სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქალაქო სასამართლო ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქალაქო სასამართლო ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსასც dron.ge უცვლელად გთავაზობთ

„2013 წლის 13 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე პარტია ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” გამგეობის თავმჯდომარის სერგო ჯავახიძის სარჩელი, მოპასუხე ზურაბ ნოღაიდელისა და შპს ”ნკონსალტინგის” მიმართ. მხარეებს შორს დავის საგანს ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა.

საქმის მასალების მიხედვით, მხარეთა შორის არსებული იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პარტია ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ანგარიშებიდან შპს ”ნკონსალტინგს”, რომლის 100% წილის მესაკუთრეს წარმოადგენს ზურაბ ნოღაიდელი, სხვადასხვა დროს გადაერიცხა გარკვეული ოდენობის თანხა. მოსარჩელემ სადავოდ გახადა მასსა და შ.პ.ს ”ნკონსალტინგს” შორის იჯარის ხელშეკრულებების არსებობა და მოითხოვა გადარიცხული ფულადი სახსრების უკან დაბრუნება.

მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა რომ მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა იჯარის ხელშეკრულებები, შესაბამისად არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.

შეჯიბრობითობის და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელი, რის გამოც უარი ეთქვა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ყადაღა მოეხსნა ზურაბ ნოღაიდელის და შპს ”ნკონსალტინგის” საკუთრებაში არსებულ ქონებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში. „ -ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100