სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Freedom House-ს ვიცე პრეზიდენტი: მედიის თავისუფლების კუთხით საქართველო მისაბაძია

საქართველო, მედიის თავისუფლების კუთხით, მეზობელი სახელმწიფოებისთვის მისაბაძი ქვეყანაა. ასეთი შეფასება მისცა საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ვიცე-პრეზიდენტმა ქრისტოფერ უოკერმა საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ სიტუაციას.

ინტერვიუს უოკერთან „ეხო კავკაზა“ აქვეყნებს, რომელიც აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის დასკვნით, საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში „თავისუფლების შუქურის“ სტატუსი დაიბრუნა, რამდენადაც Freedom House-ის მოხსენების თანახმად, მედიის თავისუფლების მიხედვით, თუ არ ჩავთვლით ბალტიის ქვეყნებს, საქართველო, რეგიონში პირველ ადგილზეა. ორგანიზაციამ შეაქო საქართველოს ხელისუფლება იმის გამო, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მან, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის ლიცენზიების გაცემა დაიწყო, ახალი კანონების საფუძველზე კი ყველა ტელეკომპანიის მფლობელის ვინაობა ცნობილია.

როგორც ქრისტოფერ უოკერი აღნიშნავს, „მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების სააგენტომ ლიცენზიების გაცემა დაიწყო იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებასთან არ არიან კავშირში. ეს განასხვავებს საქართველოს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან, თუ არ ჩავთვლით ბალტიის ქვეყნებს“ - აცხადებს ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი სტრატეგიისა და ანალიზის საკითხებში.

საქართველოსთან ერთად სახელდება მოლდოვა და უკრაინაც, თუმცა უკრაინაში, უოკერის თქმით, სიტუაციის განვითარების ტენდენცია ისეთია, რომ ამ ქვეყანამ, შესაძლოა, მედიის მხრივ „არათავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში გადაინაცვლოს. ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი უზბეკეთშია. „უზბეკეთში, ბოლო წლებში, პრესის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება საშინელი იყო.

ჩვენ აღვნიშნეთ ტელერადიომაუწყებლობის შეზღუდვა და მედიასაშუალებების დევნისა და მათზე ზეწოლის სხვა ფორმები. თურქმენეთი კი არის სახელმწიფო კორუფციის დაუჯერებელი დონითა და სამოქალაქო თავისუფლების ჩახშობის კუთხით და ამიტომ, ის, ტრადიციულად, „ყველა უარესთა“ შორისაა“ - განაცხადა უოკერმა.

მისივე თქმით, ზემოთხსენებული ქვეყნების გარდა, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა საერთოდ, ან თითქმის არ არსებობს კუბაში, ეკვატორულ გვინეაში, ერითრეასა და ირანში. ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა კი მედიის თავისუფლების მხრივ, ჩრდილოეთ კორეაშია, სადაც განსხავებულად აზროვნებას რეპრესიებით, მათ შორის ციხითა და წამებით ებრძვიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100