პაშა ბანკი ნ. ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის სპონსორია
პაშა ბანკის გენერალური სპონსორობით 2015 წლის 12-21 ივლისს, ქ. ფოთში ჩატარდა მსოფლიოს საჭადრაკო სამყაროს ლეგენდარული მოჭადრაკის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 12-გზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის ნანა ალექსანდრიას სახელობის ტრადიციული მე-10 საიუბილეო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი.
პაშა ბანკი უკვე მეორე წელია გენერალურ სპონსორობას უწევს აღნიშნულ ფესტივალს. ფესტივალი ტარდება 2006 წლიდან ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით. ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის 10 ტურნირს როგორც ბავშვთა ასევე პროფესიონალ მოჭადრაკეთა შორის.
აღნიშნული ფესტივალი მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეების მონაწილეობის, მასშტაბის და ორგანიზების დონის თვალსაზრისით, კავკასიის რეგიონში უპირველესი ფესტივალია და ის შეტანილია მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის ყოველწლიურ კალენდარში. ფესტივალში გათამაშებული პარტიები გადაიცემა ონლაინ-რეჟიმში ინტერნეტის საშუალებით და მსოფლიოს მასშტაბით ჭადრაკის მოყვარულებს აქვს საშუალება თვალყური ადევნოს პარტიებს.
„ჩვენი ბიზნეს მიდგომის ერთ-ერთი მახასიათებელი ის არის, რომ ჩვენთვის გრძელვადიანი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. პაშა ბანკი 2013 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და უკვე მეორე წელია სპონსორობას ვუწევთ ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ფესტივალს. ქართული საჭადრაკო სკოლა ყოველთვის გამორჩეული იყო და არა ერთი მსოფლიო დონის მოჭადრაკე ახსოვს ამ სპორტის ისტორიას. იმედი გვაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და მსგავსი ფესტივალების გამართვით ახალგაზრდებს ექნებათ მეტი მოტივაცია, რომ განავითარონ საკუთარი ნიჭი და უნარები,“ განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ბ-ნ შაჰინ მამმადოვმა.
პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.
პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.
პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.
პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.
კომენტარი