გულშემატკივრებმა ქართველებს დაუსტვინეს, ლატვიელები კი ტაშით გააცილეს (ვიდეო)
მიხეილ მესხის სახელობის კარგსაფარიან სტადიონზე საქართველოს ნაკრების ფრიად საინტერესო დებიუტი შედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდებული სანახაობა იყო და ძნელია მას ასე არ უწოდო, რადგან საქართველო-ლატვიის შეხვედრა, ჩემი აზრით, ახალ სტილს დაამკვიდრებს სპორტულ ჟურნალისტიკაში. მე მითქვამს და თქვენ დაიხსომეთ: ამ მატჩის აღწერას სპორტული ჟურნალისტები ბოლოდან დაიწყებენ. მართალია, მე არ გახლავართ სპორტული ჟურნალისტი, მაგრამ ამ ტენდენციას არც მე ჩამოვრჩები:
91-ე წუთი: მატჩი დაახლოებით ერთი წუთის დასრულებულია. გამარჯვებული ლატვიელები დასავლეთ ტრიბუნასთან მიდიან და თავიანთ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. ერთი - თუ არ ვცდები, გოლის ავტორი, მათკენ საკუთარ მაისურსაც ისვრის.
92-ე წუთი. ქართველი ფეხბურთელები თავჩაქინდრულნი ტოვებენ მოედანს. მათ იმ ქართველი გულშემატკივრების სტვენა მიაცილებს, რომლებმაც გმირობის ტოლფასი ქმედება ჩაიდინეს და სტადიონზე საფინალო სასტვენამდე დარჩნენ.
93-ე წუთი. ლატვიელები მოედნის ცენტრთან იკრიბებიან, წრეს კრავენ და გამარჯვების ყიჟინას სცემენ, მერე კი თავაწეულები ტოვებენ მოედანს. მათ იმ ქართველი გულშემატკივრების ტაში მიაცილებს, ვინც საფინალო სასტვენის შემდეგ კიდევ რამდენიმე წუთს დარჩნენ აღმოსავლეთ ტრიბუნასთან, რათა გასახდელისკენ მიმავალი ლატვიელებისთვის აპლოდისმენტები ესაგზლათ.
93-ე წუთამდე 90 წუთით ადრე კი თამაში დაიწყო და სტადიონზე მისული მაყურებელი თავდაპირველად საკმაოდ ოპტიმისტურად განაწყო ქართველი ფეხბურთელების აქტიურობამ. ეს აქტიურობა დაახლოებით 12-14 წუთს გაგრძელდა. რაც შემდეგ ხდებოდა - როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდთან მიმართებაში, საერთო არაფერი ჰქონდა ფეხბურთთან - მოთელვას უფრო ჰგავდა.
მეორე ტაიმი ლატვიელებმა ბევრად უფრო აქტიურად დაიწყეს და ჩვენებურთა მეკარე არაერთხელ შეაწუხეს - პირველი ტაიმისგან განსხვავებით. ქართველები შიგადაშიგ გამოცოცხლდებოდნენ ხოლმე: სანამ „იაშკას“ შეცვლიდნენ - მისი, ასევე კობიაშვილისა და ანანიძის ინდივიდუალიზმის წყალობით. დაცვაში კარგად თამაშობდნენ კალაძე და განსაკუთრებით, ხიზანიშვილი, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, ორივე გუნდში საუკეთესო იყო და ყველაზე ნაკლებად იმსახურებს საყვედურს.
გაშვებული გოლიც ვარჯიშებზე, დუბლიორთა მეკარის კარში გატანილ გოლს ჰგავდა და მართალია, შეიძლება ბევრმა ცოცხალ კედელს დააბრალოს, მაგრამ მთლიანად ლორიას კისერზეა. ის იმდენად წინ იყო გამოსული კარიდან, რომ ბურთის გამოტანა ვერ შეძლო და ნახტომი საკუთარი კარის ბადის მიმართულებით გააკეთა.
ვისაც თამაში არ გინახავთ, ნუ იფიქრებთ, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ქართველები გააქტიურდნენ. არა, ვერ დავუკარგავთ - კი გამოცოცხლდნენ, მაგრამ კარში დარტყმას, რასაც მაყურებელი უკვე გინებითაც კი იხვეწებოდა, ვერავინ ბედავდა. მატჩის ბოლოსკენ უკვე კომედიად იქცა ჩამოწოდებული კუთხურები. ყველაზე კომიკური ის იყო, რომ კუთხურებს დაჟინებით აწვდიდა ერთი და იგივე ფეხბურთელი - სწორედ ის, ვისაც, ჩამოწოდების რა გითხრათ, მაგრამ ბურთის „სხვა პლანეტაზე“ გაგზავნა კარგად გამოსდიოდა.
ამ კომიკური კუთხურებისა და „სარაგბო კარების“ მისამართით დარტყმული რამდენიმე ბურთის შემდეგ სტადიონზე მისული დაახლოებით 16 ათასი მაყურებლის უმრავლესობა გასასვლელისკენ დაიძრა. თუ ტრიბუნებს დააკვირდებოდით, კარგად დაინახავდით მოედნისკენ ჰაერში გაქნეულ ათასობით წყვილ ხელს.
ყველაზე უკეთ ეს სურათი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან ჩანდა და დაკვირვებულ თვალს არც იმის შემჩნევა გაუჭირდებოდა, როგორი სინანულით აკვირდებოდა ტრიბუნებს აპლოდისმენტებს მიჩვეული თემურ ქეცბაია. არ ვიცი, რა თქვა მან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, მაგრამ ფაქტია, რომ იგორ კოკოშკოვის მსგავსად ომახიანად ვერ იტყოდა: „მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით. მათ წააგეს, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, რომ არ წაეგოთ...“
კომენტარი