სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლატვიის თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შს სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის თავდაცვის მინისტრ რაიმონდ ვეიონისს უმასპინძლა. შეხვედრა სანაპირო დაცვის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების სუფსის ცენტრში გაიმართა. მინისტრებმა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. ალექსანდრე ჭიკაიძემ და რაიმონდ ვეიონისმა ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.

საქართველოს შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა ლატვიელ სტუმარს სტრატეგიული პარტნიორობისათვის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი მეორე რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ძირითადი თემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განვითარების ძირითად მიმართულებებს ეხებოდა. ლატვიის თავდაცვის უწყებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საფუძვლების ჩაყრით, გამოიკვეთა ლატვიაში მყვინთავების მომზადების, ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის სფეროში გამოცდილების გაზიარების და ქართული მხარისათვის მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებების განვითარების პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციებმა მოინახულეს ქალაქ ფოთში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაც. დაათვალიერეს გემთშემკეთებელი სახელოსნო და ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარე მცურავი საშუალებების ზღვიდან ამოღებისთვის განკუთვნილი ესტაკადის მშენებლობა.

მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებში მიმდინარე რეფორმებზე, ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტებზე, მიღწეულ წარმატებებზე და სირთულეებზე. მიმოიხილეს ურთიერთსასარგებლო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლო მიმართულებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100