სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ცნობილი ისტორიკოსის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ორდღიანი თათბირის შემდეგ, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ბეჟანიძის გათავისუფლებას დარბაზში დამსწრე პირების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ საქმე 2004 წელს, თბილისში, გამსახურდიასა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მომხდარ შემთხვევას ეხება. რა დროსაც დავით ოთხმეზური დაჭრეს, რომელიც რამდენიმე საათში, საავადმყოფოში გადაყვენის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლიდან მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობდა, 2016 წლის აპრილამდე არავინ დაუკავებიათ.

2016 წლის 29 მარტს მთავარმა პროკურატურამ ოთხმეზურის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და ბრალდებულის სახით ასლან ბეჟანიძე დააკავეს. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს ბრალი წაუყენეს და დღემდე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა, სასჯელი კი თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

მთელი 9 თვის განმავლობაში სასამართლო პროცესებზე არაერთი მოწმე დაიკითხა. 19 დეკემბერს კი, მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარდგნენ მოსამართლის წინაშე. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს ორი დღე დაჭირდა.

დღეს მოსამართლეს არ უსაუბრია, რის საფუძველზე გაათავისუფლა ბრალდებული ასლან ბეჟანიძე, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, დაახლოებით, ორ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი. როგორც მან „გურია ნიუსს“ პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„არ ვიცი რა საფუძველი დაუდო მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებას, ამიტომ ვერ ვისაუბრებ კონკრეტულად, თუმცა, მივიჩნევ, რომ განაჩენი უკანონოა“, _ აღნიშნა გულუაშვილმა.

„გურია ნიუსის“ კითხვაზე: საკმარისი იყო თუ არა პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის დასაყენებლად, გულუაშვილმა გვიპასუხა:

„მაგას ცალსახად არ ვფიქრობ. ვერაფერს ვიტყვი მანამ, სანამ განაჩენს არ ვნახავ“, _ აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატს, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ მოსამართლე გიორგი დარახველიძემ სამართლიანი და ქართული მართლმსაჯულებისთვის ერთ-ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა, რადგან საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ოდნავ მაინც დაადასტურებდა, რომ ასლან ბეჟანიძე დამნაშავეა. ვულოცავ სასამართლოს ამ ღირსეულ გადაწყვეტილებას“, _ აღნიშნა კაკაბაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100