„ჰით ბათუმი 2015“ ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეების დაწყება "სპარკი! ლედ დრამერებმა“ გვამცნეს
”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 10-16 აგვიტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება
სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.
დღეიდან ბათუმში თეატრალური აუდდორის კვირეული იწყება, რომელიც 16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება.
ქუჩის თეატრის დღეების დაწყება ბათუმის ბულვარში "სპარკი! ლედ დრამერებმა“ გვამცნეს. ბულვარში მანათობელმა დრამერებმა არნახული შოუ დადგეს!
ერთი სიტყვით, ქუჩის თეატრის დღეები დაიწყო!
თეატრალური აღლუმი ბათუმში 16 აგვისტოს დასრულდება. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.
დღეს დილიდან კი, ამირან შალიკაშვილის თეატრის მსახიობები ბათუმელებსა და ქალაქის დამსვენებლებს სასიამოვნო განწყობას შეუქმნიან. პანტომიმები მათთან შესახვედრად ემზადებიან - შოუ პროგრამა ფანტანებიდან დაიწყება და სანაპირო ზოლს გაუყვება.
საღამოს კი, 21:30 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის კორტები ბოლივუდ მასალა ორკესტრას უმასპინძლებს. ისინი ინდოეთიდან „ჰით ბათუმის“ პროექტის ფარგლებში ზღვისპირა ქალაქს სპეციალურად ესტუმრნენ.
გვიან ღამით ბულვარში ყველას მანათობელი აღლუმი გელით - კვლავ Spark! LED Drummers ლოდნონიდან.
10-16 აგვისტოს ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:
12 აგვისტო, 20:00, ერას მოედანი - მაგიდა ორისთვის (ესპანეთი)
12-13 აგვისტო, 23:00, ბულვარი - მოცეკვავე გრაფიტი BANDART Productions (უნგრეთი)
13 აგვისტო, 20:00, საზაფხულო თეატრი - სამეფო უბნის თეატრი. სპექტაკლი „ტროელი ქალები“
13 აგვისტო, 19:00 - ქუჩა, ბულვარი, 23:00 საფესტივალო კლუბი TAKE FIVE – The New York Brass Band
14 აგვისტო, 22:00, პიაცა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“
14 აგვისტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულვარი/პიაცა - The New York Brass
15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“
15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band
16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.
კომენტარი