სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა ბოკერია: ეს არა პერსონალურად ვინმეს, არამედ დემოკრატიის მინიმალური წითელი ხაზებია (ვიდეო)

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს განცხადებით გამოეხმაურა. უშიშროების საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა ვიდეო, სადაც გიგა ბოკერია შეფასებებს აკეთებს და ივანიშვილის განცხადებებს „დემოკრატიისთვის საგანგაშო სიგნალს“, ასევე „შოკისმომგვრელსა“ და „კატასტროფულს“ უწოდებს:

,,ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერისგან ბრიფინგზე, არის უაღრესად საგანაგაშო სიგნალი ჩვენი დემოკრატიისთვის. პრაქტიკულად ძალიან გამჭვირვალედ, პირდაპირ და მკაფიოდ ითქვა, რომ იმ დაპატიმრებების, იმ პოლიტიკური ოპონენტების დაჭერები, ვინც დაკავშირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელსაც ჩვენ ყველანი ვადევნებდით თვალყურს, მოტივი არის არა სამართლიანობისთვის ბრძოლა, არა კონკრეტული დანაშაულის გამოძიება, როგორც ეს გვესმის ხოლმე ზოგჯერ საჯარო გამოსვლებში, არამედ, პირდაპირ რომ ვთქვათ, გაღიზიანება იმ ფაქტით, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ოპოზიცია არსებობს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ხმას იღებს, აკრიტიკებს ახალ ხელისუფლებას.

დღეს მან ისაუბრა რაღაც ძალადობის შესახებ, ოღონდ მას უწოდა ძალადობა ცნობიერებაზე და, მართალი გითხრათ, არ ვიცი, ეს რას ნიშნავს. მაგრამ მთავარი არის ის, რომ მოხდა სრული ლუსტრაცია ივანიშვილის მოტივების. თან დაზუსტდა, რომ აქ კონკრეტულ დანაშაულზე კი არ არის საუბარი, არამედ ასამართლებენ სისხლის სამართლებრივი დევნის გამოყენებით პოლიტიკურ ჯგუფს, პოლიტიკურ ოპოზიციას.

ივანიშვილმა ისაუბრა რაღაც წითელ ხაზეზე, ჩემთან დაკავშირებითაც. მინდა მკაფიოდ განვუმარტო ბატონ პრემიერს, მის გუნდს, საზოგადოებას: ეს არ არის პერსონალურად ვინმეს წითელი ხაზები, ეს არის დემოკრატიის მინიმალური წითელი ხაზები.

იგულისხმება, რომ როცა რომელიმე პოლიტიკური ძალა იგებს არჩევნებს და მოდის ხელისუფლებაში, არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს წაგებული პოლიტიკური ძალის გაქრობას. ეს არ ნიშნავს, რომ წაგებული პოლიტიკური ძალა აღარ აკრიტიკებს ხელისუფლებას, თუნდაც ზოგჯერ ძალიან მწვავედ.

ეს არის ის მინიმალური წითელი ხაზები დემოკრატიისა, რომელიც, სამწუხაროდ, პოლიტიკური კარიერის ამ ეტაპზე არ ესმით ივანიშვილსა და მის გუნდს, ან არ უნდათ გაგება. ეს არის უდიდესი შეცდომა მათი მხრიდან. აქ არ იგულისხმება, რომ არ შეიძლება ყოფილი მმართველი გუნდის წარსული საქმიანობის შეფასება თუნდაც ძალიან მწვავედ - ესეც ნორმალურია და დემოკრატიის ნაწილია. მაგრამ ის, რაც დღეს ჩვენ გვესმოდა, არის პირდაპირი მითითება, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ერთ-ერთი მიზეზი, მოტივი და გამომწვევი არის მათი გაღიზიანება იმით, რაც მათ ესმით საკუთარი ოპონენტებისგან. ეს არის კატასტროფული განცხადება - პირდაპირ უნდა ვთქვა“, - ამბობს უშიშროების საბჭოს მდივანი.

გიგა ბოკერიას განცხადებით, არანაკლებ შემაშფოთებელია, როცა „პარლამენტში მიმდინარეობს პოლიტპატიმართა სიის გარკვევა და ამ სიაში არიან ასევე მსჯავრდებულები ტერაქტების მოწყობისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დაკვეთით მოხდა და რომლებსაც შეეწირა ადამიანების სიცოცხლე.

არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაკავებულები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის, ასევე ამ ჯგუფში არიან ადამიანები, ვინც იარაღით ხელში მონაწილეობდა ამბოხებაში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

მინდა ვუთხრა ახალ მთავრობას, რომ ეს არ გახლავთ პარტიული საკითხი, არ გახლავთ სააკაშვილის ან ვინმე სხვის ინტერესის საკითხი - ეს გახლავთ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ამ მთავრობის უსაფრთხოების საკითხი. ამავე ჯგუფში მოიაზრებიან ადამიანები, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, არიან სიძულვილის ერთ-ერთი მკაფიო მქადაგებლები ამ ქვეყანაში უმცირესობის მიმართ და ძალადობის ჩამდენები მათ წინააღმდეგ- ვგულისხმობ მათ, ვინც შევარდა ტელეკომპანია „კავკასიაში“ და იქ იძალადა, მანამდე კი იძალადა ილიას უნივერსიტეტთან. ეს ხალხი ცნობილია თავიანთი დეკლარირებული ძალადობით ყოველივე იმის წინააღმდეგ, რაც მათ არ მოსწონთ.

პირველ კატეგორიასთან ერთად, ასეთი ადამიანების გამოცხადება პოლიტიკურ პატიმრებად, აგზავნის ძალიან საშიშ სიგნალს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის, უსაფრთხოებისთვის და საერთოდ, სუვერენიტეტისთვის. ამ გზის ბოლოს დგას საფრთხე საქართველოში დემოკრატიის თუნდაც მინიმალური დონის შენარჩუნების.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო პრემიერმინისტრს და სხვებს: სანამ დროა, გადახარშონ ეს ემოციური ტალღა და შეეგუონ ელემენტარულ წითელ ხაზებსა და სტანდარტებს. მათ მოიგეს არჩევნები, მიიღეს ქართველი ხალხის მანდატი, არიან ხელისუფლებაში და იქნებიან კიდევ ის წლები, რაც არის მათთვის მოცემული, მათ შეიძლება მოიგონ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ თუ ისინი გააგრძელებენ იმ გზაზე დგომას, რომ უნდა ისარგებლონ სისხლის სამართლებრივი დევნით, როცა არ მოეწონებათ ვიღაცეების კრიტიკა, თუ უნდა გაარძელონ სიგნალის გაშვება, რომ ძალადობა, იარაღით ხელში ამბოხება, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება შეიძლება იყოს ირიბად წახალისებული მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანებისთვის მსჯავრის გამოტანა მოხდა მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი, გნებავთ საძულველი ხელისუფლების პირობებში, ეს გზა ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას“.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100