მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს საკუთარ ვენახში უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, საკუთარ ვენახში ათ სტუდენტს უმასპინძლა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს და საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
"თქვენ ხართ ჩვენი ხედვის წარმატების ნიშანი. თქვენ ყველაზე მაღალი ქულები მიიღეთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მთავარი რეფორმის შედეგია. ხუთი წლის წინ მაღალი ქულებით ახალგაზრდები მიდიოდნენ საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე. თქვენ კი, აირჩიეთ სწორედ ის პროფესიები, რომლებზეც ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია, მივუთითებთ ადამიანებს. ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები, თავად უნდა გამოვკვებოთ ჩვენი თავი და შევქმნათ ჩვენი ქვეყანა. დავიღალეთ იმით, რომ მცირე ტექნოლოგიისთვისაც კი სხვა ქვეყანაში – გერმანიაში, ჩინეთში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც კი გვიხდება სირბილი, რადგან თავად ვერ ვაკეთებთ ამას. თქვენ - ათმა საუკეთესო სტუდენტმა ტექნიკური პროფესიები აირჩიეთ, რაც ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით დავიწყეთ მოძრაობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა სტუდენტებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა საჩუქრად და მათთან ერთად მწვადიც შეწვა. "ვფიქრობდი, კახა ბენდუქიძე დამეპატიჟებინა აქ, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ჯობია, ჩვენ ვიყოთ", - იხუმრა პრეზიდენტმა.
ამასთან, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში ნახევარი ჰექტარი მიწა, სადაც ვენახია გაშენებული, პრეზიდენტმა 30 ათას ლარად შეიძინა, სამი თვის წინ კი, სახლის მშენებლობაც დაიწყო.
კომენტარი