საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბელგრადში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გიგი წერეთლის ხელმძღვანელობით ბელგრადში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს.
დელეგაციის შემადგენლობაში აკაკი მინაშვილი, გიორგი კანდელაკი და დიმიტრი ლორთქიფანიძე შედიან.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფთიმიუ, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრონიუს აჟუბალისი, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს (ODIHR) დირექტორი ლენარჩიჩი და ეუთო-ს ახლადარჩეული გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი 56 წევრი ქვეყნის 200-ზე მეტ პარლამენტართან ერთად უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.
სიტყვით გამოსვლისას გიგი წერეთელმა საქართველოში არსებული გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებაში ეუთო-ს გენერალური მდივნის პირადი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა და დასძინა, რომ "საქართველო უაღრესად დაინტერესებულია საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტით".
მან ყურადღება ასევე საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენის, ლტოლვილთა პრობლემების მოგვარებისა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის საკითხებზე გაამახვილა.
წერეთელმა მადლობა გადაუხადა პეტროს ეფთიმიუსს ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის განმავლობაშიც მან პირადად იხილა არსებული პროგრესიც და პრობლემებიც.
წერეთელმა ასევე მიმართა ზანიერის, უახლოეს პერიოდში თავად ჩამოვიდეს საქართველოში და არსებული პრიორიტეტები ადგილზე განიხილოს
ამასთანბ, მან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობისა და მათ მიერ მიღებული რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების გათვალისწინების იმედი გამოთქვა.
გიორგი კანდელაკმა კი ყურადღება ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მომხდარ ტერორისტულ აქტებსა და მათ მცდელობებზე გაამახვილა.
მან აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ მოსკოვს აღნიშნული ფაქტების გამოძიებაში თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
კანდელაკმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთო-ს ახლადარჩეული მდივანი საქართველოს მოინახულებს და დაეხმარება ქართულ მხარეს რუსეთის დარწმუნებაში, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და დაამტკიცოს, რომ მას ხსენებულ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს.
ლამბერტო ზანიერის განცხადებით, აღნიშნული საკითხები ეუთო-სათვის ძალიან რელევანტურია.
მისივე თქმით, იგი აპირებს, ყველა მხარეს შეხვდეს და შეეცდება, ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის წარმოებას.
ზანიერიმ პირობა დადო, რომ "გაითვალისწინებს საქართველოს საკითხებს, როგორც პრიორიტეტულს პირადად მისი და მისი ორგანიზაციის სამუშაო გეგმებში".
კომენტარი