სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან კალანდაძე: „აქციზის გაზრდით, ლუდის ბაზარი საინვესტიციო მიმზიდველობას დაკარგავს“

2014 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“კანონპროექტი” (მოგვიანებით ბიუჯეტიც) დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 1 იანვრიდან შეიცვალა აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე) და ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე.

ლუდის მწარმოებლები უარყოფითად აფასებენ გადაწყვეტილებას ლუდზე აქციზის 50% გაზრდის შესახებ, რომელიც ძალაში 2015 წლის 1 მარტიდან შევა.

„არ გამიძვირო ლუდი!“ - ამ სახელწოდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, “ზედაზენის“ კომერციულმა დირექტორმა კახა პაიჭაძემ და „კასტელ საქართველოს“გენერალურმა დირექტორმა ლევან ზაუტაშვილმა მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ საფრთხეები ნამდვილად არსებობს, თანაც სხვადასხვა მიმართულებით.

- ლუდზე აქციზის ზრდის შედეგად რამდენად გაიზრდება ერთი ტრი ლუდის საცალო ფასი და რა გავლენას მოახდენს ეს ზრდა ადგილობრივი ლუდის გაყიდვებზე, ადგილობრივი ლუდის წარმოებაზე?

- ლუდის ბაზარი, ლუდის წარმოება და თავად ლუდი ძალზე ელასტიური პროდუქტია და ნებისმიერი საგადასახადო ცვლილება ლუდის მოხმარების რაოდენობაზე მაშინვე აისახება. განსხვავებით სიგარეტისგან, რომელზეც ფასის ცვლილება მწეველთა ქცევაზე ნაკლებ გავლენას ახდენს. ლუდთან მიმართებაში აქციზის ზრდა დიდი რისკის შემცველია. აქციზის გადასახადის მატება ნეგატიურად აისახება, როგორც ლუდის მოხმარებაზე ისე ლუდის წარმოებაზე. ლუდის მომხმარებელთა წესის და კულტური ცვლილება ლუდის მწარმოებლებს გარკვეულ ზარალს აუცილებლად მოუტანს.

ლუდთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ, სადაც ქუჩაში და ეზოებში ლუდის აკრძალვაზეა საუბარი, ლუდის გაყიდვები ბოლო ორი თვის განმავლობაში 22 – 23 პროცენტით შემცირდა. შესაბამისად, 2015 წლისთვის, განსაკუთრებით სეზონის პერიოდში, აქციზის მატება ლუდის წარმოებაზე უარყოფითად აისახება - კომპანიებს შეუმცირდებათ გაყიდვები, წარმოება დაიკლებს... და ეს ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ თავად კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე, არამედ იმ ფისკალურ მაჩვენებლებზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების კუთხით.

სავარაუდოდ, თუ ტენდენცია განგრძობადი აღმოჩნდა და წარმოების მოუცლობის კუთხით სტაბილიზაცია შენარჩუნებული ვერ იქნა, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეს აუცილებლად აისახება, ერთის მხრივ, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაზე, მეორეს მხრივ კი ამ დარგში დაგეგმილ და განსახორციელებელ ინვესტიციებზე. ბუნებრივია როდესაც წარმოების მოცულობა იკლებს ეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე და ზოგადად დარგში ინვესტიციების მოზიდვის მაჩვენებელზე პირდაპირ აისახება.

-აქციზის გაზრდა მოდის თუ არა შესაბამისობაში ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებასთან და როგორ? გამომდინარეობს თუ არა ლუდზე აქციზის გაზრდის მოთხოვნას აქართველო -ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებიდან?

-აღნიშნული რეგულაცია არანაირად არ წარმოადგენს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პირობას, იმიტომ რომ ჩვენ ლუდის აქციზი უკვე გვაქვს გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს ევროკავშირის მოთხოვნებს შეესაბამება, ჩვენ ევროპის სტანდარტს მნიშვნელოვნად უსწრებთ წინ მაღალი აქციზის გადასახადით, და ამგვარ იმპერატიულ მოთხოვნას ეს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს და სწორედ ამიტომ იყო, რომ ხელისუფლება მალევე მორჩა ამ საკითხზე აპელირებას. მეორე საკითხი უკავშირდება გონივრულ ვადებს. რამდენად გონივრული იყო ის პერიოდი, რომელიც მიეცა კომპანიებს? - ბუნებრივია არ იყო გონივრული , რადგან ევროპაში არსებობს გარკვეული სტანდარტი იმისა, თუ რა პერიოდი უნდა მისცე მწარმოებელს გადასახადის განაკევთის ცვლილების პირობებში, რათა საკუთარი სამოქმედო სტრატეგია ახალი მოცემულობებიდან გამომდინარე გადააწყოს. ეს როგორც წესი არის 6 - დან 8 თვემდე ვადას გულისხმობს, მაგრამ ლუდის ბაზარი, როგორც წესი არის ე.წ. სეზონური ბაზარი და შესაბამისად ლუდის მწარმოებლებს საქართველოში ეს გონივრული ვადაც კი არ მიეცათ - მათ 2015 წლის სეზონი ფაქტიურად ჩაუგდეს. ევროპული სტანდარტით გადასახადის განაკვეთის ცვლილება 2015 წლის სეზონის დამთავრების შემდგომ უნდა მოგვეხდინა. ჩვენ ლუდის კომპანიებს 2015 წლის სეზონი ფაქტიურად ჩავუგდეთ ან უკეთეს შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეუმცირეთ 2015 წელს დაგეგმილი გაყიდვების მაჩვენებლები.

- საშუალოვადიან პერსპექტივაში (3 - 5 წლის გათვლით) რა მდგომარეობაში იქნება ინდუსტრია იმ შემთხვევებში თუ: 1) მოხდება აქციზის ზრდა 50%-ით; 2) მოხდება აქციზის ზრდა ინფლაციის შესაბამისად? როგორი იქნება ბაზრის ზრდა და შესაბამისად ჯამური ფისკალური ეფექტი?

-პროგნოზის გაკეთება რთული არ არის თუ გავითვალისწინებთ იმ ტრენდს, რომელიც ფაქტობრივად უკვე სახეზეა, ლუდის მოცულობის შემცირებას ვგულისმობ, აქ ორი საკითხია, ორი მიმართულებით შეიძლება გაკეთდეს პროგნოზი: პირველი თავად ის, რომ ლუდის წარმოების ბაზარი, რომელიც აქამდე ყოველთვის საინტერესო იყო საინვესტიციო თვალსაზრისით უბრალოდ დაკარგავს მომხიბვლელობას, ეს დარგი საინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესო და მიმზიდველი აღარ იქნება და აქედან გამომდინარე ამ მიმართულებიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციების შემოდინებას აღარ უნდა ველოდოთ, მეორე საკითხი უკავშირდება ბაზრის კონიუქტურას და ბაზრის სტრუქტურას - დღეს ქართულ ბაზარზე დომინანტი სწორედ ქართული ლუდია და უცხოურ ლუდს მხოლოდ პატარა ნიშა უკავია. თუ საგადასახადო ტვირთი შეიცვლება და ლუდის მწარმოებელ კომპანიებს გადასახადი გაეზრდებათ, ეს გაზრდის უხცოური კომპანიების ბაზარზე ხვედრითი წილის გაზრდის ალბათობას გაზრდის ანუ ამ თვალსაზრისით გაიზრდება ლუდის იმპორტი, ექსპორტი კი შემცირდება და ქვეყნის შიდა ბაზარზე გარკვეული წონასწორობა, რომელიც დღეს ქართული ლუდის აბსოლუტურ უპირატესობაში გამოიხატება, დაირღვევა ექსპორტირებული ლუდის სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა იზარალებს ჩვენ, იზარალებს სახელმწიფო, იზარალებს ბიუჯეტი, იზარალებს ის ბიზნესი, რომელიც დღეს საქართველოში ფუნქციონირებს და წარმატებულია, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ჩნდება რისკი, რომ ლუდის მწარმოებელი კომპანიებიდან შემცირდეს ბიუჯეტში გადასახადები, შემცირდეს სამუშაო ადგილები, რომლის გენერირებასაც ლუდის ბაზარი ახორციელებს და ექსპორტ - იმპორტის ლუდის ბალანსი, უცხოური ლუდის სასარგებლოდ დირღვევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100