სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თემქაზე 6 წლის გოგონამ ათამდე აბი გადაყლაპა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ თბილისში, თემქის დასახლების მე–11 მიკრორაიონში მოხდა: 6 წლის გოგონა, სავარაუდოდ, სხვადასხვა დანიშნულების პრეპარატების დიდი რაოდენობით მიღების შედეგად გამოწვეული ინტოქსიკაციისგან გარდაიცვალა.

ბავშვი მშობლებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე–3 პედიატრიულ კლინიკაში ექიმები აცხადებენ, რომ სტაციონარში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

ერთ–ერთი ვერსიით, ბავშვი სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის წნევის რეგულაციისთვის საჭირო პრეპარატებით თამაშობდა და რამდენიმე აბი გადაყლაპა. არ არის გამორიცხული, პრეპარატებს შორის საძილე აბებიც ყოფილიყო. მეზობლების თქმით, გოგონამ ათამდე სხვადასხვა ზომისა და ფორმის აბი გადაყლაპა. მშობლებმა წამლების მიღების ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბავშვმა გონება დაკარგა.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100