სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რუსი პოლიციელები პოლიეთილენის პარკით მგუდავდნენ" - ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 21 წლის გოგონა

23 და 31 იანვარს რუსეთში ნავალნის მხარდამჭერი აქციები უკვე გაიმართა. პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობა ფსევდო სასამართლო სხდომის დღეს, 2 თებერვალსაც გააპროტესტეს. დაფიქსირდა აქციებზე დაკავებულების რეკორდული რიცხვი. „ოვდ-ინფოს“ ინფორმაციით, ჯამურად, 11 ათასამდე ადამიანი დაიჭირეს. ასობით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციელებმა მოქალაქეებზე ელექტროშოკების, ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით იძალადეს. ვიდეოც გავრცელდა, სადაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი მომიტინგეს ცეცხლსასროლ იარაღს უმიზნებდა.

2 თებერვლის აქციაზე დაკავებული ალიონა და ალექსანდრა კიტაევების ისტორიას მოგიყვებით. ალიონა 21 წლის არის, მისი და – ალექსანდრა კი – 19-ის. ორივე მოსკოვში დაიჭირეს, ერთ დღეს.

„მობილური ტელეფონის დაბრუნებაზე ძალიან დიდ ხანს მეუბნებოდნენ უარს… იძულებული გავხდი, პაროლი მეთქვა, ელექტროშოკით მემუქრებოდნენ. თავზე პოლიეთილენის პარკი დამაფარეს და შემდეგ ჩემი ცემა დაიწყეს, ამიტომაც პაროლი ვუთხარი. ვერ დავინახე კონკრეტულად რომელი სოციალური მედია შეამოწმეს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა”, – ამბობს ალიონა კიტაევა.

ალიონა გამოცემა Insider-თან ყვება, რომ მას პოლიციელის შეურაცხყოფის ცრუ ბრლადებითაც ემუქრებოდნენ. „ბიჭი, რომელიც ჩემთან ერთად დააკავეს, ოთახიდან გაიყვანეს, როდესაც ჩემი წამება დაიწყეს. კარი დაკეტეს. ყვირილი დავიწყე, ერთ-ერთი პოლიციელი დამცინოდა, „ო, მიშველეთ, მიშველეთ“ – იმეორებდა დაწვრილებული ხმით. შემდეგ შემომხედა და მითხრა – „შეხედე, გამკაწრე!“ და დამემუქრა, რომ მიჩივლებდა. თანაც დაამატა, რომ ოთახში კამერები არ იყო, მხოლოდ ის და ოთხი „უზარმაზარი“ მამაკაცი იყვნენ ჩემთან ერთად“, – ამბობს რუსული პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გოგონა.

ალიონას 19 წლის და, ალექსანდრა კი ყვება, რომ განყოფილებაში გადაჭედილი ავტობუსით გადაიყვანეს. პოლიციამ მას მობილური და პასპორტი წაართვა, ემუქრებოდნენ და თითის ანაბეჭდებიც ძალით აუღეს.

3 თებერვალს სასამართლომ ალიონას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ალექსანდრას კი – 10.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100