სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გვიანი ქორწინება - სასჯელი თუ საჩუქარი კოსმოსიდან?

ნებისმიერ მოვლენას, რომელიც ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში ხდება, აუცილებლად გააჩნია შესაბამისი ასტროლოგიური ახსნა. მათ შორისაა ბევრისთვის მტკივნეული და პრობლემატური საკითხი - ე.წ „გვიანი ქორწინების“ თემა. ალბათ არცთუ იშვიათად შეხგვედრიათ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს საიმისოდ, რომ გვერდს ღირსეული მეორე ნახევარი უმშვენებდეს. მას კი, მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე ოცდაათს მიუკაკუნა, ჯერაც ვერა და ვერ უპოვნია შესაფერისი პარტნიორი. მინდა გითხრათ, რომ ასტროლოგიურ ჭრილში, ზოგადად პარტნიორულ ურთიერთობებში არსებული პრობლემების განხილვას, ჩვენ კიდევ არაერთგზის დავუბრუნდებით.

თუმცა, ამჯერად სტატია მინდა მთლიანად ამ ვერშემდგარი, ერთი შეხედვით სასურველი „სასიძოებისა“ და „სარძლოების“ თემას მივუძღვნა. ერთად გავარკვიოთ, მაინც რა არის ქორწინება ოცდაათი წლის შემდეგ, მარტო ყოფნის სასჯელი თუ ბედის საჩუქარი, რომელსაც კოსმოსი ჩვენთვის, მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდების წარმატების ჩაბარების შემდეგ გამოიმეტებს.

მოგეხსენებათ, ცხოვრებაში ყოველივე გარკვეულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ერთმანეთთან. პლანტების გავლენა კი ამა თუ იმ ადამიანის ბედისწერაში ზემოთ ხსენებული მიზეზ-შედეგობრივი „წესრიგის“, მთავარ კრეატორად გვევლინება. უმთავრესთაგან უმთავრესი ამ მხრივ პლანეტა სატურნია, რომელიც მკაცრი მასწავლებლის ფუნქციებს ითავსებს ნებისმიერი ადამიანის ბედისწერაში და ყოველ 28-30 წელიწადში ერთხელ, წრეზე დაბრუნებული, ბეჯითად ამოწმებს ჩვენ მიერ დაწერილი "საკონტროლო ნამუშევარის" სისწორეს. ანუ იმას, თუ რამდენად კარგად ავითვისეთ ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომლის მეშვეობითაც პიროვნულ ზრდასთან ერთად, პასუხისმგებლობის დონის ზრდაც უნდა მოხდეს ჩვენში. თუკი ზოგადად, წყვილების ცხოვრებაში პირად ურთიერთობებში მიმდინარე კრიზისულ პერიოდებს გადავხედავთ, ძალზე ხშირად წავაწყდებით იმ ფაქტს, რომ ნაადრევ ასაკში შექმნილ ოჯახებში, მეუღლეებს ზუსტად 28-30 წლის ასაკში ეწყებათ, პარტნიორის მიმართ ე.წ „ახლებურად ხედვის“ პრობლემები და სწორედ ამ დროს იწყებენ იმის აღმოჩენას, რომ „ეს ის არ არის რაც მათ აქამდე ეგონათ“. თუმცა, იგივე შემთხვევაში, მარტოხელა ადამიანისთვის, რომელიც ზემოთ ხსენებულ ასაკამდე, პირად ცხოვრებაში „ვერშემდგარ რომანებს“ აგროვებს, სწორედ ოცდაათი წლის შემდეგ იხსნება „მეორე სუნთქვის“ შესაძლებლობა.

იგი საბოლოოდ ახერხებს გადააფასოს ილუზიები, რომელიც მას აქამდე პარტნიორების მიმართ ჰქონდა და უკვე ზუსტად იცის, თუ როგორი მეორე ნახევარი ესაჭიროება ცხოვრების გზაზე. ეს იმიტომ ხდება, რომ პლანეტა სატურნი თავისი პირველი ციკლის დასრულებამდე, ადამიანს ცხოვრების გზაზე ახვედრებს ისეთ პარტნიორებს, რომელთა ხარჯზეც, ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ამაღლდეს და გაიზარდოს. მასში არსებული ინფანტილიზმი კი, რომელიც ნაადრევად ოჯახის შექმნის შემთხვევაში ამ ოჯახის სწრაფი ნგრევის მიზეზი გახდებოდა, სატურნის ახალ ციკლთან ერთად, ზრდასრულობაში გადაიზრდება. შესაბამისად, ოცდაათი წლის ასაკში ადამიანი იძენს იმ აუცილებელ ხედვას პარტნიორული ურთიერთობების კუთხით, რაც მას აქამდე აკლდა. აქედან გამომდინარე, შანსი იმისა, რომ იგი ამჯერად ოჯახს სრულიად გააზრებულად და რაც მთავარია, წარმატებულად შექმნის, ძალზე დიდია. სატურნს ხომ ახალი ციკლის დადგომასთან ერთად, ჩვენი წარსულის ილუზიები, ტკივილები და წარუმატებლობებიც მიაქვს თან. სამომავლოდ კი, უკვე ჩვენივე ზრდასრული და ჩამოყალიბებული შეხედულებების შესაბამისობის მქონე პარტნიორს გვახვედრებს ცხოვრების გზაზე, რომელთანაც იმედის გაცრუების ალბათობა მინიმუმადეა დაყვანილი. სამყაროში ხომ ყოველივე კანონზომიერებას ექვემდებარება, ჰოდა, თავად დაფიქრდით, იქნებ ამდენხნიანი მარტოობა ამად ღირდა?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100