„საქინფორმის“ შეფი: „ერთადერთი, ვისაც ქართველი ერის ხსნა შეუძლია, პუტინია!“
ეს ინტერვიუ დღეს გამოქვეყნდა ერთ-ერთ ქართულ გაზეთში, სადაც „საქინფორმის“ დირექტორი საკუთარ მოსაზრებებს პოლიტიკურ პროცესებზეც გამოთქვამს და თანაც, არც ვლადიმირ პუტინის მზის დაფიცება ავიწყდება. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს, სადაც არნო ხიდირბეგიშვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრს ახასიათებს და, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე საუბრობს:
„რუსეთის ფედერაციას სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა მთელ კავკასიაში – მისი სტრატეგიული ინტერესების ზონაში, რომელიც თავისუფალი იქნება ნატოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ელემენტებისაგან, ამის მიღწევა კი შეუძლებელია აღნიშნული რეგიონიდან აშშ-ის გამოდევნის გარეშე.
ამიტომაც რუსეთი დაინტერესებულია ჩრდილოეთ კავკასიის სტაბილურობით, ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტითა და საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა და კეთილდღეობა საკუთარ სახლში, კერძოდ, კავკასიაში. ანუ ქართველ და რუს ხალხებს სურთ ერთი და იგივე.
აი მთელი ეს სიბრძნე სიცრუისა.
– კი მაგრამ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ?
– გაგიმხელთ „საშინელ საიდუმლოს“ – ფორმულას, როგორ დავაბრუნოთ აფხაზები და ოსები მოძმე ხალხთა ერთიან ოჯახში:
საქართველო + რუსეთი= ერთიანი საქართველო (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად), ანუ საქართველოს შეერთება რუსეთთან თავისთავად გამოიწვევს საქართველოს შეერთებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან! განა რთული ფორმულაა? განა საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ ოცნებობს ადრინდელი ძმობის აღორძინებაზე რუსეთთან, არ ენატრება უვიზო რეჟიმი, სარფიანი ვაჭრობა და, საერთოდ,რუსები?
რუსულ-ქართული სტრატეგიული, კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური სივრცის აღდგენა – აი, ერთადერთი ხსნა საქართველოსთვის, რის შემდეგაც ჩვენკენ სტაბილურობით მოხიბლული აურაცხელი ევროპული, რუსული და, თუნდაც, ამერიკული ინვესტიცია დაიძვრება!
- კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი, ვის ხელშია ერთგვარი პოლიტიკური ჯადოს მოხსნის პრივილეგია?
– საქართველოს აქვს უკანასკნელი ისტორიული შანსი – უახლოეს მომავალში გამოიყენოს პუტინის პრეზიდენტობა საქართველოს გასაერთიანებლად
და ასაყვავებლად! ერთადერთი, ვისაც ხელეწიფება, იხსნას ქართველი ხალხი, მისი ისტორია, რელიგია და კულტურა,სწორედ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინია – სიტყვისა და საქმის კაცი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე,რომელიც ბრწყინვალედ იცნობს და რომელსაც ჭეშმარიტად უყვარს საქართველო და ქართველები!“
კომენტარი