უდმურტეთსა და ბაშკირეთში ოკუპანტებს, სავარაუდოდ, „მოჯაჰედები“ აფეთქებენ (ვიდეო)
102-ე არსენალში აფეთქებების ხმა გასულ ღამესაც ისმოდა. აფეთქებების შუალედი დაახლოებით ასეთი იყო: ორჯერ ყოველ 5 წუთში. სამხედრო ნაწილი მთლიანად იავარქმნილია - დანგრეულია ასზე მეტი შენობა. დაზარალებულთა რიცხვი 75-დე გაიზარდა. დაახლოებით მათი ნახევარი სტაციონარულ მკურნალობას გადის და 20-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. უდმურტეთის დედაქალაქში დაშავებულთა და ევაკურებულთათვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ. რუსი ბლოგერები კი წერენ, რომ აფეთქების დაწყებისთანავე 18 ადამიანი დაიღუპა, ორი კი - სტრესის გამო გულის შეტევისგან გარდაიცვალა.
ბოლო ცნობები უდმურტეთიდან სწორედ რუსი ბლოგერების ჩანაწერებში მოიპოვება. აი, რას წერს ერთ-ერთი ბლოგერი თავის ჩანაწერში, რომელიც უკანასკნელად 3 ივნისს, საღამოს საათებში განაახლა:
„მე შევძელი სოფელ იაგანამდე მიღწევა, რომელიც ბაზიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. მთელი სოფელი ევაკუირებულია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც დარჩენა ამჯობინეს. დარჩენილთა მთავარი საზრუნავი მაგარი სასმელის პოვნაა, მაგრამ არაყი ირგვლივ არსადაა. სამაგიეროდ, სავსეა ომონელებით (სპეციალური დანიშნულების მილიციის რაზმი). სახლები მიტოვებულია, მინები - ჩამსხვრეული. როგორც ერთ-ერთი ომონელი მეუბნება, პირველი მოროდიორი უკვე დააკავეს. სხვათა შორის, რუსული მედიასაშუალებების ცნობა, რომ აფეთქებებმა იკლო, სიცრუეა: სინამდვილეში უფრო ძლიერი აფეთქებებია. თანაც, მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ საღამოს საათებში, შესაძლოა, აფეთქებების მორიგი ტალღა დაიწყოს.
აი, ვხედავ, რომ ბოსტნების მხრიდან მამაკაცი გამოიჭრა, რომელსაც ხელში მცირე ზომის ფრთიანი, რაკეტის მსგავსი ჭურვი უჭირავს. მის გამოჩენაზე ომონელები დაფაცურდნენ, სასწრაფოდ დააკავეს და გამნაღმველები გამოიძახეს. როგორც ჩანს, ჭურვს საბრძოლო კაფსულა არა აქვს. ასეთივე ჭურვი რამდენიმე საათის წინ პირველი მაისის ქუჩაზეც იპოვეს.
ომონელები ამბობენ, რომ ჭურვებს ბლომად პოულობენ. როგორც ჩანს, ზოგი მათგანი გამოტყორცნილია და იმის გამო არ აფეთქდა, რომ საბრძოლო კაფსულა არა აქვს. ელიან ახალ აფეთქებებს. ომონელებმა თქვეს, რომ საღამოს აუცილებლად იქუხებს, რადგან ცეცხლი ახალი საწყობებისკენ მიიწევს.კვამლის ფერი შეიცვალა და ის შავის ნაცვლად, ახლა თეთრია.“
უდმურტეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 4 ივნისის 9 საათისთვის აფეთქებებისგან დაზარალებულმა 76 ადამიანმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს. მათგან 35 ჰოსპიტალიზირებულია. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ იჟევსკიდან 35 კმ-ში მდებარე ბაზაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად მინიმუმ, 18 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა.
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა, რომლებსაც უშუალოდ აფეთქების შედეგად დარჩენილი ჭრილობები და ნიშნები არ ჰქონდათ, სამედიცინო დაწესებულებებს ერთნაირი ჩივილებით მიმართეს: საერთო სისუსტე, ყელის გაშრობა და მოთენთილობა. მედიკოსები ვერ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ეს ადამიანები მოიწამლნენ. ამან კიდევ უფრო მეტი პანიკის გაჩენას შეუწყო ხელი: ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ 102-ე ბაზაზე, რომელიც მსგავს ბაზებს შორის უდიდესია, ქიმიური და, შესაძლოა რადიოაქტიური ნივთიერებები ინახებოდა. ადგილობრივთა გაღიზიანებას ისიც იწვევს, რომ ხელისუფლება ტვ-ების მეშვეობით ცდილობს, მომხდარი ტრაგედიის მასშტაბები მცირედ წარმოაჩინოს - უდმურტეთის ჯანდაცვის სამისნისტრო აცხადებს, რომ ამ დროისთვის არ ფლობს ინფორმაციას გარდაცვლილთა შესახებ.
გალინა კნიაზევა, იჟევსკის მცხოვრები, აფეთქების დაწყების დროს სწორედ იმ სოფელში იმყოფებოდა, სადაც ბაზაა განლაგებული. მისი თქმით, პირველი აფეთქების ტალღამ მისი სახლს კარი მოგლიჯა. გადარჩენის იმედით გალინა ფანჯრიდან გადახტა და ტყისკენ გაიქცა. მისი სიტყვებით, „ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ახალგაზრდა ჯარისკაცებიც მირბოდნენ. ტყეში, შედარებით უსაფრთხო ადგილას შეყუჟვის შემდეგ, სახეწაშლილი ჯარისკაცები მიწაზე დაემხნენ და მწარედ მოთქვამდნენ თავიანთი დაღუპული მეგობრების გამო.“, - წერს გამოცემა izhlife.ru.
აფეთქებულ ტერიტორიას, რომელიც ახლა იავარქმნილია, ადგილობრივი მოსახლეობა „ტეხნიჩკას“ უწოდებს. ამავე ტერიტორიაზე საბრძოლო დენთის ქარხანა და საბრძოლო ჭურვების გადამამუშავებელი საამქრო. რამდენიმე წამში მთელი ტერიტორია უზარმაზარ ალში გაეხვია. ხალხი სახლებს პიჟამოებში, პერანგებსა და ფეხშიშველი ტოვებდა და ტყისკენ მიეშურებოდა. ვისაც მანქანა ჰყავდა, მეზობლებს სვამდა, აფეთქების ეპიცენტრიდან სამიოდ კილომეტრში, გაშლილ ველზე ტოვებდა და დანარჩენების ასაყვანად ბრუნდებოდა.
აი, როგორ იხსენებს პუგაჩოვოში მცხოვრები ელენე მომხდარს:
„ როგორც კი აფეთქება მოხდა, პუგაჩოვოდან ხალხი გამოიქცა და ტყეებისკენ გავარდა. კოლონად მორბოდნენ, მე კი პუგაჩოვოში ქმარი მყავს და უკან გავიქეცი, მისკენ...“
მაგრამ უკანა გზაზე ელენე შეაჩერეს. ომონელების საგუშაგოებიდან სოფლიდან გამსვლელებს უშვებდნენ, შემომსვლელებს კი არა, თუ არ ჩავთვლით სპეცმანქანებსა და ავტობუსებს.
„ყველაზე საშინელი პირველი სამი აფეთქება იყო“, - იხსენებს საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენელი, - „ჩვენ ნაწილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში განგვათავსეს. აფეთქების ტალღამ მიწას გაგვაკრა და თავის აწევის საშუალებასაც არ გვაძლევდა, ვიწექით და ველოდით, კიდევ იფეთქებდა თუ არა...“
„ვერც კი მოვასწარი გააზრება, როგორ მოხდა ეს“, - იხსენებს 18 წლის, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბიჭი, წვევამდელი. – „უცებ დაიქუხა და ყველაფერი ირგვლივ ცეცხლში გაეხვია. ჯარისკაცები აქეთ-იქეთ გაიფანტნენ. მე და ჩემი ძმაკაცი მაშინვე ტყისკენ გავიქეცით, 20 კილომეტრზე მეტი ვირბინეთ შიშისგან, თითქმის იჟევსკამდე“.
სახიფათო ზონადაა გამოცხადებული აფეთქების ადგილიდან 30 კილომეტრი, თითქმის იჟევსკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე. საერთო ჯამში, 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული.
„კავკაზცენტრი“, აანალიზებს რა მომხდარს, წერს: „იმის გამო, რომ ღამით არ ტარდება არანაირი ჯართის შესადუღებელი, უტილიზაციასთან დაკავშირებული, შეგროვება-დაშლისა და სხვა სახის სამუშაოები, რომლებადაც წარმოაჩენენ ხოლმე რუსები ყოველგვარ დივერსიას, კლიმატური სიცხეები კი არ არის, და იმის გათვალისწინებით, რომ დივერსიები სწორედ იმ დროს ტარდება, როცა აფეთქება მოხდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ ეს აფეთქება ბოლო დღეების მანძილზე მეორეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს დივერსიასთან, პირველ რიგში, იდელ-ურალელი მოჯაჰედების მხრიდან.“
„კავკაზცენტრი“ იმ საბრძოლო მასალების მონაცემებსაც აქვეყნებს, რომელიც აფეთქების მომენტში ბაზაზე იყო განთავსებული: მისი მონაცემებით, რეაქტიული დანადგარების, „გრადის“, „სმერჩისა“ და „ურაგანის“ ჭურვების ექვივალენტობა ტროტილთან მიმართებაში 58 ტონას შეადგენდა.
„კავკაზცენტრი“ წერს, რომ ბაზიდან ორ კილომეტრში მდებარეობს რუსების მიერ ოკუპირებული მუსლიმანური სოფელი იდელ-ურალი, ხოლო კავკასიელი მოჯაჰედების ამირმა, დოკუ აბუ უსმანმა ამასწინათ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კავკასიის იმარატის მოჯაჰედები დაეხმარებიან ვოლგისპირელ თანამოძმეებს რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებაში.
მსგავსი, სავარაუდოდ, დივერსიული ოპერაცია, რომელიც ასევე რუსული ბაზის სრული განადგურებით დასრულდა, 26 მაისს ჩატარდა უდმურტეთის მეზობლად, ბაშკირეთის ერთ-ერთ ვილაიეთში. სცენარი ზუსტად ანალოგიური იყო: ჯერ აფეთქებები დაიწყო, მერე ხანძარი და საბოლოოდ, ყველაფერი ბაზის განადგურებით დასრულდა.
კომენტარი