სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

განმუხურში ქართველი პოლიციელების საგუშაგოს ესროლეს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა ექვსამდე დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ყუმბარმტყორცნებით დაცხრილეს ქართველი პოლიციელების საგუშაგო, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.

თავდასხმა ქართველი პოლიციელების საგუშაგოზე გვიან ღამით, დაახლოებით 03.00 საათზე მოხდა. თავდამსხმელებმა „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატები და ორი „რპგ-7“ ტიპის ყუმბარმტყორცნი გამოიყენეს.

თავდამსხმელები რომ წინასწარ მომზადებულები იყვნენ და პროვოკაციაზე წამოვიდნენ, მათი შეიარაღებაც მიუთითებს. განმუხურში მცხოვრებლებმა „დრონი.ჯი“-ს უთხრეს, რომ ორმხრივი სროლის ხმა სოფელში დაახლოებით 15 წუთს გრძელდებოდა. ქართველი პოლიციელები და სოფლის მოსახლეობა არ დაზარალებულა.

მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს შსს-მ. მასში ნათქვამია, რომ ათწუთიანი სროლის შემდეგ თავდამსხმელები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალნენ.

შსს-მ დაგმო აღნიშნული ქმედება და მოუწოდა რუსეთის საოკუპაციო ძალებს, თავი შეიკავონ და აღკვეთონ შეიარაღებული პროვოკაციები.

მომხდარ ფაქტს საგარეო უწყებაც გამოეხმაურა:

"აღნიშნული შეიარაღებული პროვოკაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მოთხოვნის სამართლიანობას იმის თაობაზე, რომ რეგიონში არსებული ვითარების დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია რუსეთმა აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე, ითანამშრომლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), როგორც ამას აკეთებს საქართველო, სრული მოცულობით შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაციის პროცესი". - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100