სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იყო ერთი ამბაკო...

„სპორტსმენების სახე „ქართულ ოცნებაში“ - საქართველოს საგამოცდო ცენტრის არცთუ შორეულ მომავალში, შესაძლოა, აბიტურიენტებს ამ დასათაურებით თავისუფალი თემის დაწერაც შესთავაზონ - მეოცნებე სპორტსმენთა რიცხვი ხან იზრდება და ხან მცირდება, მაგრამ ცვალებადი არამარტო მათი რიცხოვანება, ხასიათიცაა.

ქართულ სინამდვილეში, ფოლკლორულ თუ ლიტერატურულ ნიმუშებში მოჭიდავე კარგ ვაჟკაც კაცთანაც ასოცირდება, მცირე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით.

კარგ ვაჟკაცს კი ტყულის თქმა რომ არ ეკადრება, არც ეს საჭიროებს ახსნას და არც იმაში ვიქნებით მაინცდამაინც შემცდარნი, ძიუდოისტი ამბაკო ავალიანი რომ მოჭიდავეთა მემკვიდრედ დავასახელოთ. ალბათ, არც ის იქნება მოულოდნელი, მისგანაც ვაჟკაცობა მოვითხოვოთ, რომელიც მის თავს გადახდენილი ისტორიის შემთხვევაში, მხოლოდ სიმართლის თქმით იქნება გამოხატული.

მოკლედ გაგახსენებთ ამბაკო ავალიანის თავს გადახდენილ ისტორიას და შემდეგ უკვე ვეცდებით, ამბაკოს ფირფიტებშიც გაგარკვიოთ.

3 ივნისს პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საღამოს საათებში „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ ძიუდოისტი ამბაკო ავალიანი ბათუმში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაურკვეველმა პირებმა მანქანაში ჩაისვეს და წაიყვანეს.

იყო მინიშნება იმაზე, რომ ეს ამბაკო ავალიანის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. თვითმხილველებზე დაყრდნობით დაწერილ განცხადებაში ეწერა, რომ მას ტელეფონზე დაუკავშირდა ახლობელი (ასევე სპორტსმენი) და შეხვედრა სთხოვა, რასაც ავალიანი დათანხმდა.

განცხადების თანახმად, შეთანხმებულ შეხვედრაზე ახლობელი მივიდა სამი მსუბუქი ავტომანქანის თანხლებით, სადაც დაახლოებით ოცი კაცი იჯდა. ამის შემდეგ, განცხადების მიხედვით, ავალიანს გამორთული ჰქონდა ტელეფონი, რაც განგაშის საფუძველი გახდა. ამავე განცხადებაში მითითებული იყო, რომ ავალიანის გატაცება „ქართულ ოცნებაში“ მის გაწევრიანებას უკავშირდებოდა:

"3 ივნისს, დაახლოებით 21 საათისთვის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” წევრი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, ამბაკო ავალიანი რამდენიმე პიროვნებამ ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

მას შემდგ ავალიანს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. შემთხვევას ჰყავს თვითმხილველებიც."(ინტერპრესნიუსი).

მოგვიანებით ამბაკო გამოჩნდა. მან დაადასტურა, რომ მართლაც შეხვდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, მაგრამ დაამატა, რომ ეს მხოლოდ მეგობრული საუბარი იყო. ეს ამბაკოს პირველი ფირფიტა გახლდათ:

"ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი უარყოფს "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მისი გატაცების შესახებ და აცხადებს, რომ გუშინ სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ავალიანმა განუცხადა.

"გვიან საღამოს ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად წამიყვანეს, თუმცა ეს ძალის გამოყენებით არ მომხდარა. საუბარი გვქონდა სპორტულ საკითხებზე. იყო რაღაც გაუგებრობები, გავარკვიეთ. ეს არ ყოფილა პოლიტიკურ თემაზე შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ სპორტთან დაკავშირებით და ეს საუბარი იყო მეგობრული", - განაცხადა ავალიანმა." (ინტერპრესნიუსი).

სპორტთან დაკავშირებით შემდგარი საუბარი დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა, როცა ძიუდოს ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება, თუმცა, ამ განცხადებას მოგვიანებით მივუბრუნდებით.

მანამდე კი, ამბაკო ავალიანის კიდევ ერთი ფირფიტის შესახებ, რომელიც ასე ჟღერდა: „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად უბრალოდ, მივედი - სინამდვილეში მეოცნებე სულაც არ ვარო...

აქ უკვე „ქართული ოცნების“ პრესტიჟი დგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ: ხუმრობა საქმე არაა, როცა პოლიტიკური ორგანიზაცია სულსწრაფობას იჩენს და აქვეყნებს განცხადებას, რომელიც, უბრალოდ, ბლეფი აღმოჩნდება. ამიტომაც, მეოცნებეები დაფაცურდნენ და ამბაკოს ზვიადაური მიუგზავნეს, რომელიც თავიდანვე ვერ მალავდა გაღიზიანებას. მანაც ამბაკოსთან ორი დღე „წაიმუშავა“ და...

მოგვიანებით ავალიანმა უარყო, რომ მინისტრთან საკუთარი ინიციატივით მივიდა. „მეოცნებეებმა“ ამჯერად მას მხოლოდ ზეპირი განცხადება არ აკმარეს, ვიდეოფირიც ჩაწერეს და, რა თქმა უნდა, გამოაქვეყნეს კიდეც. „გულდათუთქული“ ძიუდოისტ-ფირფიტიკოსი ჰყვება, როგორ ემუქრებოდნენ და „ტისკავდნენ“ თურმე მინისტრის კაბინეტში...

ისტორიას გაგრძელება მოჰყვა - საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ, ავალიანის მორიგი გამოხტომა უყურადღებოდ არ დატოვა და მასზე (და სხვა სპორტსმენებზე) ზეწოლაში ზვიად ზვიადაური ამხილა:

„საქართველოს ძიუდოს ფედერაცია "ქართული ოცნების" აქტივისტ ზურაბ ზვიადაურს სპორტსმენებზე ზეწოლაში ადანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, 3 ივნისის ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძიუდოისტ ამბაკო ავალიანთან სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილის შეხვედრას ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - სოსო ლიპარტელიანი და თამაზ ნავერიანი, ასევე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი გუგავა და ყოფილი ძიუდოისტი არჩილ შინჯიკაშვილი ესწრებოდნენ.

ამ შეხვედრის აუცილებლობა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლეთა მხრიდან ბოლო პერიოდში მოქმედ სპორტსმენთა აქტიურ პოლიტიკაში გადაბირება სისტემატიურად ხდება.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომმა უკვე გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სპორტული ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, მოქმედი სპორტსმენისთვის აქტიური პოლიტიკური საქმიანობით დაკავება რეკომენდებული არ არის, რადგანაც ეს ფაქტი სპორტულ რეჟიმს არღვევს, რაც სპორტულ მიღწევებზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, მოქმედმა სპორტსმენმა უნდა გააკეთოს არჩევანი - სპორტული კარიერა გააგრძელოს ან აქტიურ პოლიტიკაში წავიდეს.

რაც შეეხება 3 ივნისის ინციდენტს, ავალიანთან შეხვედრისას მინისტრსაც და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსაც სწორედ ამ თემაზე ჰქონდათ საუბარი, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ამბაკო ავალიანი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტის, ყოფილი ძიუდოისტის ზურაბ ზვიადაურის ოფისში, სადაც მასზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, რისი დასტურიც ამბაკო ავალიანის მიერ მინისტრთან შეხვედრის შესახებ რამდენჯერმე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელებაა.

ჩვენ, არა მხოლოდ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“, არამედ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან სპორტსმენთა პოლიტიზირებას ვგმობთ.

სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მსგავსი ზეწოლის ფაქტები მოქმედ სპორტსმენებზე „ქართული ოცნების“ აქტივისტის ზურაბ ზვიადაურის მხრიდან უკვე არაერთხელ დაფიქსირდა”, - ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში“. (ინტერნეტ.ჯი).

მოკლედ, ფირფიტებს და მათ გადაბრუნება-გადმობრუნებას რომ თავი გავანებოთ და სოსო ჯაჭვლიანის მიერ ერთ-ერთი სპორტსმენის მისამართით ნახმარი არცთუ კორექტული ფრაზა: „წაგკუზეს, ბიჭო?“ გავიხსენოთ, ამბაკოსთან მიმართებაში ეს რეპლიკა აღმატებულ ხარისხში იქნებოდა გამოსაყენებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100