, რაც საქართველოში სომხურ ეკლესიას აქვს. მართალია, ჯერ ეს მხოლოდ საუბრის და პირადი ურთიერთობების დონეზეა ცნობილი, მაგრამ სომხურ მედიაშიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პოლიტიკური ელიტა ამ გადაწყვეტილების მისაღებად პატრიარქის, გარეგინ მეორის რეკომენდაციის შემდეგ უკვე ემზადება. ეს ინფორმაცია პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა გაახმიანა:

"სომხური ეკლესია ამბობდა, რომ საქართველოს ეკლესიასაც მიანიჭებდა ზუსტად იგივე სტატუსს, რა სტატუსიც ექნებოდა აქ სომხურ ეკლესიას", - ამბობს იგი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორე სამშობლოში დაბრუნდა, მან თავისი ქვეყნის მთავრობასთან გადაამოწმა აღნიშნული საკითხი და მათი მხრიდანაც მზადყოფნა გამოითქვა, რომ ქართულ სამოციქულო ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით ანალოგიური კანონპროექტი მომზადდეს.

"შესაბამისად ამის პრობლემა არ არის. საქართველოს ეკლესიას სომხეთში, შეუძლია დარეგისტრირდეს როგორც ეკლესია", - აცხადებს მაჭავარიანი და აქვე დასძენს, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატის ხელშეკრულებაში წერია, რომ ხელისუფლება დაეხმარება მართლმადიდებულ ეკლესიას სხვა სახელმწიფოებში სტატუსის მინიჭების საკითხებში.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირწმუნება, რომ "სამოქალაქო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს რაიმე ახალი კანონის მიღება, მათ შორის "რელიგიური გაერთიანებების" შესახებ კანონის ინიცირება არ მოჰყვება.

"მიღებული კანონის არსი მხოლოდ და მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ თუკი აქამდე მოქმედი კანონით, მაგალითად, კათოლიკურ ეკლესიას ეკლესიად რეგისტრირების შესაძლებლობა არ ჰქონდა და მას რეგისტრაცია როგორც ფონდს ან NGO-ს უნდა გაევლო, ახლა ეკლესიად რეგისტრირების შესაძლებლობა ეძლევა. არანაირი სხვა ცვლილება მიღებულ გადაწყვეტილებას არ მოჰყვება და არანაირი ლოგიკით ქართული ეკლესიის პოზიცია ამ გადაწყვეტილების საწიინაღმდეგო არ შეიძლება, იყოს" - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი.

ამავე დროს მიხეილ მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ ბევრი ადამიანი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს და მასზე საპატრიარქოს რეაქციას ახალი დაპირისპირების შესაძლებლობად განიხილავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100