ლერი ხაბელოვი კითხვებზე პასუხს თავს არიდებს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი არ ასაჯაროებს იმ დოკუნეტაციას, რომელიც სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს თან დაურთო.
კომიტეტმა საქალაქო სასამართლოს ის განჩინება გაასაჩივრა, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფას ეხება.
კითხვაზე, არსებობს თუ არა სასესიო ოქმში იმ ხუთი ორგანიზაციის წევრად მიღებისა და ხმის მინიჭების უფლების შესახებ ჩანაწერი, რომელსაც მოსარჩელე მხარე არალეგიტიმურად მიიჩნევს, ლერი ხაბელოვმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
აღნიშნული კითხვის საპასუხოდ კომიტეტის იურისტმა ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელი პრესკონფერენცია ინფორმაციული ხასიათის არის და როდესაც მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელთან დაკავშირებით საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყება, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დეტალებზე მას შემდეგ ისაუბრებს.
ამასთან, როგორც ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, კომიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება აღმასკომს, ის არჩევნებამდე არსებული მდგომარეობით იმუშავებს.
კომიტეტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული საკითხები მას აღმასკომის წევრებთან არ განუხილავს და ვერც ამის საჭირეობას ხედავს.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის განჩინების თანახმად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 23 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა ირაკლი მეძმარიაშვილმა მოპასუხის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიში-საარჩევნო სესიის ოქმი მისგან გამომდინარე შედეგები. ამავე სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
„სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმეში არსებულ მასალებს, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სეოკ-ის 2016 წლის 23 დეკემბრის სესიამ გამოკვეთა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აშკარად თაღლითური მეთოდით იყო მმართველობის შენარჩუნებისთვის ორგანიზებული სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მზადების მარათონი. საეჭვო გახდა სეოკ-ის ვებგვერდზე დალეგატთა გვარ–სახელების–მათი წარმომავლობის გარეშე გამოქვეყნების განზრახულობაც.
სიტყვიერი მოთხოვნის შემდეგ მოსარჩელემ როგორც სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა 30.12.2016 წერილით მოითხოვა სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე დელეგატებად წარმომადგენლობის შესახებ წესდების საპროცესურო მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი განცხადებების ქსეროასლები. მიღებულ იქნა სიტყვიერი დაპირება, რაც არ შესრულდა. 2017 წლის 10 იანვრის მომართვაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხით თაღლითური მეთოდით საანგარიშო-საარჩევნო მზადების მარათონი-ფაქტიურად დასაბუთებულია. სახეზეა უტყუარი იურიდიული ძალის მქონე ფაქტობრივი მტკიცებულება, რაზედაც პირმა (პირთა ჯგუფმა) 23 დეკემბერს გამართულ სესიაზე სეოკ-ის იმ წევრთა სუბიექტების - მართვის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დელეგატის (წარმომადგენლის) სახელით საარჩევნო ხმის უფლებით მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვირტუალურია და ბუნებაშიც არ არსებობს.
სეოკ-ის წესდებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს , ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია, იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის“,- აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში.
(R)
კომენტარი