Summer job-ი სტუდენტთა დასასაქმებლად რეგისტრაციის მეორე ეტაპს გამოაცხადებს
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა Summer job-ი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება, სტუდენტებს კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში დაასაქმებს.
პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 20 მარტიდან დაიწყო და 20 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, იმის გამო, რომ დარეგისტრირება ხდებოდა დასწრების პრინციპით, გამოცხადების მეორე დღესვე დასრულდა, პირველ დღესვე 25 000 სტუდენტი დარეგისტრირდა. მრავალი სტუდენტის თქმით, რეგისტრაცია მიმდინარეობდა ტექნიკური ხარვეზის ფონზე და სტუდენტებისთვის დარეგისტრირება გართულებული იყო.
რატომ ვერ დარეგისტრირდნენ სტუდენტები, ამის გასარკვევად "ჯეონიუსმა” განათლების სამინისტროს მიმართა. როგორც პროგრამა Summer job –ის სპიკერი მარიამ საჯაია აცხადებს, ტექნიკური შეფერხება გამოწვეული იყო იმით, რომ საიტზე ერთდროულად ბევრი ადამიანი ცდილობდა დარეგისტრირებას.
“რეგისტრაცია სურდა 75 000 ადამიანს, საიტზე ორ დღეში შემოსვლა დაფიქსირდა 2 700 000-ჯერ, რაც პრაქტიკულად, ჰაკერული შეტევის ტოლფასია. საიტმა გაუძლო ამ რაოდენობის მომხმარებლის შესვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ საიტი ტექნიკურად გამართული იყო”.
საქართველოში სულ 110 000-მდე სტუდენტი სწავლობს. მათგან 75 000 შეეცდა დარეგიტრირებას, თუმცა, მხოლოდ 25 000 ჩაერთვება პროგრამაში.
როგორც მარიამ საჯაია ამბობს, დარეგისტრირებული სტუდენტების ნაწილმა განაცხადა რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. იმის გამო, რომ არ დარჩეს ვაკანტური ადგილები, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, სტუდენტებმა წინასწარ გააფორმონ სამუშაო ხელშეკრულება. ისინი, ვინც, 1-ელი აპრილიდან 15 მაისამდე არ გამოცხადდებიან დამსაქმებელთან, ავტომატურად გამოეთიშებიან პროგრამას. გამოთავისუფლებულ ადგილებზე ხელახლა გამოცხადდება რეგისტრაცია. სავარაუდოდ, ეს მაისის ბოლოს მოხდება.
რეგისტრაციის პროცესის ირგვლივ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტების თვითმმართველობებიდან წინასწარ მოხდა სიების გადაცემა. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს, ამის გარკვევას “ჯეონიუსი” ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან შეეცადა. ისინი აცხადებენ, რომ მათ არანაირი სიები არ გადაუციათ წინასწარ. როგორც პროგრამის სპიკერი მარიამ საჯაია აცხადებს, ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა ვინმეს წინასწარი დარეგისტრირება, რადგან ადგილების ზუსტი რაოდენობის დადგენა და ტექნიკური მომზადება მიმდინარეობდა ბოლო დღემდე.
“თუ ეს ბავშვები ვინმეს იმედად იყვნენ და ელექტრონულად არ გაიარეს რეგისტრაცია, ისინი დარჩებიან დაუსაქმებლები”.
სტუდენტთა საზაფხულო სამუშაოები 20 ივლისიდან დაიწყება. სტუდენტებს კუთვნილი ხელფასი 500 ლარი, საქართველოს ბანკი პლასტიკურ ბარათზე დაერიცხებათ. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
კომენტარი