ჩერქეზთა საპასუხო მხარდაჭერა: „გენოციდის მიწაზე“ ოლიმპიადა არ უნდა ჩატარდეს!“
როგორც მშობლიურ მხარეში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ჩერქეზები უახლოეს დღეებში საერთაშორისო საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებას იწყებენ. როგორც რუსული პრესა წერს, ჩერქეზები კრემლის საწინააღმდეგო აქციების გამართვას სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებაზე უარის თქმის მოთხოვნით გეგმავენ.
„გენოციდის მიწაზე ოლიმპიადა არ უნდა ჩატარდეს!“ – ასეთია ღონისძიებების სლოგანი, რომლითაც ჩერქეზები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სოჭზე უარის თქმას მოსთხოვენ და შეახსენებენ მის წევრებს, რომ ოლიმპიური ქარტია კრძალავს ადამიანთა მასობრივი მკვლელობების ადგილებში თამაშების ჩატარებას.
„გენოციდის ავტორები და ოკუპანტები ოლიმპიადას არ უნდა მასპინძლობდნენ!“ – ამ სათაურით შედგენილ პეტიციაში ჩერქეზები რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის ფაქტსაც იმ ფაქტებში მოიხსენიებენ, რომელთა გამოც სოჭის მასპინძლობაზე საერთაშორისო საზოგადოებამ უარი უნდა თქვას.
რუსული პრესა კი იმაზე წუწუნებს, რომ ჩერქეზთა პროტესტის მასშტაბები მთელ მსოფლიოში იზრდება. რასაკვირველია, ამაში რუსული მანქანა საქართველოს ადანაშაულებს. მათი თქმით, „რუსებისთვის რეგიონის მოსახლეობის წართმევას“ „კავკასიის ფონდი“ ცდილობს, რომელიც დაღესტნურ ნაციონალურ ჯგუფებთან თანამშრომლობს და ადიღეელების გენოციდისათვის აღიარებისთვისაც მიზეზებს ეძებს“ – აცხადებენ კრემლის ემისრები.
ეს უკანასნკნელნი იმასაც ირწმუნებიან, რომ სააკაშვილს „გაერთიანებული კავკასიის“ პროექტი აქვს, ცენტრით თბილისში, სადაც კავკასიელი ხალხის ბედი გადაწყდება და კავკასიის რეგიონის ერთიანი ეკონომიკური და კულტურული სივრცის მართვა განხორციელდება.
კომენტარი