ანგარიშის მიხედვით, ინფორმაციის მომწოდებლებად, ხშირად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სახელდებიან, ეს თავისთავად საინტერესო ფაქტია
პოლიტოლოგი ზვიად აბაშიძე „პირველთან“2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე მიმართულებით საუბრობს:
ახლახან გამოქვეყნდა „სამართლიანი არჩევნების“ შუალედური ანგარიში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიას ეხება. ანგარიშში ნათქვამია, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები, მათ შორის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, სადაც ხშირად ფიქსირდება ნეპოტიზმის ფაქტები, როდესაც კომისიების წევრების გარკვეული ნაწილი სანათესაო პრინიცპითაა დაკომპლექტებული. რას იტყვით ამის თაობაზე?
- ჯერჯერობით მსგავსი ანგარიში ერთადერთია, რომელიც ხარვეზების არსებობას ასაბუთებს საარჩევნო კომისიებსა თუ ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებით. მოცემულ საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციები არაფერს გვეუბნებიან. ანგარიშის მიხედვით, ინფორმაციის მომწოდებლებად, ხშირად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სახელდებიან და მასში ნაკლებად ჩანან სხვა პოლიტიკური აქტორები. ეს თავისთავად საინტერესო ფაქტია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ე.წ. „კლანური“ გადახრები დამახასიათებელია ჩვენი ყოველდღიური სოციალური და პოლიტიკური ყოფისთვის და არ ახალი ამბავია. ამას თავისი ღრმა მიზეზები გააჩნია, რომელთან გამკლავებაც, უახლოეს მომავალში, ჯერ კიდევ მრავალ მთავრობას მოუწევს მას, მით უმეტეს თუ საქმე ადგილობრივ დონეებზე მიმდინარეობს. თვით ყველაზე განვითარებულ დემოკრატიებშიც კი, კორუფციის და ნეპოტიზმის ყველაზე მეტი შემთხვევები ადგილობრივ დონეზეა აღნუსხული ეროვნულ დონესთან შედარებით. ამ მხრივ, არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი, თუმცა რამდენად გადამწყვეტ როლს თამაშობს იგი მიმდინარე საარჩევნო კამპანიის პროცესში, ფრიად საკამათოა, რადანაც ყოველი ასეთი ფაქტის გამოვლენა გადამოწმებას მოითხოვს, რათა მისი საბოლოო ნამდვილობა ვირწმუნოთ.
ფიქრობთ, რომ მიმდინარე საარჩევნო პროცესი ნორმალურად ჩაივლის და ცესკო მზად არის არჩევნების შესაბამისი სტანდარტების ჩასატარებლად?
- ვფიქრობ, მიმდინარე არჩევნებში რაიმე განსაკუთრებულ ექსცესებს არ უნდა ველოდოთ, ყოველ შემთხვევაში ჯერ ჯერობით ამის თქმა ნამდვილად შეუძლებელია. რა თქმა უნდა სრულიად შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული დარღვევები, ან საორგანიზაციო ხარვეზები, თუმცა ცესკო შეეცდება ორგანიზებულად წარმართოს ყველაფერი და როგორც მონაწილე სუბიექტებს, ისე ამომრჩეველს შეუქმნას პირობები, რომ იყოს განცდა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა. ზოგადი პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც არის დამახასიათებელი ჩვენი პოლიტიკური საზოგადოებისთვის, ბუნებრივია საარჩევნო პროცესზე ჰპოვებს თავის ასახვას, მაგრამ მთავარია როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ისე მის შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ ყველას ქონდეს იმის აღქმა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც არჩევნები სამართლიანად ტარდება. ხარვეზების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
კომენტარი