ვინ შეიძლება იყოს საქართველოს მეფე?
„ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან“ (რომ.13,1) - ბრძანებს პავლე მოციქული.
ქართველი წმიდა ბერი მამა გაბრიელი მოგვიწოდებს: „მეფეს სხვა მადლი აქვს; სანამ ბაგრატოვანი მეფე არ დაუბრუნდება, საქართველოს არაფერი ეშველება! მეფის მოსვლამდე კი ტახტი აღადგინეთ!“
ვიდრე დროთა და ჟამთა ცვალებადობა მამა გაბრიელის ნასურვებ დღეს მოგვიახლოვებს, მივცემთ თავს მსჯელობის უფლებას - ვინ შეიძლება იყოს საქართველოს მეფე:
1. პირველ ყოვლისა, ის აუცილებლად უნდა იყოს ბაგრატიონი - იესიან-დავითიანი ბიბლიური მეფეების შთამომავალი და საქართველოს მფარველისა და მეოხის, დედა ღვთისმშობლის სისხლით ნათესავი - ევროპაში უძველესი 1400-წლიანი დინასტიის აღმდგენელი, რომელიც არა ქართველთა ნებით, არამედ უცხო ქვეყნის ვერაგული თვალთმაქცობითა და ძალმომრეობით დავკარგეთ.
შესაბამისად, ვინ არ შეიძლება იყოს ქართველი მეფე - ვინც არ არის სისხლით ბაგრატიონთა ნათესავი.
2. აუცილებლად უნდა იყოს მართლმადიდებელი - ვინაიდან „რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი“. მეფე უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანული აღმსარებლობის გარანტი ქვეყანაში.
შესაბამისად - სხვა სარწუნოებისა და, მათ შორის, განსხვავებული ქრისტიანული კონფესიის მაღიარებელი ვერ იქნება საქართველოს მეფე.
3. მეფის მშობლიური ენა უნდა იყოს ქართული. იგი უნდა იცნობდეს ყველა ქართულ დიალექტსა და კილო-კავებს და ზიარებული უნდა იყოს აფხაზური ენის საფუძვლებს.
შესაბამისად - ვისთვისაც ქართული ენა არ იქნება მშობლიური ენა, ის ვერ უნდა გახდეს საქართველოს ტახტის მფლობელი.
4. მეფე უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი და ზნეობრივად გაწონასწორებული.
შესაბამისად - ვისაც ექნება თვალსაჩინო ფიზიკური და ფსიქიკური ნაკლი, აგრეთვე ზნეობრივი მანკიერებანი (მრუშობა, ანგარება, ქვებუდანობა და ა.შ.) ვერ უნდა დაიკავოს სამეფო ტახტი.
5. მეფეს უნდა ჰქონდეს იბერიულ-კავკასიური ერთიანობის შეგნება და პასუხისმგებლობა: ფარნავაზის, ვახტანგის, დავითის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის კავკასიის გამაერთიანებელი პოლიტიკური მრწამსითა და დიდი ილიას სენტენციის მეხედვით: „კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ფიქრობს, და ეს ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება“.
შესაბამისად - თუ მეფე ვერ აცნობიერებს სამშობლოს კეთილდღეობისათვის იბერიულ-კავკასიურ ერთიანობაზე პასუხისმგებლობას, ის ვერ შეიშნოვებს საქართველოს სამეფო ტახტს.
6. მომავალი მეფე მხოლოდ ლეგიტიმიზმის ძალითა და მონარქისტთა წრის დაჟინებული თხოვნის საფუძველზე არ უნდა ადიოდეს ტახტზე - მას თავად უნდა ჰქონდეს მეფობის სურვილი, საკუთარი ძალების რწმენა და სამშობლოსათვის თავდადების უნარი.
შესაბამისად - უფლისწულის მხოლოდ გვარიშვილობა და ლეგიტიმიზმი, შინაგანი მზაობის უქონლად, ვერ აღადგენს საქართველოს სამეფო ტახტს.
კომენტარი