სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ გორბაჩოვს ვლადიმერ პუტინის ნაცვლად რცხვენია

მთელი მსოფლიო რუსეთს ამტყუნებს, აკრიტიკებს, რუსეთი კი მსოფლიოს. ვინ არის მართალი? შესაძლოა ყველა მართალი იყოს, მაგრამ სად არის ჭეშმარიტება? პოლიტიკაში ჭეშმარიტების მაძიებლები ახლა სადაც განისვენებენ, ყველამ კარგად ვიცით.

მე ვარ პირველი და მევე - უკანასკნელი, მე ვარ პატივცემული და მოძულებული. ეს ვლადიმერ პუტინს არ უთქვამს, თუმცა შესაძლოა ვინმეს მართლაც ეგონოს მისი სიტყვები. ეს ფრაზა ხომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ადეკვატურია... ამჯერად რუსეთს ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე ყოფილი მეთაური, მიხეილ გორბაჩოვი აკრიტიკებს. გორბაჩოვი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერების ნაცვლად რცხვენია. შეიძლება შერცხვეს ადამიანს, რომელი საბჭოთა კავშირის მეთაური იყო? მაგრამ მას მაინც სცხვენია. რატომ? "დაიტაცეს საკუთრება, ფულს ჩუმად გზავნიან საზღვარგარეთ. კორუფციასთან ომის ნაცვლად, ამის იმიტაცია ხდება. შედეგი რა არის? შარვალი იგივეა, ოღონდ ელვა-შესაკრავი აქვს უკანა მხარეს, ხალხში როგორც იტყოდნენ... მოვა დრო, როცა დასხდებიან და გადაწყვეტენ, ვინ მიიღებს მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში და ვინ სად წავა. ეს სამარცხვინოა.. მათ მაგივრად მრცხვენია. მოურიდებლად იქცევიან - თითქოს არც საზოგადოება არსებობს, არც კონსტიტუცია, არც საარჩევნო სისტემა. ისინი - ორნი - მიიღებენ გადაწყვეტილებას. "დუიმვირატია", ასე ვთქვათ. ჩვენ სად ვართ-მეთქი, ვიკითხე, 140 მილიონი ადამიანი? ბევრჯერ ვთქვი, რომ ეს არ მომწონს. აცხადებენ, ქვეყნის მხსნელები ვართო. ჩემი აზრით, აქამდე ბევრი აკლიათ". მე ამას გადაჭრით უარვყოფ" – სწორედ ამის გამო პირის კანი ეწვის გორბაჩოვს.
სამართალი, დემოკრატია, ლიბერალიზმი, ადამიანის უფლებები, ეს ის ცნებებია, რომელიც ყველამ იცის რუსეთში, მაგრამ არავინ იცავს. ბუნებრივია ჩვენ ჩრდილოელი მეზობლის პოლიტ–ელიტაზე გვაქვს საუბარი.
"შეხედეთ, როგორ ყალიბდება დღევანდელი ხელისუფლება. არჩევენ თავიანთ ახლობლებს, ხალხს, ვისთან ერთადაც სწავლობდნენ, ყოფილ მეზობლებს, ვისაც ეზოში ფეხბურთს ეთამაშებოდნენ, პირებს, ვისთან ერთადაც რაღაცებს ხლაფორთობდნენ, და ახლა ამ ,,ხლაფორთს’’ აქაც აგრძელებენ. პიროვნული ერთგულება, პიროვნული ნაცნობობა, ახლობლური ურთიერთობები - ეს არ არის სწორი ფორმა’’ – სწუხს ყოფილი საბჭოთა ლიდერი.
საბჭოთა სისტემის რეფორმატორი, გულდაწყვეტილი საუბრობს, რომ 1990–იანი წლების შემდეგ რუსეთში სამართლიანი არჩევნები აღარ ჩატარებულა და იმ დროს მისტირის, როდესაც საბჭოთა კავშირში სხვა რესპუბლიკებიც არსებობდა. რთულია გამოიცნო მის კომენტარში იგულისხმება თუ არა საქართველო, მაგრამ ის მაინც ამბობს, რომ: "1989 და 1990 წლების შემდეგ, როცა, ჯერ კიდევ საბჭოთა მმართველობის ქვეშ, რესპუბლიკებში გაიმართა პირველი თავისუფალი არჩევნები, ჭეშმარიტად თავისუფალი არჩევნები აღარ ჩატარებულა". სხვა, სხვის ომში ბრძენიაო და გორბაჩოვმაც ბრძენობა მოინდომა. მარტივია, 80 წელს გადაცილებულმა პოლიტიკოსმა ისაუბრობს დემოკრატიულ ღირებულებებზე, ლიბერალიზმზე, პლურალიზმსა და ჰუმანურობაზე. მით უფრო მარტივია ამაზე საუბარი იმ პოლიტიკოსისგან, რომელსაც ეს პრინციპები არასოდეს დაუცავს. თუმცა რა ჩვენი საქმეა? რუსეთში თავის დიქტატორულ რეჟიმს მიხედავენ, სამართლიანი არჩევნებისთვისაც იბრძოლებენ და პოლიტიკური ოპონენტების პატივისცემასაც ისწავლიან. ჩვენ ხომ უკვე ეს ყველაფერი გავიარეთ? ამიერიდან კი ჩვენ, ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს მივხედავთ და შევეცდებით ყველამ ერთად კიდევ უფრო ,,გავადემოკრატიულოთ’’, რომ არ გავხდეთ დასაცინი „ქვეყნის რიგითი ჯარისკაცის“, რომელიც კრწანისიდან გვადევნებს თვალს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100