არჩევნების გამო შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე
შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ აღნიშნული რეჟიმი ხელს არ უშლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებაში.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება „სამინისტროს მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ“. სამინისტროს განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის წინაპირობები გათვალისწინებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლითაც დადგენილია მინისტრის უფლებამოსილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით გამოაცხადოს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი.
„მინისტრის ბრძანებით, შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რათა არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ყველა ჩვენი რესურსი იყოს სათანადოდ მობილიზებული. ეს ბრძანება ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის და დაინტერესებული პირისთვის. ამ ბრძანებაშივეა
მითითებული, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ დატოვონ თავიანთი სამუშაო ადგილები და ყველა ხელმძღვანელი გაფრთხილებულია, რომ წინასწარ შედგენილი გრაფიკით თანამშრომლებს თავისუფლად მისცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შსს-ს ყველა თანამშრომელი თავისუფალია თავის არჩევანში და ვინც რა უნდა თქვას, პოლიცია დღეისთვის არის დეპოლიტიზებული და ჩვენ ამ სტანდარტს ძალიან ვუფრთხილდებით“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.
კომენტარი