ვინ შეასრულებს თბილისის მერის მოვალეობებს?
სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ თბილისის მერის მოვალეობას ვიცე-მერი, სევდია უგრეხელიძე შეასრულებს, - ამის შესახებ მერიის თანამშრომლებთან შეხევდრისას უფლებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. "მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ და მას შემდეგ, როდესაც ჩაგვბარდება სასამართლოს განჩინება, მერის მოვალეობას შეასრულებს პირველი ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე. საქართველოს კანონმდებლობით პირველი ვიცე-მერი მერის მიერ ინიშნება საკრებულოდან და მერის არყოფნის შემთხვევაში ის სრულფასოვნად ასრულებს მერის მოვალეობას. ეს კარგად მინდა გაიგოს საკრებულოს უმრავლესობამ, რადგან მათი დაუოკებელი ვნება და ოცნება იყო დაპატრონებოდნენ მერიაში ადგილებს", - განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას დედაქალაქის მერის უფლებამოსილება გუშინ შეუჩერა.
მასთან, როგორც ცნობილია, გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო, 50 ათასი ლარი უკვე შეეფარდა. თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.
გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი