სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერი სტრასბურგში და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 22 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტრასბურგშია. ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური სტუმარია. პრემიერი 23 აპრილს სესიას სიტყვით მიმართავს. მანამდე კი ბიძინა ივანიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. პრემიერმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონთან გამართა. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოში არსებული ვითარების, ახალი მთავრობის სამომავლო გეგმებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ივანიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა დაჩქარებული ტემპებით შეასრულებს ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს. პრემიერმა ასევე რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შესახებაც ისაუბრა. შეხვედრა დადებითად შეაფასა ასამბლეის პრეზიდენტმაც.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის მიხედვით, პრემიერი ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკურ ლიდერად რჩება საქართველოში, ხოლო გამოკითხულთა 60 პროცენტი კოალიცია "ქართულ ოცნებას" მათთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად მიიჩნევს. გამოკითხულთა 56 პროცენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად დაასახელა. რაც შეეხება პოლიტიკოსების მოწონების მაჩვენებლებს, 2012 წლის ნოემბრის შემდეგ მაჩვენებელი მხოლოდ დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის შემთხვევაში გაიზარდა. უსუფაშვილის მოწონების მაჩვენებელი 66 პროცენტი, ბაქრაძის კი 48 პროცენტია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელს, ის 75 პროცენტს შეადგენს. ამავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე - ყველაზე მეტად ვის ისურვებდნენ საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა 58 პროცენტი "ქართული ოცნების", 8 პროცენტი კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს. კვლევა 13 მარტიდან 27 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3 103 პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოკითხვის შედეგად ჩატარდა

გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ომბუდსმენს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ შაბათს, როდესაც თბილისის მერიისა და საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პრაღაში მიემგზავრებოდა, 3 ადამიანს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უარი უთხრეს საზღვრის გადაკვეთაზე. გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებს არ ჰქონდათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი. დეპუტატი ახსნა-განმარტებას ითხოვს.

ხმაური იყო დღეს პრემიერ-მინისტრის ბიზნესცენტრთან, სადაც უკვე 22 დღეა კერძო იპოთეკით დატვირთული სახლების მეპატრონეები შიმშილობენ. როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, ისინი დაშლას მანამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს არ მიიღებენ. მოშიმშილეებმა დღესვე ბიზნესცენტრთან მისასვლელი გზაც გადაკეტეს. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გადაადგილება მთაწმინდისკენ შეუძლებელი იყო. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და ვითარების გარკვევას ითხოვდნენ. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც საპატრულო პოლიცია ჩაერია და მოშიმშილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდა.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და კერძო იპოთეკით დატვირთული სახლების მეპატრონეებმა პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც აღნიშნული პრობლემით დაინტერესდება და კონკრეტულ საქმეებს შეისწავლის. პარტია "თავისუფალი საქართველოს" რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, ქვეყანაში გამოსახლების საფრთხის წინაშე დაახლოებით 50 ათასი ადამიანი დგას და პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს.

აქცია გაიმართა დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის მოსახლეობა კომპენსაციების დარიგებას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, 2012 წელს სტიქიამ ისინი ყველაზე მეტად დააზარალა, მაგრამ ჯერ მათთვის დახმარებები არ ჩარიცხულა. ისინი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მათი პრობლემებით დაინტერესებას სთხოვდნენ. აქციის მონაწილეები, ასევე, ხელისუფლებას ზარალის დამთვლელი კომისიის ხელახლა შექმნას და წინა კომისიის საქმიანობის შესწავლას სთხოვენ, რადგან მათი თქმით, კომპენსაციები არასწორად არის განაწილებული.

ხმაური თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში - სოფელ რუისპირის მცხოვრები 30-მდე ადამიანი გამგეობის შენობაში შეიჭრა და გამგებელთან შეხვედრას ითხოვდა. რუისპირის მოსახლეობა 2012 წლის სტიქიით დაზარალებულები არიან და აცხადებენ, რომ მათ კომპენსაცია არასწორად გადაუნაწილეს. ისინი ხელისუფლებისგან ზარალის დამთვლელი კომისიის ხელახლა შექმნას და ზარალის თავიდან დათვლას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუისპირის მოსახლეობა აპირებს, წინა კომისიას პროკურატურაში უჩივლოს.

უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ - დეპუტატი ჯანდაცვის სისტემის რეფორმას აკრიტიკებს და დავით სერგეენკოს სადაზღვევო კომპანიების ლობირებაში ადანაშაულებს. პარლამენტის წევრი მთავრობის დადგენილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, სადაზღვევო კომპანიებს კონტრაქტები ერთი წლის ვადით გაუგრძელდათ. დავითაშვილის ბრალდებას პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი და მისგან ბრალდების დამტკიცებას ან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

სამართალდამცველებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის, ბათუმის სასტუმრო "სთარის" მფლობელები: 1984 წელს დაბადებული გელა ტ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული რამაზან ი, ასევე სასტუმრო "გენაცვალეს" მფლობელი, 1965 წელს დაბადებული თამაზ ა. დააკავეს. ერთ-ერთი სასტუმროს კლუბიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები "მარიხუანა" და "ექსტაზი". დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. ისინი ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. მოწმის სტატუსით დაიკითხნენ სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გამოყოფას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100