სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვის არ აშინებს ლუსტრაცია?

ხშირად გაიგონებთ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისგან ლუსტრაციის მოთხოვნას: –ლუსტრაცია გვინდაო! – დაუჩემებიათ და "აბრიყვებენ" ხალხს.

იმაზე არ ფიქრობენ, რა საშიში რამ არის ლუსტრაცია.

მაგალითებით დაგისაბუთებთ – ჯერ რელიგიური ვნახოთ:

ბულგარეთის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ 2011 დან 2012 წლამდე 20–%–ით შემცირებულა ეკლესიისადმი ნდობა – ხალხმა საშინლად უკლო თურმე ეკლესიაში სიარულს. მიზეზი უკავშირდება 2011 წლის იანვარში გამოქვეყნებულ კომუნისტების დროინდელ ბულგარეთის უშიშროების აგენტების სიას, რის მიხედვითაც 15–დან 11 მიტროპოლიტი უშიშროების ორგანოების აგენტი აღმოჩენილა!

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი სიები ჩვენთან გამოქვეყნებულიყო – იქ ბულგარეთი მაინც ერქვა ქვეყანას და კომუნისტური იყო თუ რაღაცა, თავიანთი ბულგარული უშიშროება ჰყავდათ; ჩვენ რა გვეშველება, თუ დავიწყეთ კირკიმალობა – საქართველო სულ არ არსებობდა ცალკე ქვეყნად იმ დროს და ჩვენი აგენტები საქართველოსი კი არა, საბჭოთა კავშირის აგენტები იყვნენ; ვაი ჩვენი ბრალი – თუ კარგად მოგვაჩხრეკინეს! იქ თუ იყო 15–დან 11 აგენტი, ჩვენთან რამდენიღა იქნებოდა და თან საქართველოსი კი არა, სულ მთლად უცხო და მტრული სახელმწიფოსი – ყოფილი საბჭოთა რუსეთის?!

ძლივს ხალხი ეკლესიაში დაგვიბრუნებია და იქიდან გვინდა ახლა მათი გამორეკვა? რა ვქნათ, ბულგარეთივით ჩვენც დავუკარგოთ მრევლი ეკლესიას?

ახლა – კიდევ სხვა მაგალითი – ინტელიგენცია.

გერმანიის „შტაზის“, იგივე მათ „კაგებეს“, 274 ათასი ადგილობრივი მოსამსახურე ჰყავდა – მათ შორის 102 ათასი შტატიანი თანამშრომელი და 38 ათასი თვით დასავლეთ გერმანიაში მცხოვრები გერმანელი! სულ ნარჩევი ინტელიგენტები იყვნენ! როდესაც მათი ჭეშმარიტი ვინაობა შეიტყვეს, ძალიან დიდი განხიბვლა დაემართათ გერმანელ მოქალაქეებს საკუთარი ახლო ისტორიული კულტურული წარსულის მიმართ! მიადგნენ თურმე და მთელი კულტურული ღირებულებები გადააფასეს!

გვინდა ჩვენ ეს ამბავი?

ჩვენც რომ იგივე ჩავიდინოთ, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რამდენი მწერლის წიგნი ჩამოვა საოჯახო თაროებიდან! ბიბლიოთეკები აღარ ფუნქციონირებენ და გააქანებენ ამ წიგნებს მაკულატურაში; აღარც მაკულატურის მიმღები პუნქტები არსებობენ და გაიტანენ წიგნებს და მოაწყობენ ჭიაკოკონებს – გაივსება კვამლით თბილისის ზეცა. გვინდა ეკოლოგიური კატასტროფა? ახლა რამდენი ადამიანი აღარ წავა თეატრში, აგენტი მსახიობების და რეჟისორების დანახვის შიშით; კინოთეატრები კი არის დახურული, მაგრამ, სამაგიეროდ, რამდენ ფილმს აღარ ჩაიწერენ ვიდეოთი, რამდენ არხს გამორთავენ ტელევიზორში ქართული ფილმების ჩვენებისას! გვაწყობს საკუთარი კულტურის ასეთი დაწიხლვა?

ახლა – პოლიტიკოსები.

მაგალითად, დიდი დაგვიანებით, მაგრამ ბოლოს მაინც შუზღუდავთ რუმინეთში კომპარტიის და კომკავშირის ყოფილი წევრების – ჩაუშესკუს ექსთანამშრომლების უფლებები: მთავრობის, უზენაესი სასამართლოს, გენპროკურატურის, დიპლომატიური და საკონსულო მისიების, საზღვარგარეთის სპეცსამსახურების მოხელეებს ხუთი წლის მანძილზე აეკრძალათ სახელმწიფო თანამდებობების და იდეოლოგიური პოსტების დაკავება.

ღმერთმა დაგვიფაროს და ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში რომ ჩავიდინოთ იგივე და ედუარდ შევარდნაძის ყოფილ მხარდამჭერებს ჩამოვუაროთ – ხომ განახევრდება პარლამენტი! ხომ მოეცარებათ ხელი ყველას, ვინც მის დროს დსთ–ს აძლევდა ხმას და დღეს ნატოსთან მეგობრობაზე დებს თავს; ვინც ერთ დროს ეროვნულ ხელისუფლებას ამხობდა და დღეს, პარლამენტში მჯდომს, ერთი სული აქვს ამ პარლამენტსაც გამოუთხაროს ძირი; ვისაც ეროვნულობის ნიღაბი აქვს მორგებული და ფარულ დირექტივებს იღებს კრწანისის რეზიდენციიდან – თავიანთ ამომრჩევლებს, სულ ერთია, ცოტანი არიან თუ ბევრნი, ხომ აჭმევენ ჭინჭრის ქადას?

აი, როგორი "საშიშია" საქართველოსთვის ლუსტრაცია!

მაგრამ, რადგან არსებობს მსგავსი პროექტები, ჩვენი ხელისუფლების რადიკალური ზომების ამბავი რომ ვიცით, ბოლი უცეცხლოდ არ იქნება – ეტყობა, მართლა არის ლუსტრაცია მოსალოდნელი. ამიტომ, ყველა საეკლესიო პირი, ინტელიგენტი თუ პოლიტიკოსი, ვისაც წარსულში კუდი აქვს მოსვრილი, ის დროა, ჩაეწეროს „ქართულ ოცნებაში“ და მერე შეუძლია მშვიდად იყოს! „ქართული ოცნება“ რა შუაშიაო, იკითხავთ. იმ შუაშია, ბატონო, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ორგანიზაცია ქვეყანაში, რომლისთვისაც არ არის საშიში ლუსტრაცია.

ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ პუტინის რუსეთი არ არის ოკუპანტი ქვეყანა, რომ 2008 წელში ომი საქართველომ დაიწყო და საქართველოში ქართულ ეკლესიას არა აქვს პრივილეგირებულობის უფლება – საქართველოში დღეს ასრულებს იმ რუსული საელჩოს ფუნქციას, რომელთანაც საქართველოს გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა.

ამიტომ, როდესაც „ქართული ოცნების“ რიგები სრულად შეივსება, ლუსტრაციის პრობლემა გადაწყდება თავისთავად და უმტკივნეულოდ – თუ საქართველოს, გასული საუკუნის დარად, კიდევ ერთხელ მიატოვებს შუა გზაზე დასავლეთი, ჩვენ ყველას ჩაგვძირავენ იმ უკიდეგანო „ოცნებაში“, საიდანაც ვეღარასოდეს ვეღარ ამოვყვინთავთ, მაგრამ, თუ ამჯერად მაინც გვისაშველებენ, მაშინ თვით „ქართული ოცნების“ ხომალდი მიადგება თავის სამუდამო ნავთსაყუდარსა და განსასვენებელს რუსეთში და საქართველო ლუსტრაციის გარეშე სამუდამოდ გათავისუფლდება ლიპარიტული ბაღვაშობისაგან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100