
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას 28 ქვეყნის ხელმოწერა ექნება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ორგანიზაციის 28-ვე წევრი ქვეყნის ხელმოწერა ექნება.
ევროკავშირის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოების უმაღლესი პირები შეთანხმებაზე საკუთარ ხელმოწერას მას შემდეგ დააფიქსირებენ, რაც დოკუმენტს თავდაპირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი გააფორმებენ.
ხელმომწერ პირებს შეთანხმების ორ-ორი ეგზემპლარი ექნებათ. ყველა მათგანზე ცალ-ცალკე დაფიქსირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი პირების ხელმოწერაც.
ხელმოწერის ცერემონია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება. ხელმოწერამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტები სიტყვითაც გამოვლენ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება დღეს, ბრიუსელის დროით 09:00 საათზე, თბილისის დროით კი 11:00 საათზე გაფორმდება.
კომენტარი