კომპანია RMG „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ მიზანმიმართული ტყუილების წინააღმდეგ
ბოლო დღეებში მედია საშუალებებით „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდა საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიის შესასწავლად ჩამოსული ექსპერტთა ჯგუფი მოწვეული იყო კომპანია RMG Gold-ის მიერ არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს კიდევ ერთ მიზანმიმართულ ტყუილს მარინე მიზანდარის მხრიდან.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გერმანელი და ბულგარელი ექსპერტები საქართველოში კომპანია RMG-ის არ მოუწვევია, ისინი იმყოფებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უშუალო მოწვევით.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარინე მიზანდარის მიერ მართული „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრები თავად უცხადებდნენ უნდობლობას საერთაშორისო ექსპერტებს, არ აძლევდნენ სრულფასოვანი მუშაობის განხორციელების საშუალებას, უვარდებოდნენ სასტუმროში, აყენებდნენ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ მათზე ზეწოლის მოხდენას.
მიუხედავად ამისა, დღეს ქალბატონი მიზანდარი და მისი ჯგუფი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გვთავაზობს საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული შუალედური დასკვნის დამახინჯებულ ვარიანტს: თითქოსდა ექსპერტებმა დაადასტურეს უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა! რაც აღნიშნულ დასკვნაში არსად ნახსენები არ არის.
ავღნიშნავთ, რომ შუალედური დასკვნა საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ კომპანია RMG თავისი საქმიანობის ფარგლებში არასდროს გასცდენია კანონის ფარგლებს და მიესალმება ინიციატივას რომ კომპეტენტური ორგანოების მიერ შესწავლილი და გამოკვლეული იქნეს საყდრისი ყაჩაღიანთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
კომენტარი