ნოღაიდელი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისაგან გეგმავს ფულის აღებას
მიუნხენში ოქრუაშვილთან სამი პოლიტიკოსის მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე ალაპარაკდა. ქართველი ოპოზიციონერების და სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების – ზურაბ ნოღაიდელის, ირაკლი ოქრუაშვილის (გაჩეჩილაძის გამოკლებით) ახალი ინიციატივა პოლიტიკური გაერთიანების შექმნასთან დაკავშირებით უკვე გააკრიტიკა „ალიანსის“ ყოფილმა ლიდერმა, დავით გამყრელიძემ. როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა ნოღაიდელს და წარსული ცოდვების გახსენებაც დაიწყო... ნოღაიდელმა გამყრელიძეს 94-95 და მოგვიანებით უკვე 2006 წელს ხელისუფლებასთან ახლობლობით ფულის კეთება წამოაძახა და სააკაშვილის რეჟიმის დასასრულის დაწყების ხელშეშლაში დაადანაშაულა. „ალიანსს“ რომ ოპოზიციური გაერთიანება არ ჩაეშალა, 30 მაისს სააკაშვილის რეჟიმის დასასრული დაიწყებოდა“, – აცხადებს „ეროვნული საბჭოს“ თავმჯდომარე, თუმცა ნოღაიდელი, ალბათ, ოპოზიციის ამ შეცდომის აღმოფხვრას მისი, ოქრუაშვილის და ლევან გაჩეჩილაძის მიერ შექმნილი ახალი გაერთიანებით შეეცდება.
– ბატონო ზურაბ, თქვენ ახლახან თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნისთვის დაიწყეთ მზადება. რა მიზანი აქვს ამ გაერთიანებას და რამდენად რევანშისტური იქნება ის?
– ბატონო ზურაბ, თქვენ ახლახან თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნისთვის დაიწყეთ მზადება. რა მიზანი აქვს ამ გაერთიანებას და რამდენად რევანშისტური იქნება ის?
ზურაბ ნოღაიდელი: „ჯერ აქტიური მზადება არ მიმდინარეობს. ახლა ზაფხულია, რაიმე სერიოზულ ცვლილებებს ქართულ პოლიტიკაში არ ველოდებით, ამიტომაც ახლა გაერთიანების შესახებ მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. ვმსჯელობთ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. აუცილებელია უკეთესად მოვემზადოთ, ვიდრე სხვა გაერთიანებების დროს და ისე გადავიდეთ შემდგომ ეტაპზე. რაც შეეხება რევანშისტულობას, თუ საზოგადოება დაინახავს, რომ ეს გაერთიანება რევანშისტულია, მაშინ მას მხარს არ დაუჭერს, ხოლო თუ ხალხი მხარს არ დაგვიჭერს, ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ, ასე რომ, ვნახოთ...
– ბატონო ზურაბ, რა კრიტერიუმებით შეირჩა ამ დიალოგში მონაწილე პოლიტიკოსები? როგორც ცნობილია, მასში მხოლოდ თქვენ, ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე მონაწილეობდით.
– ბატონო ზურაბ, რა კრიტერიუმებით შეირჩა ამ დიალოგში მონაწილე პოლიტიკოსები? როგორც ცნობილია, მასში მხოლოდ თქვენ, ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე მონაწილეობდით.
– ეს შეხვედრა ორგანიზებული იყო ოქრუაშვილის მიერ და მის მიერვე მოხდა მიწვევა.
– რაც შეეხება მასში სხვა ლიდერებისა და პარტიების გაერთიანებას, თქვენ პოლიტიკოსებს მოუწოდეთ აღნიშნულ გაერთიანებაში შესვლისაკენ, ვის გარშემო სთავაზობთ მათ გაერთიანებას და ეყოლება თუ არა მას ერთი გამოკვეთილი ლიდერი?
– დიახ, ჩვენ მოვუწოდეთ გაერთიანებისკენ აბსოლუტურად ყველა ოპოზიციონერს და პარტიას, ყოველგვარი მინუსების გარეშე. ჩვენ ამ გაერთიანებაში მოვიაზრებთ ხალხს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის პრობლემების მოგვარება. ჩვენ ერთი კონკრეტული ლიდერი არ გვეყოლება. ამ გაერთიანებაში მასპინძელი ვიქნებით ყველა. ამ გაერთიანებამ, სხვა წინამორბედი ერთობებისგან განსხვავებით, აუცილებლად უნდა ჩამოაყალიბოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და არ უნდა გაიმეოროს წარსულის შეცდომები. საზოგადოებას ზუსტად უნდა ვუთხრათ, თუ როგორ შევძლებთ მათი პრობლემების მოგვარებას. ერთი ვინმე პოპულარული ლიდერი ამ დროისთვის არ არის და ეს ნაწილობრივ კარგია.
– თქვენ, ალბათ, თანამოაზრეებთან ერთად უკვე გქონდათ საუბარი ხელისუფლების შეცვლის გზებზე, მაინც, რა ფორმით აპირებთ მის შეცვლას?
– ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური მოძრაობის ლიდერთა წრე, რის შემდეგაც ისინი ამ გეგმაზე დაიწყებენ მსჯელობას. ამ ერთობაში მეტი დისციპლინა უნდა იყოს, ვიდრე მის წინამორბედებში. ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესი იქნება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა და რა თქმა უნდა, არჩევნებში გაერთიანებულთ საკუთარი კანდიდატებიც ეყოლებათ. გაერთიანების გეგმებში აუცილებელია საზოგადოების დიდი დოზით ჩართულობა.
– თქვენ საზოგადოების ჩართულობა ახსენეთ. რა კუთხით უნდა მოხდეს ეს – აქციებით, თუ არჩევნებში მონაწილეობით უნდა გამოიხატოს მათი ჩართულობა?
– საზოგადოების განწყობა არის სააკაშვილის საწინააღმდეგო, მაგრამ იმავდროულად აქტიურად არ ცდილობს მის შეცვლას, რადგან პრობლემების მოგვარების გზებს, სამწუხაროდ, ვერც ოპოზიციაში ხედავს. ჯერ მსგავსი დეტალები არ არის დაზუსტებული და გაერთიანების გარშემო მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ამჟამად ქვეყანაში აჯანყება მის საერთაშორისო იზოლაციას მოახდენს, ჩვენ უფრო ორგანიზებული და მომზადებული მოქმედება გვჭირდება. ჩვენს მოუმზადებლობას ქვეყანაში სისხლისღვრა მოყვება.
– ბატონო ზურაბ, რაზეა დამოკიდებული ამ გაერთიანების შექმნა და როგორ ხდება მისთვის ფინანსების მოძიება?
– პირველ რიგში დამოკიდებულია თანმიმდევრულობაზე. გაერთიანების მინიმუმ კონტურები უნდა იყოს გამოკვეთილი, რომ აზრი ჰქონდეს ფინანსების მოპოვებას.
– რამდენად შესაძლებელია ამ გაერთიანებაში რუსული ფული ჩაიდოს, თუნდაც რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებისგან?
– ფინანსები მოპოვებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან, თუმცა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ მე არა მგონია, მათი რაიმე დახმარება საჭირო გახდეს.
კომენტარი