სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ლექსი ვაჟა ფშაველამ ლევ ტოლსტოის გარდაცვალების შემდეგ მიუძღვნა

მარტო რუსეთმა? მთელმა ქვეყანამ
დაჰკარგა მამა, თვისი აღმზრდელი,
ვინაც მოჰფინა ჩვენს გულ-გონებას
და ჩვენს ვნებათა უხვად ნათელი.

გაჩაღებულსა სულის ქურაზე
ახალს გრძნობასა და აზრსა სჭედდა.
ადამიანთა სულის შემხუთველს
დაუცხრომელად ხუნდებსა ჰკვეთდა.
მოხუცდა, მაგრამ იმისი გული
ჭაბუკისაზე ძლიერად სცემდა.

მან სიყვარული ჰაერად შეჰქმნა,
რომ მას ჰსუნთქავდეს სულდგმული ყველა;
ამაში არი ჯოჯოხეთისა
სამოთხედ შექმნის საღსარი, შველა.
მაგრამ საიდან, როცა ჩვენს გულში
და გონებაში ჯერ ისევ ბნელა?

ეს მძლავრი სული, ზოგთაგან კრული,
მიმოჰქრის ეხლა ცათა სფეროში
და თავს აფარებს დასასვენებლად
თავის ღმერთისა კალთის ჩეროში.
ვეღარ იპოვოს მისებრი გვამი
რუსეთმა თავის სამფლობელოში!

დიდხანს და დიდხანს უნდა ლოდინი,
კვლავ ამოუხდეს მას მზე ჩამქრალი,
დიდი დრო უნდა, რუსეთის ერმა
შეიგნოს მისი მოძღვრების ძალი.
სულითამც იშვებს და გაიხარებს,
ვინც ჩვენ ცხოვრებას დაატყო კვალი,
კვალი ღრმა, დიდი, ვითა უფსკრული,
რომ იმის ფსკერსა ვერ სწვდება თვალი!
იქ აგროვია მარგალიტები,
აუარები ზურმუხტი, ლალი:
რომ ის მოჰხვეჭო, არაფერს გარგებს
ხმალი და თოფი, ურიცხვი ჯარი.
ვინც სიყვარულით განიმსჭვალება,
იმას ეკუთვნის, იმისი არი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100