ეს კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიამ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც ცნობილია, მას მოსამართლე ნათია გუჯაბიძის განცხადებაზე რეპლიკის გაკეთების საშუალება არ მისცეს, შემდეგ კი გააძევეს პროცესიდან.
გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა და განაცხადა, რომ კოლეგია, თეა წულუკიანი და მთავრობის წევრები ერთიდაიგივე დისკუსიის ნაწილი არიან და "ერთნაირად დაამთავრებენ".
„ისიც ვერ გავარკვიე რისთვის გამომაძევა, ვთხოვე ახსნა, რომ ჩემი თავი დამეცვა, სამომკავლოდ მაინც, მაგრამ ეს განმარტება ვერ მივიღე, მაგრამ ისიც ვერ გავარკვიე მთლიანად პროცესიდან გამომაძევა თუ სხდომიდან,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ დარბაზის დატოვების შემდეგ.
არხის გენერალურმა დირექტორმა შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობაზეც ისაუბრა. როგორც ცნობილია, შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე სასამართლო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. ადვოკატები გადადების მიზეზად დროის სიმცირე დაასახელეს. მათი თქმით, სასამართლომ გუშინ მოსამზადებლად 24 საათიანი დროც კი არ მისცა.
„აქ ჩვეულებრივი ზონდერული მუშაობა მიდის მოსამართლეებისგან, განსაკუთრებით ნატა ნაზღაიძეა ამაში შემჩნეული და აკვირვებს ხოლმე თავის კოლეგებს. ნატა ნაზღაიძე არის ურთმელიძე კაბაში, არავითარი სხვაობა მათ შორის არ არის, ერთნაირად დაამთავრებენ, ნატა ნაზღაიძე, თამაზ ურთმელიძეც და თეა წულუკიანიც,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
არხის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სასამართლო კოლეგიას ფორსირებულად პროცესის განხილვის დავალება აქვს.
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფორმალურადაც არ იყოს ის მოსამართლე, მანტიის გახდაზე თამაშს არავისთან ვაპირებ, მაგრამ ამ ქალბატონს მანტიას აუცილებლად გავხდით, რადგან ის არ არის მოსამართლე, ის არღვევს ყველანაირ პროფესიულ სტანდარტს, კანონმდებლობას და დაამთავრებს ცუდად, ამას მას ვპირდები, ამის გარანტიას ვაძლევ 100 პროცენტიანს,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.
დღესვე რუსთავი 2-ის დირექტორმა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სახალხო დამცველს მიმართა და მათ პროცესებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.
„გამოიღვიძეთ მეგობრებო, აქ ხდება არნახული უსამართლობა, აქ საფუძველი ეყრება არა მარტო საქართველოში დემოკრატიის ჩახშობას, არამედ სამოქალაქო დაპირისპირებას, გამოიღვიძეთ და შეასრულეთ თქვენი კონსტიტუციური ვალდებულებები. პრემიერისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, ის საერთოდ არსებობს თუ არა პერიოდულად ყველას გვავიწყდება, რა აზრი აქვს საერთოდ მასთან საუბარს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კომენტარი