საკვირაო სკოლა „მზიურის“ კაფეში თქვენი პატარებისთვის
ზამთარი „მზიურში“ პატარებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო იქნება. თიბისი ბანკის მხარდაჭერით, „მზიურის კაფე“ სპეციალურად ბავშვებისთვის პროექტს „საკვი-რაო“ იწყებს.
პროექტი საგანმანათლებლო ხასიათის იქნება. 10 კვირის განმავლობაში, ყოველ კვირა დღეს „მზიურის კაფე“ 2 საათის განმავლობაში ბავშვებსა და საბავშო მწერლებს დაეთმობათ. პატარებს შესაძლებლობა ექნებათ ავტორებთან ერთად წაიკითხონ ზღაპრები, ჩაერთონ დისკუსიაში, მათთვის საინტერესო თემებზე მიიღონ პასუხები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის სახალისო-შემეცნებით აქტივობაში.
პირველი ასეთი შეხვედრა „მზიურის კაფეში“ 25 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება და ის მთლიანად დაეთმობა საახალწლო თემატიკას. პატარებს პროექტის მონაწილე საბავშვო მწერლები: მარიამ წიკალური, პაატა პაპავა, ვასო გულეური და ლელა ცუცქერიძე უმასპინძლებენ. მომდევნო შეხვედრებს ბავშვებთან მწერლები პერსონალურად გაუძღვებიან.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 6-დან 9 წლამდე წლის ასაკის ბავშვებს. საკვირაო სკოლაში დასწრების მსურველებისთვის ბილეთების შეძენა ვებგვერდზე - www.tkt.ge უკვე შესაძლებელია, (ბილეთის საფასურში შედის ლანჩი ბავშვებისთვის). პროექტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება „მზიურის კაფის“, როგორც სოციალური ბიზნესის განვითარებას.
„საკვი-რაო“ პირველი პროექტი არ არის, რომელსაც „მზიურის პარკი“ თიბისი ბანკის დახმარებით ახორციელებს. „ახალი მზიურის“ პროექტის ფარგლებში, სოციალური კაფისა და ამფითეატრის მშენებლობაც თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტს „საკვი-რაო“ „მზიურის კაფე“ 5 მარტამდე უმასპინძლებს.
კომენტარი