„პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში“ - გიორგი უშიკიშვილის ინტერვიუ „დრონი.ჯი“-სთან „რუსთავი 2“-ის ახალ სასიმღერო კონკურსზე
„რუსთავი 2“ ახალ პროექტს იწყებს. სულ მალე არხის ტელეეთერი ყველაზე ეროვნულსა და სახალხო მუსიკალური მეგა-შოუს დაეთმობა. პროექტში, რომელშიც უცხოურ სიმღერას ვერ გაიგონებთ და ყველა მელოდია მხოლოდ ქართული იქნება. სწორედ ამიტომ, მისი სახელიც ასე ჟღერს - „მხოლოდ ქართული“. შესარჩევი ტურები დაიწყო. 18 წელს ზემოთ მყოფ დამწყებ და ნიჭიერ ადამიანებს, პროფესიონალი და გამოცდილი ჟიური - გიორგი უშიკიშვილი, სოფო ნიჟარაძე და მარინა ბერიძე არჩევენ. გადაცემის წამყვანები ნიკა გრიგოლია და ილო ბეროშვილი იქნებიან. „დრონი.ჯი“ ახალი სასიმღერო კონკურსის შესახებ სასაუბროდ გიორგი უშიკიშვილს დაუკავშირდა:
რამდენადაც ცნობილია, ეს არის ქართული სიმღერის კონკურსი. კონკურსანტები მხოლოდ ქართულად იმღერებენ? და რა ტურები იქნება კონცერტებზე?
კონკურსის განმავლობაში მხოლოდ ქართული სიმღერები შესრულდება. 8 ლაივ კონცერტი იქნება და სხვადასხვა ჟანრის სიმღერები მხოლოდ ქართულად იქნება წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვეძებთ უნივერსალურ კონკურსანტებს, რომლებსაც მოუწევთ როგორც ჯაზის, ისე ესტრადისა თუ ხალხური სიმღერის შესრულება. ასე რომ, საკმაოდ რთული კონკურსი იქნება. შესაბამისად, ვეძებთ ისეთ კონკურსანტებს, რომლებიც ამას ადვილად გადალახავენ.
რამდენ ქალაქში იყავით უკვე და სად დარჩა ჩასატარებელი კასტინგი?
გორში, თევალში, ქუთაისსა და ზუგდიდში უკვე ჩატარდა შესარჩევი ტურები. შემდეგი იქნება ბათუმი. 16-17 მარტს თბილისში, „რუსთავი 2“-ში გაიმართება კასტინგი. ლაივ კონცერტზე ჟიურიში კიდევ ორი წევრი დაგვემატება. თუმცა, მათი ვინაობა ჯერჯერობით არ ვიცი. ლაივ კონცრტები რუსთაველის თეატრში იქნება. ეს ადგილი სპეციალურად შევარჩიეთ. რადგანაც პროექტი არის ქართული სიმღერის, გვინდოდა, რომ ატმოსფერო შესაფერისი ყოფილიყო. რუსთაველის თეატრი კი ამის კარგ საშუალებას იძლება.
რამდენად მკაცრი იქნებით შეფასებისას?
არ მგონია მკაცრი ვიყო. სიმკაცრე არაფერ შუაშია. უფრო პრინციპულობაა და ის, რომ რეალურად, ჩვენ არ დაგვეჩაგროს ვინმე. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ბოლომდე ამოვწუროთ ადამინები, რომ მათი ნიჭი დავინახოთ. ჩვენ ვეძებთ ტალანტებს და თუ ასეთი ადამიანები იქნებიან, მოხარული ვიქნები.
რამდენად დიდი გამოხმაურება მოყვა კონკურსს ხალხში? დადიხართ სხვადასხვა ქალაქში, ბევრი ადამიანი მოდის კასტინგებზე? ინსტრუმენტებზე თუ უკრავენ?
საკმაოდ დიდი. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, რომელიც არც ერთ კასტინგზე, არცერთ მეგა შოუში არ ყოფილა. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ინგლისურად სიმღერა არ შეუძლიათ და მხოლოდ ამის გამო იკავებდნენ თავს, მიეღოთ მონაწილეობა რომელიმე კონკურსში. რადგანაც გამოცხადდა, რომ მხოლოდ ქართული სიმღერა იქნება, ეს ადამიანები გამოცხადდნენ შესარჩევ ტურებზე. მინდა ვთქვა, რომ ახალი სახეები გამოჩნდნენ. ინსტრუმენტებით მოდიან. ფანდურზე, ჩონგურზე, გიტარასა და გარმონზე უკრავენ. ის ინსტრუმენტები, რომელთა თან წამაოღებაც შეიძლება, თან მოაქვთ. ჩვენ ვთხოვთ, რომ აკაპელაში შეასრულონ სიმღერა, რადგანაც ადგილზე არ გვაქვს არანაირი ინსტრუმენტი.
ასაკი თუ გაქვთ შეზღუდული?
18 წლიდან ზემოთ. 18 წელი უნდა შეუსრულდეთ 1 აპრილამდე და მხოლოდ შემდეგ დაიშვებიან კონკურსზე.
რამდენად მოგწონთ კონკურსანტები? დაგამახსოვრდათ რამდენიმე?
კი, საკმაოდ. რამდენიმე კონკურსანტი დამამახსოვრდა. მე, დარწმუნებული ვარ, რომ არ გაგვიჭირდება და საბოლოო ჯამში 10 საუკეთესო კონკურსანტს შევარჩევთ.
რას უწინასწარმეტყველებთ გადაცემას? რას ეტყოდით მაყურებელს, რატომ უნდა უყურონ პროექტს?
აქ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც პირველად ნახავენ. გარდა მაგისა, მოისმენენ ბევრ ისეთ სიმღერას, რომელიც მივიწყებულია, რომელთა ძალიან კარგ, ახლებურ ვერსიასაც მოისმენენ. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ქართული სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში. რადგანაც „რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ტონის მიმცემი ყველა მიმართულებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დიდი ყურადღება მიექცევა შემდეგ ქართულ სიმღერას. ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2“-ის წამოწყება ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის.
კომენტარი