ბიზნესმენების განცხადებით, ხუდონჰესის პროექტის შეფერხება ეკონომიკას აფერხებს
საჭიროა თუ არა ქვეყანაში ხუდონჰესის ტიპის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რამდენად სწორია როდესაც ასეთი პროექტების აშენება-არაშენების ბედი სახალხო კრებებზე წყდება და რა ზეგავლენას ახდენს ეს ყველაფერი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე – ამ ყველაფერზე კომენტარს ბიზნესმენები აკეთებენ.
ირაკლი ტყებუჩავა, კომპანია „ალიანს ენერჯის“ ხელმძღვანელი, – „ზოგადად ინვესტორებისთვის სასიამოვნო არაა საზოგადოების მხრიდან ასეთი მწვავე რეაქცია. ვთვლი, რომ არც თუ ისეთი დიდი მასშტაბისაა ეს პროექტი, რომ ამდენი პრობლემა და გაურკვევლობა ახლდეს თან. მსგავსი დამოკიდებულება საინვესტიციო გარემოზე დადებითად არ აისახება. მიმაჩნია, რომ `ხუდონჰესი~ უნდა აშენდეს და სხვა მსგავსი ტიპის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც უნდა განხორციელდეს. მსგავს სიტუაციაში კარგად უნდა იქნას პროექტები შესწავლილი და აქცენტები სწორედ ამის შემდგომ უნდა გაკეთდეს. პროექტი განხილული უნდა იქნას არგუმენტებით და არა იმის მიხედვით, რომ დიდია და ცუდია. რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის აზრი უნდა იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული და სახელმწიფომ კარგად უნდა აუხსნას მოსახლეობას, პროექტის შედეგად მოსალოდნელ სარგებელთან დაკავშირებით, რის შემდეგაც არა მგონია, რომ აშენებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა კიდევ შეიქმნას“.
თემურ ანჯაფარიძე, კომპანია „ერ სი აი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, – „ასეთ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს ყოველთვის თან ახლავს გარკვეული უთანხმოებები ადგილობრივ მოსახლეობასთან. თუმცა, ქვეყანაში არსებობს კანონები, რომლებსაც ყველა უნდა დაემორჩილოს. ასეთ შემთხვევაში ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს დაცული, როგორც სახელმწიფოს, ისე კონკრეტული მოქალაქეების. პირველ რიგში, არის სახელმწიფო და შემდეგ დანარჩენი. `ხუდონჰესი~ და მის გარშემო განვითარებული მოვლენები არ არის პირველი ფაქტი მსოფლიოს ისტორიაში. მსგავსი ტიპის შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც იყო. როდესაც ხდებოდა დიდი ჰესების მშენებლობა, რომლის შედეგადაც არის საშიშროება, რომ სოფელი ან ქალაქი დაიტბოროს, თან ახლდა გარკვეული პრობლემები ადგილობრივ მოსახლეობასთან. თუმცა ეს ყველაფერი მოგვარებადია. მიმაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ფაქტი დიდ ზეგავლენას არ მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე“.
ცეზარ ჩოჩელი, კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელი, – „ენერგეტიკოსი არ გახლავართ, თუმცა ეკონომიკას განვითარებისთვის, რომ აუცილებლად სჭირდება ენერგეტიკა, ეს ცალსახაა. დღეს რაც ხდება `ხუდონჰესის~ მშენებლობასთან დაკავშირებით, ეს არის წინასაარჩევნო დაპირების შედეგი, რომ საქართველოში არ უნდა აშენდეს მსხვილი ჰესები. ეს სწორედ მსგავსი დაპირებების შედეგია, ზოგადად, ქვეყანაში ყველა მინიმალური რესურსიც კი უნდა იქნას გამოყენებული, რომ შეიქმნას ჰიდროელექტროსადგურები. სად აშენდება დიდი და სად მცირე ზომის ჰესი, ეს სპეციალისტების და ამ სფეროში კვალიფიციური ადამიანების გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, მინიმალური პოტენციალიც კი უნდა იქნას გამოყენებული. საქართველოსთვის ჰესების მშენებლობაზე უარის თქმა ეს იგივეა, რომ აზერბაიჯანმა უარი თქვას ნავთობის მოპოვებაზე. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ისედაც მწირი ენერგორესურსები გააჩნია, აუცილებელია, ამ მცირე რესურსების მაქსიმალური გამოიყენება მოხდეს.
თემურ ჭყონია, კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი, – „რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, `ხუდონჰესის~ მსგავსი პროექტი უნდა განხორციელდეს. თუ სწორად არის დათვლილი, გათვალისწინებულია ყველას ინტერესები და ტრადიციებიც, მსგავსი პროექტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეწიროს ვიღაცის ინტერესებს. არც უცხოელი და არც ქართველი ინვესტორი საქართველოს ეკონომიკაში მარტო იმის გამო ფულს არ ჩადებს, რომ ქვეყანა უყვარს, ხალხი მოსწონს ძალიან ან საქართველოს ღრმა მამულიშვილები არიან. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან, ეკონომიკასთან, იმიჯთან და ცოდნასთან.
ყველგან შეიძლება წარმოიშვას მსგავსი უკმაყოფილება და უარყოფითი დამოკიდებულება ინვესტიციებისადმი, ამისთვის კი უნდა არსებობდეს რაიმე სქემა, რომლითაც მოხდება ამ ბარიერების დაძლევა. მე არ ვსაუბრობ ვიღაცის დაჭერაზე და დასჯაზე, უბრალოდ, მოლაპარაკების გზით, უნდა გამოინახოს კომპრომისი. `ხუდონჰესთან~ დაკავშირებით მგონია, რომ ის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ პროექტის განხორციელებას არ არის სათანადოდ დაკმაყოფილებული ან კომპენსაციით, ან არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა. გადაუწყვეტელი პრობლემა არ არსებობს. როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა ეს ყველამ უნდა გაიგოს, მათ შორის იმ ხალხმაც, ვინც ამ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება. ის მიწა, სადაც `ხუდონჰესი~ შენდება საქართველოსია, ყველა მოქალაქის და არა კონკრეტული ჯგუფის. მე მესმის იმ ხალხისაც ვინც პროტესტს გამოხატავს, ალბათ მათთვის არაა საკმარისი ის პაკეტი რაც მთავრობამ შესთავაზა“.
კომენტარი