სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანაშვილის „ქართული ოცნება“ რუსული ბეგრაუნდით

ბიძინა ივანაშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებაში ასეთი ფრაზა გვხვდება: ჩვენ ერთად უნდა ავიხდინოთ „ქართული ოცნება“. ძნელი სათქმელია, რას ოცნებობს ივანაშვილი. ამჯერად, ალბათ საკუთარი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების უმაღლეს მწვერვალს - პოლიტიკური ძალაუფლების კვერთხის ხელში ჩაგდებას და ოლიგარქის საპატიო ტიტულის საბოლოოდ გამართლებას... 

თუმცა, რუს ოლიგარქს შესაძლოა, კიდევ სხვა ოცნებებიც აქვს, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან და იმიჯიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, რამდენად ემთხვევა რუსეთში გამძღარი ივანაშვილისა და ქართველი ხალხის გემოვნება და სურვილები ერთმანეთს. 

პუბლიკასთან უკვე რამდენიმედღიანი კუკუდამალობანას თამაშის და საკუთარი გეგმების წერილობით წარმოდგენის შემდეგ, ბევრისთვის ნათელი გახდა, რომ რუსული მენტალიტეტის მქონე მილიარდერი სწორედ კრემლის წესებით, მეთოდებით და მოთხოვნებით თამაშობს. სტილი, ფაქტობრივად, ერთი ერთზე ემთხვევა.

კრემლის ოცნება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში რაცაა, უკვე ორას წელზე მეტია ვიცით. ხოლო „მეხუთე კოლონის“ და მტრის ხელში არსებული შიდა კოზირების მიერ ქართული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო დიდი გამოცდილება გვაქვს. ამიტომ ქართველი ერი, ასეთ სიტუაციებში, ძნელად ტყუვდება. ეს საქართველოს უკანასკნელი წლების პოლიტიკურმა ცხოვრებამაც კარგად დაადასტურა.

ბიძინა ივანაშვილის მიერ ჩირგვებიდან გაკეთებული განცხადებების სტრიქონებს შუა, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა სწორედ კრემლის ხელწერა რომ დაინახა, ლოგიკურია. კრემლის და ქართველი ხალხის ოცნებები კი რამდენად მოდის ურთიერთთან „შესაბამისობაში“, ცნობილია. ივანაშვილის „ქართულ ოცნებას“ კი სწორედ კრემლის მუქი ჩრდილი რომ გასდევს ფონად, საეჭვოც აღარ არის.

როგორც ცნობილია, რუსული სპეცსამსახურები, ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ და დაუნდობელ ორგანიზაციად ითვლება მსოფლიოში. განვითარებულ ქვეყნებში, მას ისე აღიქვამენ, როგორც კრიმინალურ ორგანიზაციას. მისი დავალების ყოველი შემსრულებელი კი, ფაქტობრივად, იგივე კრიმინალია. რა კონკრეტული დავალება შეიძლება ჰქონდეს ივანაშვილს კრემლისგან არ ვიცით, თუმცა მოსკოვის ბუნების და მისი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლოვანი მეთოდების ისტორიიდან გამომდინარე, ქართველებისათვის ამის გამოცნობა რთული არ უნდა იყოს.

ამიტომ ივანაშვილის „ქართული ოცნება“ რუსული ბეგრაუნდით, წინასწარვე სრული კრახისთვის რომ არის განწირული, ამ მოსაზრებას ალტერნატივა არ შეიძლება ჰქონდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100